პროვედელამდე | 4 მეკარე, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანეს
იტალიური ფეხბურთის მოყვარულები ივან პროვედელს კარგად ვიცნობთ. მას გასულ სეზონში კარიერის წელი ჰქონდა და სერია A-ში ყველაზე მეტი - 21 „Clean Sheet“ მიითვალა.
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ხმაურიანად გაიხსნა: „ლაციოს“ 29 წლის მეკარემ მადრიდის „ატლეტიკოს“ ბოლო წამებზე თავით გაუტანა და დღეს მსოფლიოს საფეხბურთო სამყარო მასზე და მის გმირობაზე ლაპარაკობს.
პროვედელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში (1992-93 წლების სეზონიდან) მე-4 მეკარეა, რომელმაც გოლი შეაგდო. იგი მეორე გოლკიპერია, რომელმაც უშუალოდ თამაშიდან გაიტანა.
საინტერესოა, გავიგოთ, ვინ არის დანარჩენი სამი და მათ გოლებსაც გადაგახედებთ. დავიწყოთ იმ კაცით, ვისაც ყველაზე მეტი, 3 გოლი აქვს.
ბევრს მისი სახელი უკვე გონებაში აქვს: ჰანს-იორგ ბუტი. „ლევერკუზენისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი მეკარე, რომელიც საკმაოდ კარგი გოლკიპერი იყო, მაგრამ უფრო იმით იყო გამორჩეული, რომ პენალტებს ურტყამდა და იშვიათად ცდებოდა - 45-დან 37 რეალიზებული.
ბუტმა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგაზე 4 თერთმეტმეტრიანი შეასრულა და 3 გაიტანა. საინტერესოა, რომ სამივე „იუვენტუსის“ კარში, თანაც 9-წლიანი ინტერვალით - 2000; 2003 და 2009 წლებში. პირველი ვან დერ სარს გაუტანა, შემდეგი ორი - ბუფონს.
ბუტივით ხშირად არა, მაგრამ პენალტებს ასრულებდა ცნობილი ნიგერიელი მეკარე ვენსან ენიამაც. 2009-10 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე, თელ-ავივის „ჰაპოელი“ ფრანგულ „ლიონს“ ხვდებოდა და 0:2-ს აგებდა. თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ბურთთან ენიამა მივიდა - უგო ლორისს აუღელვებლად გაუტანა, მაგრამ მისმა გუნდმა მაინც წააგო - 1:3.
2009-10 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული გამოდგა, რადგან ტურნირზე გოლი ორმა მეკარემ გაიტანა. ენიამას პენალტზე უკვე გითხარით, ჯგუფურის ბოლო, მე-6 ტურში კი ლიეჟის „სტანდარდის“ თურქმა მეკარემ, სინან ბოლატმა შეაგდო.
თანაც, ბოლატის ეს გოლი ჩვეულებრივ გადარჩენილ ქულაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო: საკუთარი გუნდი უშუალო კონკრენტ „ალკმაართან“ მარცხდებოდა და ევროსეზონს ასრულებდა, სინანის გოლით კი მე-3 ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლა.
სინან ბოლატი და ივან პროვედელი არიან გამორჩეულები მეკარეები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი უშუალოდ თამაშიდან გაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ პროვედელისთვის ეს კარიერის პირველი გოლი არაა - 2020 წელს, სერია B-ს მატჩისას „ასკოლის“ გაუტანა.
ასევე, Sky Sport Italia-ს მიხედვით, ივან პროვედელი თინეიჯერობისას, როცა „პორდენონეს“ ახალგაზრდულ აკადემიაში თამაშობდა, ფორვარდი იყო და 2008-09 წლების სეზონში 27 გოლი შეაგდო. მეკარის პოზიციაზე შემდეგი სეზონიდან, ანუ 2009 წლიდან გადაინაცვლა.
"CBS Sports"-მა პროვედელზე საინტერესო ციფრების თამაში შემოგვთავაზა: 1994 წელს არის დაბადებული, სიმაღლე 1.94 მეტრია და გოლი 94:19-ზე გაუტანა. 94 იღბლიანი რიცხვია და სათამაშო ნომერსაც შენიშნავდით ხომ?! ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო 94-ე ნომერი, ივან პროვედელია!