საქართველოს რაგბის ნაკრები
Aa
Aa

დრამატული ფრე - საქართველო პორტუგალიასთან მარცხს გადაურჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი გამართა და პორტუგალიასთან ფრედ 18:18 ითამაშა.

შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა“ აქტიურად დაიწყეს და უპირატესობა პირველივე წამებიდანვე მოიპოვეს. მე-2 წუთზე ნინიაშვილმა შეტევაში ჭკვიანურად და დროულად იმოქმედა, რასაც აკაკი ტაბუცაძის ლელო მოჰყვა. გარდასახვა თედო აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და 7:0 დავწინაურდით.

ჩვენი მორაგბეების უპირატესობა გაგრძელდა. მე-17 და 33-ე წუთებზე აბჟანდაძის ორი ზუსტად შესრულებული ჯარიმით ანგარიში 13:0 გახდა.

პორტუგალიის ნაკრები ტაიმში გააზრებულად ჩვენს ნახევარზე პირველად გადმოვიდა და იმწამსვე ლელო დადო. დაცვაში „ბორჯღალოსნების აშკარა შეცდომით რაფაელ სტორტმა ისარგებლა ხაზი გაჭრა და ლელო დადო, რომელიც პორტუგალიამ ზუსტად ვერ გარდასახა და ანგარიში 13:5 გახდა.

38-ე წუთზე არასწორი ბოჭვისთვის ფერნანდეშმა ყვითელი ბარათი მიიღო და საქართველოს ნაკრები რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა, თუმცა შესვენებამდე ამით ვერ ისარგებლეს და ანგარიშში სხვაობა ვერ გაზარდეს.

მეორე ტაიმი 49-ე წუთზე მარკეშის ზუსტი საჯარიმო დარტყმით დაიწყო. პორტუგალიამ ანგარიში 8:13 გახადა და უპირატესობას დაეუფლნენ. მეტოქემ თამაში აშკარად გამოასწორა.

53-ე წუთზე მარკეშმა მორიგი ჯარიმა გაიტანა და 11:13 გახდა.

58-ე წუთზე რაფაელ სტორტმა პორტუგალიელების უპირატესობა, რომელიც მეორე ტაიმის სტარტზე თვალშისაცემი იყო, ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა და მეორე ლელო დაგვიდო. გარდასახვაც ზუსტი იყო - ანგარიში 18:13 გახდა.

72-ე წუთამდე საქართველოს ნაკრები უბურთოდ თამაშობდა. საკმაოდ კარგი და დამაჯერებელი პირველი ტაიმის შემდეგ, რთული გასაგები იყო, თუ როგორ მოახერხეს „ბორჯღალოსნებმა“ სადავეების ხელიდან გაშვება, თან ასე...

დროის გაწითლებამდე 3 წუთით ადრე, აუტის შემდეგ მეტოქის 5-მეტრიან ზონაში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა აშკარა იყო, რაც საბოლოოდ თენგიზ ზამთარაძის ლელოთი დასრულდა, რომელიც ვიდეო რეფერიმ გადაამოწმა და ჩათვალა. ლუკა მატკავამ გარდასახვა სამწუხაროდ ააცილა, რასაც შეეძლო თამაში მოეგო.

ზუსტად ბოლო წუთზე, დროის გაწითლების მომენტში გაუაზრებელი ქმედების შედეგად დავჯარიმდით და პორტუგალიამ ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, რომლის კარში დარტყმაც გადაწყვიტეს, თუმცა დარტყმა არაზუსტი გამოდგა და მსოფლიო ჩემპიონატზე მათ ისტორიაში სანატრელი პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვეს.

ლევან მაისაშვილის გუნდმა ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა და აშკარად მოსაგები შეხვედრა კინაღამ წააგო. ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრა 30 სექტემბერს (19:45) ფიჯისთან გველის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Gazzetta: ახლა კვარაში ეჭვის შეტანა საზიანოა, გარსია შეცდომას უშვებს
Gazzetta: ახლა კვარაში ეჭვის შეტანა საზიანოა, გარსია შეცდომას უშვებს