ლევან მაისაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი
Aa
Aa

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო“

საფრანგეთში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებმა მესამე შეხვედრა ბორდოში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, 17:12 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა, მიხეილ ნარიაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

ლევან მაისაშვილი:

„შედეგით ბუნებრივია უკმაყოფილო ვარ, თუმცა, ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით. დღეს მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა, თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ტრავმების გამო ნაადრევი შეცვლები მოგვიწია. მეორე ტაიმში შერკინება ორჯერ დავატრიალეთ და დავჯარიმდით, რამაც თამაშის სცენარზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

პირველი ტაიმი ტაქტიკურად უმაღლეს დონეზე გავმართეთ. მონახაზი იყო, რომ პირდაპირ გავსულიყავით და ბურთი აუტში გადაგვეტანა. ასეთ ქმედებებზე შედეგი მივიღეთ. ტრავმების გამო ის მორაგბეები, რომლებსაც უნდა გაეძლიერებინათ თამაში, პირველ ტაიმში შევიყვანეთ და ეს ძალაც გაქრა.

რაც მინდოდა დღეს ბიჭების მხრიდან, რომ 80 წუთი ხელები არ ჩამოეყარათ, ეს გააკეთეს!! თუმცა, სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მაქსიმუმი იყო.

დავალება რომელიც დავსახეთ, ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ მთავარი მიზეზი ტრავმების გამო იყო. ვფიქრობ კარგი რაგბი ვითამაშეთ, ეს იყო ბრძოლა 80 წუთის განმავლობაში და ბიჭებით ამაყი ვარ.

ყველანაირად ვეცდებით, რომ უელსთან გავიმარჯვოთ. წნეხი ბუნებრივია დიდი იყო. როდესაც პორტუგალიასთან სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, ეს ბუნებრივია წნეხს იწვევს. გუნდის კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი ტრავმირებულები იყვნენ და ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოვცვალეთ, რაც დამატებით სირთულეებთან ასოცირდებოდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდმა კარგი თამაში აჩვენა და ეს წნეხი არ ეტყობოდა.

თამაშის გარდამტეხი მომენტი იყო, როდესაც მეტოქეს კაცი გაუგდეს, ფლანგზე კარგი შეტევა წამოვიღეთ და ვერ გამოვიყენეთ. ჩემი გადასაწყვეტი, რომ ყოფილიყო, კარში დავარტყმევინებდი, თუმცა, გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.“

მიხეილ ნარიაშვილი:

„შედეგით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, იმიტომ რომ დავმარცხდით. მაგრამ ვამაყობ თითოეული თანაგუნდელით. ძალიან რთული კვირა გვქონდა და სწორი ხასიათი ვაჩვენეთ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მეორე ტაიმი გვქონდა, რადგან 79-ე წუთზე ლელოს დადების კარგი შანსი მოგვეცა. ფიჯის დონის გუნდთან ბოლო წუთზე მოგების შანსს, რომ მიიღებ, ეს სწორედ ამაზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე დასკვნით შეხვედრას 7 ოქტომბერს გამართავს. „ბორჯღალოსნების“ მეტოქე საფრანგეთის ქალაქ ნანტში, უელსის ნაკრები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარსია: “კვარა და ანგისა საუკეთესო დონეს დაუბრუნდნენ“
გარსია: “კვარა და ანგისა საუკეთესო დონეს დაუბრუნდნენ“