სენსაცია საქართველოს ჯგუფში - ფიჯიმ ავსტრალიას მოუგო
საფრანგეთში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში დღევანდელი მატჩი დიდი სენსაციით დასრულდა.
C ჯგუფის მეორე ტურში ფიჯის ნაკრები ავსტრალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში სენსაციურად, 22:15 დაამარცხა.
ფიჯელებმა პირველი ტაიმი 12:8 მოიგეს, გულშემატკივარმა კი მხოლოდ 1 ლელო იხილა, რომელიც ავსტრალიელებმა გაიტანეს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ფიჯიმ 4-დან ოთხივე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ტაიმიც ამის ხარჯზე მოიგო.
ფიჯელებმა ლელოს დადება მეორე ნახევრის დებიუტში შეძლეს, რომელსაც გარდასახვაც ზუსტად მიაყოლეს. ამას 66-ე წუთზე ზუსტად შესრულებული გარდასახვაც მოყვა. საპასუხოდ, კი ავსტრალიელებმა 68-ე წუთზე შეძლეს სხვაობით 7-ქულამდე შემცირება, თუმცა, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
2 ტურის შემდეგ, ავსტრალიას და ფიჯის თანაბარი, 6-6 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებენ. პირველ ადგილზე 10 ქულით უელსის ნაკრებია, საქართველო კი ჯერჯერობით 0 ქულით ბოლოსწინა, მე-4 პოზიციაზე იმყოფება. „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრას 23 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრებთან გამართავენ.