ფიჯის წინააღდეგ ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავის მე-3 მატჩს 30 სექტემბერს ფიჯის წინააღმდეგ (19:45) გამართავს.
ცოტა ხნის წინ, „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ტრავმების გამო მიმდინარე მსოფლიო თასი დაასრულეს ბექა გორგაძემ და ლუკა ჯაფარიძემ. მათ ნაცვლად საფრანგეთში ოთარ გიორგაძეს და ირაკლი აფციაურს უხმეს. ფიჯისთან მცირე ტრავმის გამო ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
კვაჭის პოზიციაზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა თენგიზ ზამთარაძე. თითო ცვლილებაა მეორე და მესამე ხაზში. კოტე მიქაუტაძეს ამჯერად ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება. თორნიკე ჯალაღონია ტრავმირებული გორგაძის ადგილს დაიკავებს, ფლანკერად კი მსოფლიო თასზე თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს მიხეილ გაჩეჩილაძე. მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა ბექა საღინაძემ.
წინა მატჩის შემდეგ ოთხი ცვლილებაა ხაზში. შეიცვალა ღერძი და თამაშს ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტი იწყებს. ცენტრში შარიქაძის ადგილზე გიორგი კვესელაძე გადაინაცვლებს და მას დემე თაფლაძე შეუწყვილდება.
ფულბეკის პოზიციაზე ამჯერად მირიან მოდებაძე დადგება, დავით ნინიაშვილი ფრთაზე იქნება, ხოლო მეორე ფრთაზე კვლავ აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ.
ლუკა ჯაფარიძის ნაცვლად გამოძახებულ ირაკლი აფციაურს ეგრევე მოუწევს საქმეში ჩართვა. მას ბორჯღალოსნების კვართით დებიუტი ფიჯისთან ექნება. აქამდე ჩვენ მისი თამაში უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობაში გვიხილავს.
მსოფლიო თასზე დებიუტი ექნება მარქაფის კვაჭ ლუკა ნიორაძეს, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით სულ მეორე შეხვედრას ატარებს. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე შეცვლაზეა ნიკა აბულაძე. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს, ხოლო მესამეში ლუკა ივანიშვილს ვიხილავთ.
ხაზის მარქაფაშია და მსოფლიო თასზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს თორნიკე კახოიძე. ღერძის მარქაფაში არიან გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.
წყარო: rugby.ge