ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი
Aa
Aa

„იტალიაში არავის მოვერიდები... პირველი კვარამ დამირეკა“ - საზონოვის ინტერვიუ

ტურინის „ტორნომ“ საბა საზონოვი ოფიციალურად წარადგინა და პირველი ვრცელი პრესკონფერენციაც გაიმართა, სადაც ქართველმა მცველმა იტალიური მედიის კითხვებს უპასუხა.

პირველი დღეები და შეხედულება კლუბზე/ქალაქზე

„პირველი დღეები ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ვცდილობდი გამეგო, თუ რას ითხოვდა მწვრთნელი ჩემგან და გუნდელებთან საუბრით. ტორინო განსხვავებული სტილითა და ტაქტიკით თამაშობს, ვიდრე ჩემი წინა გუნდი. მე ძლიერი მოთამაშე ვარ, რომელსაც ორთაბრძოლებში შესვლა უყვარს და ამას არც იტალიაში მოვერიდები. დროა ვითამაშო და ჩემი დებიუტი შედგეს, რათა რეგულარულად თამაში შევძლო“.

კონკურენცია დაცვის ცენტრში

„კონკურენცია გაძლიერებს და მის გარეშე ვერ მოუმატებ. ტორინოს ძალიან ძლიერი და ჭკვიანი მცველები ჰყავს და პირველ რიგში მე გუნდის ტაქტიკა უნდა გავიგო. მწვრთნელი ძალიან მეხმარება. კონკურენცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ მეგობრები ვართ“.

კვარაცხელიას შესახებ

„ხვიჩას დიდი ხანია ვიცნობ. ჯერ კიდევ რუსეთის ჩემპიონატიდან მოყოლებული. ის იყო პირველი, ვინც აქ გადმოსვლის შემდეგ მომწერა და იტალიაზე ძალიან კარგად მელაპარაკა. ჩვენ შევთანხმდით, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გვექნება და სასტიკი მოწინააღმდეგები ვიქნებით. ტორინო ნაპოლის მატჩამდე ერთი სული მაქვს“.

3 მცველიან სქემაში თამაში - სად ურჩევნია საბას?

„მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და 3 მცველიან სქემაში შემიძლია ვითამაშო ცენტრში, ასევე მარჯვნივაც. მე მწვრთნელის განკარგულებაში ვარ და ასეთი კითხვები უმჯობესია მას დაუსვათ“.

- ხშირად გაქვთ კონტაქტი რუსეთში თქვენს მშობლებთან?

„ისინი საქართველოში ცხოვრობენ“.

სათამაშო კონდიციები

„სათამაშოდ რა თქმა უნდა, მზად ვარ“.

მიზანი მიმდინარე სეზონში

„მინდა ჩემი დებიუტი შედგეს და ვითამაშო, როცა ამის შანსი მექნება. სასტარტოსთვის ვიბრძოლებ. სერია A-ში თამაში ჩემი ოცნება იყო. იურიჩთან მუშაობის შედეგად მცველები ბევრად უმჯობესდებიან“.

არჩევანი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ

„დედაჩემი ქართველია, მამაჩემი რუსი და ეს რთული არჩევანი იყო, მაგრამ საბოლოოდ საქართველო ავირჩიე და ბედნიერი ვარ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე.

იტალიაში ჩამოსვლა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. ეს არის ჩემი ცხოვრების ახალი თავი და მე იტალიური ფეხბურთი მომწონს. ენას უკვე ვსწავლობ“.

არჩევანი ტორინოს სასარგებლოდ

„როგორც კლუბის დირექტორმა აღნიშნა, ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვესაუბრებოდით. მე სიტუაცია შევაფასე და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. ტორინო ისტორიული კლუბია დიდი ფეხბურთელებითა და კარგი მწვრთნელით. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ“.

ტორინოს ფორვარდების დონე

„იმასთან შედარებით, სადაც ადრე ვთამაშობდი, აქ დონე უფრო მაღალია. ფორვარდები ძალიან ძლიერები არიან და ყველა თვალსაზრისით კარგები არიან. გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნო, ბედნიერი ვარ, რომ ტორინოში ზაპატა, სანაბრია და პელეგრი თამაშობენ“.

რას ფიქრობს მწვრთნელი მასზე

„ეს კითხვა იურიჩს უნდა დაუსვათ. მე განსხვავებულ ფეხბურთს ვთამაშობ. ყოველი ვარჯიშის შემდეგ მეტს ვიგებ და ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ უკვე რაღაცები გავაუმჯობესე, მაგრამ ეს იურიჩს უნდა ჰკითხოთ და არა მე“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ტურინულ გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, „ტორინომ“ კი მოსკოვის დინამოს ბონუსების ჩათვლით 3 მილიონი ევრო გადაუხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - სპორტინგის მწვრთნელმა კიტეიშვილი გამოარჩია
„ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა“ - სპორტინგის მწვრთნელმა კიტეიშვილი გამოარჩია