AreaNapoli: შესვენების დროს, ხვიჩა გასახდელში არ გავიდა
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. კვარამ 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, გამოცემა AreaNapoli-მ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, პირველი ტაიმის შესვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელია გასახდელში არ გავიდა. „ჯვაროსნების“ შემტევი განმარტოებით იდგა და ვარჯიშობდა. ეს ყველაფერი მაშინ გამოჩნდა, როცა ჯოვანი სიმეონე ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევდა.
ქართველი ფეხბურთელი შესვენების დროს ენერგიულად ვარჯიშობდა და ამას იმის გამო აკეთებდა, რომ მეორე ტაიმისთვის ტონუსში ყოფილიყო. არაჩვეულებრივი ჟესტი, რომელიც ხაზს უსვამს მის სპორტულ სურვილს და მის განუზომელ სიყვარულს იმ ფეხბურთის მიმართ, რომელიც მას ცნობილს ხდის მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს თვალში.
ცნობისთვის, რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად რასპადორი გამოიყვანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
ხვიჩას ყველა მომენტი ლეჩესთან