ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი, ანდრეას შიკერი
Aa
Aa

შიკერი: კიტეიშვილის გაშვება არ გვსურს, კლუბისთვის ბევრი გააკეთა

გრაცის „შტურმის’’ მმართველმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა Sky Sport-ის გადაცემა Talk und Tore-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოთარ კიტეიშვილის გუნდიდან გაშვებას არ აპირებენ. შიკერი იმედოვნებს, რომ ოთარ კიტეიშვილი, კაპიტანი შტეფან ჰირლენდერი და ცენტრალური მცველი დავიდ აფენგრუბერი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. ამ მოთამაშეებს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ეწურებათ და თავისუფალი აგენტები ხდებიან.

ანდრეას შიკერის თქმით, კლუბი ფეხბურთელებთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე იმუშავებს. კონკრეტულად კიტეიშვილზე საუბრისას შიკერმა შემდეგი რამ თქვა:

„წლებია ოთარი ჩვენი გუნდის ფეხბურთელია, საქმეს ნამდვილად კარგად ასრულებს. მან კლუბისთვის ბევრი გააკეთა’’.

CrystalSport-ის ცნობით, გასულ ზაფხულში „ჰოფენჰაიმი’’ ოთარ კიტეიშვილის დამატების საკითხს განიხილავდა. კიტეიშვილის ტრანსფერზე მუშაობა მიმდინარეობდა, თუმცა მოლაპარაკებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო და ტრანსფერი არ შედგა. 

2018 წლის ზაფხულიდან ოთარ კიტეიშვილი „შტურმის'' ფეხბურთელია, საერთო ჯამში ავსტრიულ კლუბში 157 მატჩი ჩაატარა, 32 გოლი შეაგდო და 28 საგოლე პასი შეასრულა. 27 წლის ნახევარმცველს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები