რეიტინგის მეოთხე ნომრის წინააღმდეგ | დოლიძის ახალი მეტოქე ცნობილია
UFC-ის ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე ოქტაგონზე დეკემბრის დასაწყისში დაბრუნდება. „კავკასიელს“ დერეკ ბრანსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ მასთან ბრძოლა ჩაიშალა და რომანს ახალი, გაცილებით მაღალი დონის მეტოქე ჰყავს.
ESPN-ის ჟურნალისტის, მარკ რეიმონდის ინფორმაციით, დოლიძე საშუალო წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-4 ადგილზე მყოფი ჯარედ კანონიერის წინააღმდეგ იჩხუბებს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და ბრძოლა 2 დეკემბერსაა ჩანიშნული. ჯერჯერობით უცნობია მათი ჩხუბი რომელ ქალაქში გაიმართება, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ღონისძიების მთავარი მოვლენა არ იქნება.
Sources: Jared Cannonier, Roman Dolidze agree to meet at UFC Fight Night on Dec. 2 https://t.co/0PPdDp21UM
— Marc Raimondi (@marcraimondi) September 22, 2023
კანონიერს კარიერაში 23 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 17 მოგება და 6 მარცხია. 2022 წლის ივლისში, იგი ისრაელ ადესანიას დაუპირისპირდა და საჩემპიონო ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო. მას შემდეგ, შონ სტრიკლენდი და მარვინ ვეტორი დაამარცხა. სტრიკლენდი ახალი ჩემპიონია, ვეტორი კი ბოლო მეტოქე, რომელმაც რომანს მოუგო. ასე რომ, „კავკასიელს“ ურთულესი დაპირისპირება ელოდება.
ცნობისთვის, განახლებულ ტოპ 15-ში, დოლიძე მე-7 პოზიციაზეა და გამარჯვების შემთხვევაში, ქამრისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს გადადგამს. „კავკასიელმა“ სოციალურ ქსელებში თავადაც დაადასტურა, რომ ბრანსონის შემცვლელი იპოვა და ბრძოლა ჩაენიშნა.
Fight news, nice. I’ll just go chop the trees!???? pic.twitter.com/M0eGDoDpJV
— Roman Dolidze (@romandolidzeufc) September 23, 2023