„მის გამო იკამათეს“ | აიაქსის თავკაცს მიქაუტაძეს ალმადა ერჩივნა
ნიდერლანდური გამოცემა, NRC-ი გიორგი მიქაუტაძის „აიაქსში“ შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა და კლუბის ყოფილ სპორტულ დირექტორზე, სვენ მისლინტატზე დაწერა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს. NRC-ი ამსტერდამელებთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მისლინტატსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და ნიდერლანდელ სპეციალისტს მიქაუტაძეს ტიაგო ალმადას ტრანსფერი ერჩივნა, რომელსაც „აიაქსს“ გიორგის პარალელურად უკავშირებდნენ.
„დირექტორსა და თავკაცს შორის სამუშაო ურთიერთობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გაუარესდა. აიაქსმა სეზონი მძიმედ დაიწყო და სტეინს მეკარე ნიკ ოლეის, მარცხენა მცველის, ნიკოლას ტალიაფიკოსა და შემტევის პოზიციაზე მოთამაშე ტიაგო ალმადას შეძენა უნდოდა, მისლინტატმა კი სხვა ვარიანტები აირჩია.
გიორგი მიქაუტაძის გამო, რომელშიც აიაქსმა 16 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადა და მეციდან გადაიყვანა, მათ შორის ცხარე კამათი გაიმართა, რადგან სტეინს ალმადა ერჩივნა. ამის შემდეგ, ის და მისლინტატი შეთანხმდნენ, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი მატჩებისთვის შემადგენლობის შერჩევაზე იზრუნებდა, მისლინტატი - ტრანსფერებსა და შემადგენლობის დაკომპლექტებაზე.
საბოლოოდ, ყველაფერი ცუდად დასრულდა. სტეინი პრესასთან საუბრისას მიგვანიშნებს, რომ მისლინტატის გადაწყვეტილებზე არანაირი გავლენა არ ჰქონია და სანახავია, ახალწვეულები გუნდს გამოადგებიან თუ არა, რადგან ის მათ არ იცნობს. კლუბის მენეჯმენტისა და მმართველი საბჭოს ის ნაწილი, რომელიც მისლინტატს მხარს კვლავინდებურად უჭერს, სტეინის დამოკიდებულების გამო გაღიზიანებულია. მათ მიაჩნიათ, რომ ნიდერლანდელ სპეციალისტს ტრანსფერებში თავისი სიტყვის თქმა შეეძლო და ახლა გუნდის აწყობა მისი ვალდებულებაა“, - წერს ნიდერლანდური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძეს „აიაქსში“ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 შეხვედრა ჩაატარა და მოედანზე 118 წუთი დაჰყო.