მწვრთნელს ჰაერში ვაგდებდით და გვითხრეს რა გიხარიათო - ზურიკო 2018 წლის ელიტ-რაუნდზე
ზურიკო დავითაშვილმა CrystalSport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი გაიხსენა, როცა საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან ძალიან ახლოს იყო, ზურიკო დავითაშვილმა მაკედონიას პოკერი შეუსრულა, ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ საქართველო საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა.
„ბორდოს'' ქართველ ლეგიონერს CrystalSport-ის ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძე ესაუბრა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და საფრანგეთიდან ექსკლუზიურ მასალებს აქვეყნებს. ირაკლიმ ზურიკო დავითაშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ნაწყვეტს, რომელიც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდს ეხება.
ზურიკო დავითაშვილი:„არავის სჯეროდა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიას დიდი ანგარიშით მოვუგებდით, ამის მხოლოდ ივა გელაშვილის მამას, გიგას სჯეროდა. გიგა მოდიოდა და გვეუბნებოდა, რომ მოვიგებდით. გამარჯვება აღვნიშნეთ, სკამები დავამტვრიეთ, უეფას დელეგატი შემოვიდა და გვითხრა რა ხდება, რა გიხარიათო, ვერ გახვედითო. მწვრთნელს ჰაერში ვაგდებდით და ამ დროს მაკედონიის ადმინისტრატორი მოვიდა, რა გიხარიათო, ვერ გახვედითო.
შემდეგ ავტობუსში ვისხედით, საფრანგეთი-ავსტრიას ვუყურებდით, თუ საფრანგეთი წააგებდა, საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვხვდებოდით და ევროპის ჩემპიონატზე გავდიოდით. 43-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, ავსტრიელმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა. მანდ მივხვდით, რომ შანსი აღარ იყო’’.
''საშინელი დღე იყო'' - ასე გაიხსენა სანდრო კალანდაძე 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნითი ტურის მატჩი, როცა გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მაკედონია 6:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა საუკეთესო მეორეადგილოსნებს შორის ვერ მოხვდა და ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა. მაკედონიასთან აღნიშნულ შეხვედრაში ზურიკო დავითაშვილმა პოკერი შეასრულა, მის გარდა გიორგი გულიაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანეს.
სანდრო კალანდაძის ინტერვიუს ნაწყვეტი CrystalSport-ის არქივიდან