ფანტასტიკური მოთამაშეა, თამაშში გულს და ემოციას დებს - ვაისი კანკავაზე
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი „სლოვანი“ „დუნაისკა სტრედასთან“ სტუმრად დამარცხდა (3:1). გასულ სეზონში ეს გუნდები ჩემპიონობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოდნენ, ერთმანეთის მთავარი კონკურენტები იყვნენ. გასულ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა „სლოვანმა“ მოიგო, სუპერ ლიგის მე-7 ტურში კი „დუნაისკა სტრედამ“ მეტოქეს შეცდომები არ აპატია.
ვაისმა ჯაბა კანკავა და გურამ კაშია სასტარტოში შეუცვლელად ათამაშა. გაშვებულ გოლებში გურამ კაშიას ვერ დავადანაშაულებთ, ჯაბა კანკავამ კი მაღალ დონეზე ითამაშა. ჯაბა კანკავას მატჩის მიწურულს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა კაშიას პასის შემდეგ არაზუსტად დაარტყა.
ასევე გეტყვით, რომ გურამ კაშიას უშუალო კონკურენტი, 30 წლის კევინ ვიმერი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, არ უთამაშია.
მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა მატჩი შეაფასა და 37 წლის ჯაბა კანკავას თამაში გამოყო:
„გვარებს არ დავასახელებ, შეცდომას ყველა უშვებს, მაგრამ ჩვენ ბრძოლაში ჩამოვრჩით, არ ვართ თავდაჯერებულნი.
ასევე ვიტყვი, რომ არ შეიძლება ნორმალური იყოს, რომ ჯაბა კანკავა ჯერ კიდევ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. მან ამ თამაშში მისი გული და ემოცია ჩადო. სასტარტოში ვათამაშე, რადგან ეს დაიმსახურა. საოცარია, როგორც იბრძვის კლუბისთვის და ჩემთვის.
როცა ვლადო (უმცროსი ვლადიმირ ვაისი) არ თამაშობს, არ არის ისეთი მოთამაშე, რომელიც აჩვენებს ემოციას და დაარტყამს კარისკენ. კუცკა და კანკავა ფანტასტიკური მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგჯერ ემოციებით უნდა ითამაშო ბრძოლაშიც კი, მცირედით არბიტრს ეკამათო. აჩვენო, რომ დღეს აქ ხარ და მარცხს არ ეგუები’’.
„სლოვანმა“ 5 ტურში 8 ქულა დააგროვა და მე-6 ადგილზეა, თუმცა მასზე წინ მყოფმა კლუბებმა უკვე 7 მატჩი ჩაატარეს, ამ მომენტისთვის „სლოვანი“ ლიდერ „ტრენჩინს“ 8 ქულით ჩამორჩება.
UEFA-ს კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „სლოვანი“ „კლაკსვიკს“ მიიღებს, შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება (23:00).