როდესაც, ჩემი შემდეგი მასალისთვის რესპონდენტზე ფიქრი დავიწყე, საქართველოს Crystalbet ეროვნულ ლიგაში 26-ე ტური მიდიოდა. ყველა მატჩი ვნახე და კითხვაზე პასუხი ჩემგან დამოუკიდებლად, მაშინვე გამიჩნდა. მივხვდი, რომ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია, რადგან საფეხბურთო კლუბ გაგრას ძირითად შემადგენლობაში 1.92 სმ სიმაღლის, 18 წლის მეკარე, გიორგი ბედიაშვილი იდგა.
გამოვიდა ისე, რომ ამ დრომდე, ბედიაშვილი მედიის ყურადღების ქვეშ არ მოქცეულა, არადა, საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრების უცვლელი წევრი იყო და გასულ თვეს, 19-წლამდე ნაკრების ბოლო მატჩი, ლიეტუვას წინააღმდეგ, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო (1-1), იქამდე კი, საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგაში დებიუტიც მოასწრო.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და საფეხბურთო კლუბ გაგრას მეკარე 2005 წელს, კახეთში, საგარეჯოში დაიბადა და ფეხბურთის თამაშიც მშობლიურ საგარეჯოშივე დაიწყო. პირველი ნაბიჯები ადგილობრივ გარეჯში, 7 წლის ასაკში გადადგა. დღეს, საგარეჯოს გარეჯი, განვითარების გზას გადის, Crystalbet ეროვნული ლიგა 2-ში გათამაშების ლიდერია და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის, თუმცა წლების წინ, ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო. გარეჯი ჯერ კიდევ რეგიონულ ლიგაში თამაშობდა და სავარჯიშოდ, არც შესაბამისი პირობები გააჩნდა.
,,ჩემი პირველი გუნდი საგარეჯოს გარეჯი იყო, სადაც 7 წლის ასაკში მოვხვდი. მცირე ასაკიდან ბურთით გამუდმებით ვთამაშობდი, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ფეხბურთზე შესვლის დრო და აუცილებლობა იყო. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მაშინ, მწვრთნელები დათო მაისურაძე და რეზო ხებრელაშვილი იყვნენ. პირველი ვარჯიშიც დეტალურად მახსოვს, უბედნიერესი ვიყავი. დათო მაისურაძემ მითხრა, რომ კარში ჩავმდგარიყავი, რადგან ბავშვობიდან სიმაღლით გამოვირჩეოდი. პირველივე ვარჯიშზე კარში ჩავდექი... კარში ჩავდექი და მას შემდეგ ასეა.
მინდა, ჩემს პირველ მწვრთნელებს დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც მეტს მივაღწევ, ჩემდამი გაწეულ შრომას, აუცილებლად დავუფასებ.
მწვრთნელების გარდა, ერთი ადამიანი კიდევ იყო და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა: ჩემი მეგობარი, აჩი ბუზარიაშვილი, დასვენების დღეებში ინდივიდუალურად მავარჯიშებდა, მისით ძალიან მადლიერი ვარ".
კარიერის საწყის ეტაპზე, გიორგიმ თამაში თავდასხმაშიც სცადა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მეკარეობა მისთვის ბევრად კომფორტული პოზიცია იყო.
საგარეჯოს გარეჯის შემდეგ, კახეთში, გამორჩეული ფეხბურთელებით ადგილობრივი ნაკრები შეკრეს, რომელსაც გიორგი ნუსხელიძე ავარჯიშებდა:
,,შემდეგ, ლაგოდეხში აკადემია გაკეთდა. 2 წელი ამ აკადემიაში ვვარჯიშობდი, საიდანაც რუსთავში გადამიყვანეს. როგორც ფეხბურთელი, აქაც 2 წელი ვიზრდებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ ორივე აკადემიაში შესანიშნავი გარემო იყო და ამისთვის, თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიებს ასაკობრივი ზღვარი აქვს, რის შემდეგაც ფეხბურთელები სხვადასხვა გუნდებში ნაწილდებიან. გიორგის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მეკარე დინამო თბილისმა აიყვანა და 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა 19-წლამდე გუნდში მისი კარიერა ისე არ წავიდა, როგორც ელოდა - მწვრთნელები დიდად არ ენდნენ და 6 თვეში მხოლოდ 4 მატჩი ათამაშეს, რის გამოც, დადგა საკითხი, რომ დინამო თბილისი უნდა დაეტოვებინა იმისთვის, სტაბილური სათამაშო დრო, განვითარებისთვის რომ მიეღო.
,,დინამოს აკადემიაში ვცხოვრობდი და დღეში სამჯერ ვვარჯიშობდი: დილით გუნდთან ერთად, შემდეგ დარბაზში, დღის ბოლოს კი მე და ჩემი მეგობარი, ნიკა ცეცხლაძე ერთმანეთს ვავარჯიშებდით.
გაგრამ ყველაფერი მომცა. ძალიან დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი, მაგრამ მათი მხრიდან ნდობას ვხედავდი. პირველ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი, 19-წლამდე გუნდში კი ვთამაშობდი".
სიმბოლურია, რომ მისი დებიუტი დინამო თბილისის წინააღმდეგ, საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 21-ე ტურში შედგა, როდესაც გაგრას ძირითადი შემადგენლობის უკრაინელი მეკარე, ოლეკსანდრ ვორობეი გუნდს ტრავმის მიზეზით გამოაკლდა და ის შანსი, რომელსაც ელოდა, მიიღო.
,,ნაკრების შეკრებიდან ორი დღის დაბრუნებული ვიყავი, როდესაც მატჩისწინა შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ონიანმა მითხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ჩემს დაყენებას ფიქრობდა. თეორიაზე, ეს უკვე ზუსტად ვიცოდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.
მატჩამდე ნამდვილად ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მოედანზე გავედი, ნერვიულობა თავისით გაქრა. ვცდილობ, რომ თითოეული მატჩისგან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ყველაფერს ნერვიულობას ვერ გადავაყოლებდი, უბრალოდ, უნდა გავსულიყავი და კარგი მატჩი ჩამეტარებინა. ჩემი თავის მჯეროდა".
ვასილ მაისურაძის საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას ნოემბერში განაგრძობს. მატჩები კვიპროსის, მოლდოვასა და ესპანეთის წინააღმდეგ 15, 18 და 21 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება.
არის მოლოდინი, რომ მაისურაძის განაცხადში გიორგი ბედიაშვილი კვლავ მოხვდება.
,,რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცი, ვიქნები თუ არა ნოემბრის მატჩების განაცხადში, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თუმცა შემიძლია ის გითხრათ, რომ ჩვენს ნაკრებში ნამდვილად ძალიან მეგობრული გარემოა. ბოლოს, ლიეტუვას წინააღმდეგ, ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. მზადების პროცესი კარგად მიმდინარეობს. მიზანი ელიტ რაუნდში გასვლაა. ამ შეხვედრებში გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მოვუწოდებ ყველას, რომ სტადიონზე აუცილებლად მოვიდნენ.
მახსენდება რამდენად დაუვიწყარი გრძნობა იყო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რუსთავის აკადემიიდან ასაკობრივი ნაკრების შეკრებაზე პირველად დამიძახეს. ეს ჩემი ოცნება იყო და ამისთვის მართლაც ბევრს ვშრომობდი. ბავშვობაში, ამაზე მხოლოდ ოცნება შემეძლო, თუმცა დიდმა შრომამ ოცნებები რეალობად აქცია. 17-წლამდე ნაკრებში დებიუტი აზერბაიჯანის წინააღმდეგ მქონდა. ეს მატჩი მოვიგეთ (2-1)".
View this post on Instagram
ევროპის ჩემპიონატის მზადების პროცესთან კავშირში, 21-წლამდე ნაკრებების ევროპის ჩემპიონატზეც ვკითხე. მითხრა, რომ ყველა მატჩს დაესწრო და ნაკრების შედეგს დადებითად აფასებს:
,,ყველა მატჩს დავესწარი და ვფიქრობ, რომ 21-წლამდე ნაკრებმა საქართველო შესანიშნავად წარმოაჩინა. მათ ყველაფერი გააკეთეს და შედეგისთვის მაქსიმუმი გაიღეს. ნაკრების კარგ თამაშთან ერთად უნდა აღინიშნოს გულშემატკივარიც, ნაკრების წარმატება ყოველთვის მათი დამსახურებაცაა".
მასალაში გამოყენებულია საფეხბურთო კლუბ გაგრას ფოტოები