პსჟ VS დორტმუნდი - მატჩის წინ
2023/2024 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგა იწყება. პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ უმასპინძლებს. ამ მატჩთან დაკავშირებით, CrystalSport ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.
პსჟ
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ფრანგულ გუნდში ბევრი ცვლილებაა. პსჟ-ს ახალი მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ჰყავს, რომელიც კლუბს ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მოერგო. ასევე, პარიზული გრანდი მესიმ და ნეიმარმა დატოვა.
შიდა ჩემპიონატში ლუის ენრიკეს გუნდი ცუდ შედეგებს აჩვენებს. პსჟ-მ 5 მატჩიდან 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო 1 წააგო. გასულ ტურში, „პარი სენ ჟერმენმა“ „ნიცას“ უმასპინძლა და 2:3 წააგო. ამ მომენტისთვის, მოქმედი ჩემპიონი სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-5 ადგილზეა.
დანაკლისი:
სხვადასხვა მიზეზების გამო „დორტმუნდის“ წინააღმდეგ მარკო ასენსიო, სერხიო რიკო, მუკიელე და ნუნუ მენდეში ვერ ითამაშებენ.
ენრიკე მატჩის წინ:
„პსჟ-ს კარგი ხასიათი აქვს. ჩემი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან, დიდ ზეწოლას ახდენენ და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. ეს ბრძოლები კი ინტენსიურია. ისინი ბურთით და უბურთოთ ბევრს დარბიან და თამაშობენ ისე, როგორც მე მინდა. საზოგადოება გარკვეულ საკითხებს სხვანაირად ხედავს და მათ საუკეთესო შედეგები სურთ.
ჩემი შეფასებით, ფეხბურთელები 10 ქულიდან 10-ს იმსახურებენ. შეუძლია, თუ არა მბაპეს ჩემპიონთა ლიგა მოგვაგებინოს? ასეთი დიდი ტურნირის მოსაგებად 11 კი არა 23 ფეხბურთელია საჭირო. ამისთვის კი თითოეული ჩემი მოთამაშე მზად არის.
რაც შეეხება „დორტმუნდს“, პსჟ ამ გუნდს კარგად იცნობს. წარსულში არაერთხელ მოუწიათ ერთმანეთთან თამაში. ადვილ დაპირისპირებას არ ველოდები. ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული გუნდია და ხიფათის შექმნა შეუძლია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი გუნდის პრიორიტეტი 3 ქულაა.“
„დორტმუნდი“
მსგავსად „პარი სენ ჟერმენისა“, შიდა ჩემპიონატი კარგად ვერც „ბორუსიამ დაიწყო. ტერზიჩის შეგირდებმა 4 მატჩიდან 2 მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს. ამ მომენტისთვის, „დორტმუნდი“ 8 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება. უკანასკნელ ტურში კი სტუმრად „ფრაიბურგი“ 4:2 დაამარცხა.
დანაკლისი:
ამ მხრივ „დორტმუნდს“ განსაკუთრებული პრობლემები არ აქვს. ტერზიჩის განკარგულებაში მხოლოდ ტომას მუნიე არ იქნება.
ტერზიჩი მატჩის წინ:
„ჩვენ ვიცით, რომ ჯგუფური ეტაპის კარგად დაწყება ყოველთვის მნიშვნელოვანია. „პარი სენ ჟერმენთან“ თამაში ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ხარისხი და გეგმა იმისთვის, რომ ხვალ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.
ჩვენი მოწინააღმდეგე დომინანტურ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი მიზანი ბურთის მაქსიმალური ფლობაა, რაც ხშირ შემთხვევაში გამოგვდის კიდეც. 90 წუთის განმავლობაში საშიშები უნდა ვიყოთ და სიფხიზლე არ დავკარგოთ.“
პსჟ VS „დორტმუნდი“
ეს გუნდები ერთმანეთს ოფიციალურად 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. 4-დან 2 მატჩი ფრედ დასრულდა. ერთხელ პსჟ-მ მოიგო, ერთხელ „ბორუსიამ.“
ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 19 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.