დილა, ბათუმის დინამო, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

„კაცად დარჩეს და ასე აღარ მოიქცეს“ - გორში დემჩენკოს დოლარები ესროლეს

გუშინ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 21-ე ტურის გადადებული მატჩი გაიმართა, რომელშიც გორის „დილამ“ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მოედანზე ინციდენტი მოხდა. „დილას“ ფანებმა გუნდის ყოფილსა და ამჟამად ბათუმური კლუბის მთავარ მწვრთნელს, ანდრეი დემჩენკოს დოლარები ესროლეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ამ ფაქტს უკრაინელი სპეციალისტი გამოეხმაურა და გორული კლუბის ტექნიკურ დირექტორს, გიორგი ჯოხაძეს მიმართა.

რა თქვა დემჩენკომ:

მინდა დიდი მოკითხვა შევუთვალო ერთ პატარა ადამიანს გორის „დილადან“, გიორგი ჯოხაძეს. მინდა მოვიკითხო იმის გამო, რომ გორის გულშემატკივრები შეცდომაში არ შეიყვანოს. ეს სიყალბე, ინტერვიუები და დოლარების გადმოყრა ჩემი მისამართით... ამით ის მხოლოდ საკუთარ თავს ამცირებს. მინდა მას მოკითხვა გადავცე და ვურჩიო, დარჩეს კაცად და არ დაეცეს ამ საქციელამდე. ბოლო სამ წელიწადში გორის „დილა“ ტოპ-კლუბად ვაქციე და საქართველოში ყველა გუნდს ეშინია, ამიტომ მას მეგობრულად ვურჩევ, რომ კაცად დარჩეს.

ამ პერიოდში გორს ორ მილიონ ევროზე მეტი ვაშოვნინე. მე არ დამიტოვებია გუნდი, მე გამოვიყენე ის პუნქტი, რომელიც მათ თვითონ ჩამიდეს ხელშეკრულებაში, რომ ევროტურნირების შემდეგ თუ მექნებოდა შემოთავაზება უკეთესი გუნდიდან, გორს დავტოვებდი. ბათუმი სწორედ ის გუნდია, რომლებმაც კონტრაქტში მიზნად მხოლოდ პირველი ადგილი ჩამიწერეს. ეს ჩემთვის გამოწვევაა, მე გავიზარდე და მხოლოდ ჩემპიონობა მსურს. კიდევ ერთხელ მოვიკითხავ ჯოხაძეს, რომელიც საზოგადოებას ატყუებს და ამბობს, რომ 10 ათას დოლარს მთავაზობს, არადა სინამდვილეში 8 ათას დოლარზე იყო საუბარი. ნუ ატყუებენ გულშემატკივრებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ აქედან ფულის გამო წავედი. ამ საქციელით ჰგონიათ, რომ დამამცირებენ, სინამდვილეში კი საკუთარ თავებს ამცირებენ. კაცებად დარჩით და პატივი ეცით, რაც თქვენთვის გააკეთეს.

შეგახსენებთ, რომ ანდრეი დემჩენკო გორის „დილას“ 2021 წლიდან 2023 წლის აგვისტომდე წვრთნიდა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კი სამუშაოდ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, რამაც გორელების უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია.

25 ტურის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 55 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს“ 7 ქულით უსწრებს, გორის „დილა“ კი 41 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორი დიდი პრობლემა: კვარა და ლობოტკა“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა
„ორი დიდი პრობლემა: კვარა და ლობოტკა“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა