ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დანიელე ადანი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

კვარას არადეკვატური ხელფასი და ტოქსიკური გარემო - კასანოს და ადანის მოსაზრებები

მილანის „ინტერისა“ (2002-04, 45 მატჩში 5 გოლი) და იტალიის ეროვნული ნაკრების (2000-04, 5 მატჩი) ყოფილი ფეხბურთელი დანიელე ადანი Bobo TV-ში სტუმრობისას „ნაპოლიში’’ არსებულ ვითარებას შეეხო. მისი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიას არაადეკვატური ხელფასი აქვს და გაცილებით მეტს იმსახურებს.

დანიელე ადანი: „ოსიმენს კლუბთან კონტრაქტი ორ წელში ეწურება, მოტივაციით თამაშობს, ყოველთვის რისკავს მის ფეხებს, მის ტრავმირებულ თავს, მაგრამ თუ საუდის არაბეთიდან ინტერესი იქნება და იტყვიან, რომ ოსიმენი 200 მილიონი ღირს, ლაურენტისი ოსიმენში 500 მილიონს მოითხოვს. შემდეგ ოსიმენის წარმომადგენელი გეტყვის: თუ ოსიმენში 500 მილიონს ითხოვთ, ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 20 მილიონი მიეცით.

ამასობაში „ნაპოლიში“ ურთიერთობები ტოქსიკური ხდება. კიდევ ერთი ფაქტი: კვარაცხელია ოქროს ბურთის 30 ნომინანტში მოხვდა, მაგრამ მას ადეკვატური ხელფასი არ აქვს. შეხედით მის ჟესტს „ჯენოასთან’’ მატჩში, როცა შეცვალეს’’.

კვარაცხელიას შესახებ ანტონიო კასანომაც ისაუბრა: „დაცვაში ცუდად თამაშის მიუხედავად „ნაპოლის“ ორი მთავარი პრობლემა შემდეგშია: ლობოტკა, რომელიც თამაშში სათანადოდ ვერ ერთვება, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო, თუმცა გარსიამ პრობლემა შეუქმნა. 

მეორე პრობლემა კვარაცხელიაა, ვნახეთ მისი ჟესტი „ჯენოასთან“, ამას სპალეტისთან ვერასდროს გააკეთებდა. „ნაპოლიში“ ანარქიული გარემოა, ყველაზე სკანდალური ლაურენტისის კომენტარი იყო, მან კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაფორმებაზე მოლაპარაკებას სისულელე უწოდა. კვარაცხელიას ადგილას რომ ვიყო, გასახდელს თავდაყირა დავაყენებდი, როგორც ეს „რეალში'' გავაკეთე. მან ეს არ გააკეთა, იმიტომ, რომ კარგი ბიჭია".

შეგახსენებთ, 7 სექტემბერს CalcioNapoli24-მა გამოაქვეყნა მამუკა ჯუღელის ინტერვიუ, კვარაცხელიას მენეჯერი ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით კმაყოფილია და ხვიჩა გუნდიდან წასვლაზე არ ფიქრობს, თუმცა რეალობა განსხვავებულია, სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი „ნაპოლიში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადია (წლიური ხელფასი დაახლოებით მილიონი ევროა), რაც ცხადია „ნაპოლის“ მხრიდან კვარაცხელიასადმი უპატივცემულობას გამოხატავს. ასეთი შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთელი კლუბში თავს კომფორტულად ვერ იგრძნობს.

ასევე ჩნდება ადეკვატური კითხვები მამუკა ჯუღელის გულწრფელობასთან დაკავშირებით. გასული სეზონიდან მოყოლებული ავტორიტეტული იტალიური გამოცემები წერდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენელი „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობდა, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა როგორც ჩანს შემდეგ ვითარება შეიცვალა და მამუკა ჯუღელმა „ნაპოლისთან“ მოლაპარაკება უარყო. ჯუღელის მსგავსად მოლაპარაკება ლაურენტისმაც უარყო, რაც ცხადია სიმართლეს არ შეესაბამება. მხარეები ცრუობენ, მოლაპარაკება ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ნამდვილად მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ რა შეიცვალა უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები