აიაქსი VS ფეიენოორდი ოთხშაბათს გაიმართება - ითამაშებს თუ არა მიქაუტაძე?
როგორც მოგეხსენებათ, ამსტერდამის „აიაქსისა“ და „ფეიენოორდის“ მატჩი გადაიდო. შეხვედრა სამჯერ შეწყდა. ამის მიზეზი გულშემატკივრების მხრიდან წამოსული აგრესია და ნასროლი საგნები გახდა.
ამსტერდამული კლუბი პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა და ქომაგების წყობიდან გამოსვლა ამან გამოიწვია.
ამ მომენტისთვის, „აიაქსს“ მატჩის ჩატარება არ სურს, რადგან გუნდში თვლიან, რომ სიტუაცია კვლავ არასტაბილურია და ტრიბუნებზე იგივე განმეორდება. რა თქმა უნდა, საპირისპირო აზრზეა „ფეიენოორდი“.
ნიდერლანდური მედიის ინფორმაციით, მატჩი ოთხშაბათს გაგრძელდება. გუნდები თამაშს 55-ე წუთიდან დაიწყებენ.
ეს მოთხოვნა ნიდერლანდური ფეხბურთის ასოციაციამ წამოაყენა და როგორც უკვე მოგახსენეთ, „აიაქსი“ წინააღმდეგია და ყველა ძალას ხმარობს, რომ მატჩი კიდევ უფრო შორს გადაიდოს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაში გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამსტერდამელებს თამაშის შემოტრიალება სჭირდებათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი მინდორზე გამოვა.