ნაპოლი, ბრაგა
Aa Aa

ბრაგა VS ნაპოლი - მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში „ნაპოლი“ „ბრაგას“ ესტუმრება. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„ნაპოლი“

სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონში დიდი ცვლილებაა. სპალეტის ნაცვლად რუდი გარსია დანიშნეს და მისი ფორმაციის „ნაპოლი“ ჯერჯერობით ცუდად გამოიყურება. იტალიის ჩემპიონატის 4 ტურიდან გუნდმა 2 მოიგო, 1 წააგო და 1 ფრედ დაასრულა.

ამ მომენტისთვის, „ნაპოლი“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 7 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება. გასულ ტურში, „პარტენოპეი“ „ჯენოას“ სტუმრად დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ცუდ ფორმაში იმყოფება ხვიჩა კვარაცხელია ,რომელსაც მიმდინარე სეზონში არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია. მეტიც, ქართველმა ვარსკვლავმა უკანასკნელად მიმდინარე წლის 19 მარტს გაიტანა.

დანაკლისი:

ამ მხრივ „ნაპოლის“ თითქმის არანაირი პრობლემა არ აქვს. რუდი გარსიას განკარგულებაში მხოლოდ პიერლუიჯი გოლინი არ იქნება.

გარსია მატჩის წინ:

„სეზონი კარგად დავიწყეთ, ორი თამაში მოვიგეთ, რასაც „ლაციოსთან’’ მარცხი და „ჯენოასთან’’ ფრე მოჰყვა. მიმდინარე სეზონში 5 გოლი გავუშვით, ეს საკმაოდ ბევრია, მაგრამ სტატისტიკა გავაანალიზეთ, მეტოქის ფეხბურთელებმა ჩვენი კარისკენ მხოლოდ 8 ზუსტი დარტყმა შეასრულეს. ასე რომ ჩვენ დაცვაში ცუდად არ ვთამაშობთ. ჩემპიონთა ლიგა განსხვავებული ტურნირია, ჯგუფური ეტაპი წარმატებით უნდა დავძლიოთ. „ბრაგასთან“ გამარჯვებას ვგეგმავთ. ამ მატჩს თავდაჯერებით ვხვდებით''.

„ოსიმენმა სეზონი კარგად დაიწყო, სერია ა-ს საწყის ორ თამაშში 3 გოლი გაიტანა, თუმცა შემდეგ ვეღარ გაიტანა. იმედი მაქვს, ხვალ გაიტანს. კვარას ტრავმა აწუხებდა, სერია ა-ს პირველი ტური გამოტოვა, მეორე ტურში ცვლილებაზე ითამაშა. შემდეგ მას ვესაუბრე, მინდა მშვიდი იყოს. ხვიჩა გადამწყვეტი ფიგურა უნდა იყოს.  მას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ამაზე არ უნდა იფიქროს, სიამოვნებით უნდა ითამაშოს. ძალიან კარგია, რომ „სასუოლოსთან’’ საგოლე პასი შეასრულა. ხვალ ჩემპიონთა ლიგის მატჩია, აქ თამაში ყველას ოცნებაა, ჩვენ გვსურს მაქსიმალურად შორს გავიდეთ. ასეთ საღამოებს დიდებული ფეხბურთელები ქმნიან, ხვიჩა მათ შორისაა’’.

„ბრაგა“

„ბრაგამ“ პორტუგალიის ჩემპიონატი მსგავსად „ნაპოლისა“ ცუდად დაიწყო. არტურ ხორხეს შეგირდებმა 5 მატჩიდან 2 მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს, ხოლო 2 წააგეს. უკანასკნელ ტურში „ბრაგა“ „ფარენსეს“ ესტუმრა და 1:3 დამარხდა.

დანაკლისი:

ამ მხრივ პრობლემა არც პორტუგალიელებს აქვთ. „ნაპოლის“ წინააღმდეგ მხოლოდ სიკუ ნიაკატე ვერ ითამაშებს.

არტურ ხორხე მატჩის წინ:

„ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ბრაგა“ ფავორიტად არ ითვლება. ჩვენ ეს პოზიცია მოგვწონს, რადგან წნეხის გარეშე ვითამაშებთ. სიურპრიზის შემოთავაზება თავისუფლად შეგვიძლია. ვფიქრობ, ფიზიკური მომზადების და გამძლეობის მხრივ, „ნაპოლისთან“ არანაირი სხვაობა არ გვაქვს.

ძლიერ „ნაპოლის“ ველოდები. ვუყურე მათ ბოლო ორ მატჩს და მიუხედავად შედეგისა, გარსიას გუნდი მაინც ძლიერია. ეს შედეგები არაფერს ნიშნავს. ჩემს გუნდს კი მხოლოდ გამარჯვებისთვის ვამზადებ. ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და თითოეულ ქულას მნიშვნელობა ექნება.

ჩემი ფეხბურთელების ამბიცია მხოლოდ გამარჯვებაა. ამას ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი! ხვალ რთული დაპირისპირება გველოდება და ვიმედოვნებ, რომ მშვიდი სულით და ხასიათით შევხვდებით. ასე ყველაფერი უფრო მარტივი გახდება.“

შეგახსენებთ, რომ „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 20 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება: