გიორგი პაპუნაშვილი
Aa
Aa

თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ პაპუნაშვილმა გოლი გაიტანა

აზერბაიჯანის ჩემპიონატის მე-7 ტურში „საბაჰი'' - „ქიაფაზის'' მატჩი 2:2 დასრულდა. მატჩის საბოლოო ანგარიში „ქიაფაზის'' ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა დააფიქსირა, მის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა გოლით დასრულდა.

28 წლის გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო, 2020 წლის 11 იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. აღნიშნულ დღეს პაპუნაშვილმა „სარაგოსას'' მაისურით „ხიმნასტიკს'' შეუგდო. მას შემდეგ უგოლო სერია ჰქონდა, ეს პერიოდი 3 წელსა და 8 თვეს მოიცავდა. მისი უპირველესი მოვალეობა გოლის გატანა არაა, თუმცა შემტევისთვის 3,8-წლიანი პაუზა კარიერულ დაღმასვლას უსვამს ხაზს.

2017 წელს თბილისის „დინამოდან'' „სარაგოსაში'' გადავიდა, სადებიუტო სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა, ლა ლიგა 2-ის 28 შეხვედრაში 7 გოლი შეაგდო, გუნდი ელიტაში აღზევებასთან ახლოს იყო, თუმცა ფლეი-ოფში დამარცხდა. ამ სეზონის შემდეგ მის მიმართ კიდევ უფრო დიდი მოლოდინი გაჩნდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო კარიერაში დიდი რეგრესი დაეწყო და შემდგომში პროგრესის გზაზე ვერ დაბრუნდა.

„სარაგოსადან'' წამოსვლის შემდეგ პაპუნაშვილმა სანტანდერის „რასინგში'' (2020), „აპოლონში'' (2021), ქუთაისის „ტორპედოში'' (2022), სერბულ „რადნიჩკიში'' (2022), „სამტრედიასა'' (2023) და „თელავში'' (2023) ითამაშა, თუმცა აღნიშნული კლუბების მაისურით გოლი არ გაუტანია. ასევე უნდა ითქვას, რომ მისი თამაშების რაოდენობაც მცირეა, 2020 წლის 11 იანვრის შემდეგ („ხიმნასტიკთან'' გოლის შემდეგ) მხოლოდ 54 მატჩი ჩაატარა და სასტარტოში 28 შეხვედრაში მოხვდა.

2014-20 წლებში გიორგი პაპუნაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი შეაგდო (ლიეტუვასთან, გიბრალტართან და ხორვატიასთან).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები