„საჯაროდ სწორედ ამიტომ არ მივულოცეთ“ - ხელაიფიმ მესის უპასუხა
პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ ხელაიფი ლიონელ მესის კრიტიკას გამოეხმაურა.
არგენტინელმა რამდენიმე დღის წინ, ინტერვიუში განაცხადა, რომ პარიზულ კლუბს მისთვის მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცია და იგი ნაკრების ფეხბურთელთაგან ერთადერთია, ვისაც თავისი კლუბი ასე მოექცა.
„არგენტინის ნაკრებიდან მე ერთადერთი ფეხბურთელი ვიყავი, რომელსაც თავისმა კლუბმა (პსჟ) მსოფლიო ჩემპიონობა არ მიულოცა და არ აღუნიშნა. ნაკრების დანარჩენმა 25-მა მოთამაშემ საკუთარი კლუბებისგან შესაბამისი ჯილდოები მიიღეს“.
ხელაიფიმ დღეს მესის განცხადებას ასე უპასუხა:
„როგორც ყველამ დაინახა - ჩვენ ვიდეოც კი გამოვაქვეყნეთ - მესის მივულოცეთ ვარჯიშზე და პირადადაც. მაგრამ მთელი პატივისცემით, ჩვენ ფრანგული კლუბი ვართ.
რა თქმა უნდა, დიდებული იქნებოდა და აზრი ექნებოდა სტადიონზე აღნიშვნას. მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ ქვეყანას, რომელიც მან ფინალში დაამარცხა - მის თანაგუნდელებს საფრანგეთის ნაკრებიდან და ჩვენს გულშემატკივრებსაც. ნებისმიერ შემთხვევაში მესი იყო და რჩება წარმოუდგენელ მოთამაშედ - ჩვენ ვამაყობდით, რომ ის აქ გვყავდა“.
ალ ხელაიფიმ ასევე დღეს განაცხადა, რომ მბაპე მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა და ოქროს ბურთს კილიანი იმსახურებს.