„ორი დიდი პრობლემა: კვარა და ლობოტკა“ - კასანომ გარსია გააკრიტიკა
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ Bobo TV-ის ეთერში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და როგორც რუდი გარსია, ისე აურელიო დე ლაურენტისი მკაცრად გააკრიტიკა.
რა თქვა კასანომ:
თავდაპირველად ვიტყვი, რომ „ჯენოამ“ ბრწყინვალე და მშვენიერი მატჩი ჩაატარა და მოგებაც დაიმსახურა, „ნაპოლიმ“ კი ორივე გოლი ინდივიდუალური თამაშით გაიტანა. მეცინება, რადგან სანაკრებო პაუზამდე რაც ვთქვი, ის ხდება. მე ჯადოქარი და წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ აშკარაა, რომ „ნაპოლის“ ახლა არც თავი აქვს და არც კუდი. ისინი იბრძვიან, თუმცა, კარგად არ თამაშობენ, არ აქვთ იდეები. უპირველეს ყოვლისა, დაბნეულობა გარსიაში იგრძნობა და რასაც ის აკეთებს, ფეხბურთელებიც იმავეს იმეორებენ. ყველაფერი, ყოველთვის ხელზეა დამოკიდებული, სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ გუნდიდან სპალეტის მსგავსი გენიოსი წავიდა.
ისინი გარსიას გიჟებივით იცავენ, მაგრამ მის ხელში გუნდს ორი ყველაზე დიდი პრობლემა აქვს. პირველი არის ლობოტკა, რომელიც თამაშში სრულიად უცხოა. ის ევროპაში უძლიერესი ნახევარმცველი იყო, ახლა კი გარსიამ მის სტატუსს პრობლემა შეუქმნა. მეორე კი კვარაცხელია, რომელსაც შეცვლის შემდეგ ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომელსაც სპალეტისთან არასდროს გააკეთებდა. „ნაპოლი“ ანარქიული გახდა და უაზროდ თამაშობს.
გარსიას მოშორება? ვფიქრობ, ის მთავარი პრობლემა არაა. „ცხელი წყალი“ ბოლომდე არ შეგვისწავლია... როცა გუნდში გყავს ისეთი გენიოსი, როგორიც სპალეტია და ნებას მისცემ, რომ წავიდეს, თანაც ამისთვის ყველაფერს გააკეთებ და მის აშენებულს დაანგრევ, ბუნებრივია, რომ ასეთი შედეგი დადგება. დე ლაურენტისს მხოლოდ ერთ რამეს ვეტყვი - ვინ არის ამ ავადმყოფობის მიზეზი?
შეგახსენებთ, რომ 4 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ სერია A-ში 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე იმყოფება. რუდი გარსიას გუნდი მომდევნო შეხვედრას დღეს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. „ნაპოლის“ მეტოქე „ბრაგა“ იქნება, მატჩი კი საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.