ბრაგას მწვრთნელი: „ნაპოლის კვარაცხელიას წავართმევდი“
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად პორტუგალიურ „ბრაგას“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიურმა გაზეთმა la Gazzetta dello Sport-მა „ბრაგას“ მთავარ მწვრთნელთან, არტურ ჟორჟესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ის „პარტენოპეისთან“ მატჩზე და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს.
რას ამბობს ჟორჟე:
მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ. მიყვარს შემტევი ფეხბურთის თამაში და ბურთის კონტროლი. გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე 100-ზე მეტი გოლი გავიტანეთ და ჩემპიონატი 78 ქულით დავასრულეთ. ეს კლუბისთვის საუკეთესო სეზონი იყო.
რაც შეეხება „ნაპოლის“, პირველ რიგში რუდი გარსიას გამოვყოფ. ის ინოვაციური და ძალიან ჭკვიანი სპეციალისტია. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას და დიდი სიამოვნებით ჩამოვართმევ ხელს.
ვის წავართმევდი ნაპოლის? კვარაცხელიას! ის არაპროგნოზირებადი ფეხბურთელია, მაგრამ „ნაპოლი“ მხოლოდ კვარა და ოსიმენი არ არის. მათთვის მარტივი არ იქნება, რომ ამ მატჩში ჩვენზე უკეთესები იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ „ბრაგასა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 20 სექტემბერს, საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება.