„მერაბი სატიტულო ბრძოლას იმსახურებს, მაგრამ...“ - კორმიე ომალის მომდევნო მეტოქეზე
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დანიელ კორმიე ალჯამეინ სტერლინგის განცხადებას გამოეხმაურა. „ალჯომ“ სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედ ჩემპიონს, შონ ომალის მოუწოდა, რემატჩი მისცეს ან მერაბ დვალიშვილს ეჩხუბოს და „დისიმ“ საკუთარი მოსაზრება სწორედ ამ საკითხთან მიმართებით დააფიქსირა.
„ალჯამეინ სტერლინგმა რემატჩი და კიდევ ერთი სატიტულო ბრძოლა აუცილებლად უნდა მიიღოს, მაგრამ ეს არ მოხდება, რადგან ომალი წარსულში არ იყურება. იმსახურებს მერაბი საჩემპიონო ჩხუბს? რა თქმა უნდა! იმსახურებს დვალიშვილი საჩემპიონო ჩხუბს მარლონ ვერაზე მეტად? რა თქმა უნდა! რამხელაა ალბათობა, რომ ვერამ ომალისთან მერაბზე ადრე იჩხუბოს? ძალიან, ძალიან მაღალი და შეგვიძლია, ეს დარწმუნებითაც ვთქვათ.
ომალიზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს და იჩხუბებს მაშინ, როცა მოისურვებს. ახლა ყველანი შუგას სამყაროში ვიმყოფებით და მისი წესებით უნდა ვიცხოვროთ. არ ვიცი, მერაბი რის გაკეთებას აპირებს. ალბათ, მან მოთმინება უნდა გამოიჩინოს და შესაძლოა, სატიტულო ბრძოლისთვის იმდენი ხანი მოუწიოს ლოდინი, რამდენიც ომალის მოუწია“.
შეგახსენებთ, რომ ომალის მიზანი ჩხუბის სანაცვლოდ მაქსიმალურად მაღალი ჰონორარის მიღებაა და თვლის, რომ „მანქანასთან“ ბრძოლა დიდ ფულს ვერ მოუტანს. „შუგას“ აზრით, მარლონ „ჩიტო“ ვერასთან დაპირისპირება საუკეთესო ვარიანტია და მათი ჩხუბი უდიდეს ინტერესს გამოიწვევს.