ჟოზე მოურინიო, ფრანჩესკო ტოტი, ფროზინონე, აკაკი გიუნაშვილი, ანჯელო გრეგუჩი
Aa
Aa

გიუნაშვილის დებიუტი იტალიაში - მატჩს მოურინიო და ტოტი დაესწრნენ

იტალიური „ფროზინონეს’’ 19-წლამდე გუნდში აკაკი გიუნაშვილის დებიუტი „რომასთან’’ გასვლით შეხვედრაში შედგა. მატჩს, რომელიც „ჯალოროსის“ გამარჯვებით დასრულდა (3:2), ჟოზე მოურინიო დაესწრო.

ამ მატჩზე ფრანჩესკო ტოტიც იმყოფებოდა, მისი შვილი „ფროზინონეს“ 19-წლამდე გუნდში თამაშობს, აკაკი გიუნაშვილის თანაგუნდელია, თუმცა კრისტიან ტოტიმ ამ შეხვედრაში ცვლილებაზე ითამაშა, 88-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

რაც შეეხება აკაკი გიუნაშვილს, მან „ფროზინონეს'' 19-წლამდე გუნდში 90 წუთი ითამაშა. ვებგვერდმა Gazzetta Regionale-მ გიუნაშვილს 6 ქულა დაუწერა და მისი თამაში ასე შეაფასა: „თავის მოვალეობას სხვებზე უკეთ გაართვა თავი, თანაგუნდელთა შორის გამოირჩეოდა და დაცვაში მთავარი მოთამაშე იყო''.

თავდაპირველად 18 წლის აკაკი გიუნაშვილი სამ ცენტრალურ მცველს შორის მარცხენა ცენტრალურ მცველად თამაშობდა, შემდეგ კი ოთხმცველიან ტაქტიკაში მარცხენა მცველის ფუნქციებს ასრულებდა.

„ფროზინონეს’’ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი 59 წლის ანჯელო გრეგუჩია. ამ ეტაპზე გიუნაშვილსა და გრეგუჩის შორის კომუნიკაცია ინგლისურ ენაზეა. აკაკი უახლოეს პერიოდში იტალიურის სწავლას დაიწყებს, რაც გარემოსთან ადაპტირებაში დაეხმარება.

გრეგუჩის შესახებ გარკვეულ ინფორმაციას მოგაწვდით:

1986-93 წლებში გრეგუჩი რომის „ლაციოს’’ ფეხბურთელი იყო, ამპლუით ცენტრალურმა მცველმა სერია ა-ს 183 მატჩში 10 გოლი შეაგდო.

2005 წელს მცირე ხნით სერია ა-ში მყოფ „ლეჩეს’’ წვრთნიდა, 2006 წელს ბერგამოს „ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი გახდა, თუმცა იტალიის ელიტარულ ლიგაში კვლავ წარუმატებლად იმუშავო, ბერგამოული კლუბიდანაც მალე გაუშვეს.

2018 წელს  ანჯელო გრეგუჩი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები