მიქაუტაძე გააკრიტიკეს | აიაქსი ენსხედეში დამარცხდა
ამსტერდამის "აიაქსმა" ნიდერლანდების ჩემპიონატში მორიგი მატჩი ჩაატარა და საკუთარ თავს არც ამჯერად ჰგავდა. მორის შტეინის გუნდმა ენსხედეში, "ტვენტესთან" 1:3 წააგო.
გიორგი მიქაუტაძე თადარიგში იყო, თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და განსაკუთრებული არაფერი გამოსვლია. ქართველმა Sofascore-ისგან საშუალო შეფასება - 6.5 მიიღო. ESPN-ის ექსპერტმა, კარიმ ელ აჰმადიმ, სხვებთან ერთად, გიორგიც გააკრიტიკა.
"შესაძლოა, ასეთი სურათი ტაქტიკურმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს აშკარად ხარისხი აკლია. პირველ ტაიმში სრულიად შოკირებული დავრჩი სივერტ მანსვერკის თამაშით, მიქაუტაძე ცუდად შემოვიდა და მოედანზე არ გვინახავს აკპომიც, რომელიც ვერც გავიგე, რა პოზიციაზე თამაშობდა", - აღნიშნა ელ აჰმადიმ, რომელიც "ტვენტეს", "ფეიენოორდისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელია.
მიქაუტაძემ "აიაქსის" მაისურით მეორედ ითამაშა და ჯერ საგოლე შეტევაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართველს ადაპტაციის პერიოდი აქვს და გუნდიც მძიმედ გამოიყურება.
ამსტერდამელებს ჩატარებული 4 მატჩის შემდეგ 5 ქულა აქვთ და მე-12 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში "ფეიენოორდს" უმასპინძლებენ, იქამდე კი, ევროპა ლიგის ეგიდით, "იოჰან კრუიფ არენაზე" ფრანგული "მარსელი" ჩადის.