ბარსელონა, მანჩესტერ სიტი, კლაუდიო ბრავო
Aa Aa

“მთელს ჩილეში თავს ყველაზე დიდ დამნაშავედ ვგრძნობდი“ - მე კლაუდიო ბრავო ვარ

„თავისუფლად შეიძლება, რომ ჩემს კარიერას წარმატებული ეწოდოს.. ყოველ შემთხვევაში, მე არაფერს ვუწუნებ.. ბევრმა კარგად იცის ვინ ვარ, ბევრმა კი არა.. დღეს მინდა 12 საინტერესო ისტორია მოგიყვეთ..

საოცარი დრო „მანჩესტერ სიტიში“

„გეუბნებით, ეს დრო ყველა გაგებით წარმატებული იყო. ხალხი ამბობს, რომ პირველი წელი რთული იყო, მაგრამ ეს სასწავლო პერიოდი იყო. 2016 წელს, როდესაც ინგლისში ჩავედი, მაშინ მეკარის მოვალეობა რთული ბურთების მოგერიება იყო..

პეპ გუარდიოლას კი უფრო მეტი სურდა. მას უნდოდა, რომ ფეხით კარგად მეთამაშა და შეტევის დაწყების ორგანიზებაში მიმეღო მონაწილეობა. მე თავისუფლად უნდა შემძლებოდა ბურთის ერთი ფლანგიდან მეორეზე გადატანა..

რა თქმა უნდა, იმ გუნდს ბევრი პრობლემა ჰქონდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი 6-7 ფეხბურთელი იყო. მათი კონტრაქტები იმ წელს იწურებოდა და იცოდნენ, რომ გუნდიდან მიდიოდნენ, მაგრამ მაინც.. ასეთ სიტუაციაში, ასეთ დიდ გუნდში ყოფნა ჩემთვის ბედნიერების მომტანი იყო..

ჩემი ოთხივე სეზონი საოცარი იყო. კლუბში თავს დაფასებულად ვგრძნობდი. პეპთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.. ჩემმა შვილებმა ინგლისური ისწავლეს და ჩემი ოჯახი ძალიან გაძლიერდა..

პრესა? არასდროს მაინტერესებდა რას წერდნენ ჩემზე..

ვფიქრობ, როცა ხალხი ჩემს მანჩესტერულ კარიერას იხსენებს, ყველას ნეგატიური შთაბეჭდილება ექმნება, მაგრამ არა!! დამიჯერეთ, მე იქ ძალიან ბედნიერი ვიყავი..

3 საათი მამაჩემის ფურგონში

ბავშვობაში, დიდ სანტიაგოში(სადაც მე ვვარჯიშობდი) მგზავრობისთვის საათნახევარი მჭირდებოდა. მამა სკოლაში მაკითხავდა. მე უკანა სავარძელზე ვჯდებოდი. ხან ვიძინებდი, ხან კი ხილს ან სენდვიჩს ვჭამდი, რომ ენერგია მქონოდა..

სწორედ ამიტომ ვვარჯიშობდი ბევრს.. მამაჩემი თავის ძვირფას 3 საათს სწირავდა, რომ მე ვარჯიშზე წავეყვანე და შემდეგ უკან წამოვეყვანე.. ეს ყველაფერი უნდა დამეფასებინა!!

ვოცნებობდი, რომ „ბარსელონაში“ მეთამაშა. როდესაც ეს ჩემს კლასელებს ვუთხარი, დამცინეს..

მაგრამ გონებრივად ძლიერი ვიყავი. ზოგადად ჩილეში, ნიჭიერი თავდამსხმელები და ნახევარმცველები იბადებიან. მეკარეები იშვიათია და მე სწორედ ეს იშვიათობა აღმოვჩნდი..

გადავწყვიტე, რომ დიდი ფეხბურთელი გავხდებოდი. მამაჩემისთვის უნდა გადამეხადა.. გარკვეულწილად, ამას დღემდე ვაკეთებ..

„კოლო-კოლოდან“ კინაღამ გამომაგდეს

როდესაც 15 წლის ვიყავი, დიდი სპორტული ბრენდის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე ვთამაშობდი. რეგიონალური ნაწილის გამარჯვებული ევროპის ფინალში ითამაშებდა, სადაც უამრავი სკაუტი იქნებოდა და ეს ჩემი ასაკის ფეხბურთელებისთვის ნაბიჯის წინ გადადგმის კარგი შანსი იყო..

იცით? მე თავდასხმაში ვითამაშე, მაგრამ ბურთის დევნა არ მომეწონა. უკვე მივხვდი, რომ მე მეკარე უნდა გავმხდარიყავი. მეკარეობა ბევრ ბავშვს არ მოსწონდა. მე კი ბურთების მოგერიებამ გამიტაცა. შეცდომების გამკლავება შემეძლო, მაგრამ იმ დღეს ძალიან დავიტანჯე..

ბოლო წუთი მიმდინარეობდა და ანგარიში 0:0 იყო. კუთხური ჩააწოდეს და ბურთის დასაჭერად კარიდან გამოვედი..

ბურთს ავცდი..

მათ გაიტანეს და მოიგეს..

ჩემს გამო სუპერ ნიჭიერი ბავშვები ევროპაში ვერ წავიდნენ.. მთელს ჩილეში ყველაზე დიდ დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. ბევრს ჩემი გუნდიდან წასვლა სურდა, მათ შორის მწვრთნელებს..

მაგრამ იყო ერთი მწვრთნელი სახელად ხულიო როდრიგესი, რომელიც ფეხით თამაშს მასწავლიდა(მომავალში ეს ცოდნა „მანჩესტერ სიტიში“ გამომადგა). მან თქვა, რომ თუ მე გამიშვებდნენ, ისიც წავიდოდა..

ამ ფაქტმა ჩემი გუნდში დარჩენა უზრუნველყო და მოგვიანებით გაამართლა.. 2003 წელს, პირველ გუნდში დებიუტი მქონდა. უკანასკნელი მატჩი 2006 წელს ჩავატარე. ჩემი გუნდი აპერტურას ლიგის სეზონის ფინალში თამაშობდა. პენალტების სერიამდე მივედით და ორი თერთმეტმეტრიანი მოვიგერიე. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არასდროს მოხდებოდა, რომ არა ხულიო. მადლობა ხულიო!!

გოლი „რეალ სოსიედადისთვის“

მაშინ ჯერ კიდევ მეორე დივიზიონში ვთამაშობდით და „ხიმნასტიკს“ ვხვდებოდით. ზედიზედ სამი მატჩი არ გვქონდა მოგებული. ერთ-ერთ ეპიზოდში, საჯარიმოსთან ახლოს ჯარიმა დაინიშნა. არავინ იცოდა, თუ ვის უნდა დაერტყა..

ვარჯიშებზე ხშირად ვრჩებოდი და ჩემთვის ჯარიმების დარტყმაში ვვარჯიშობდი. არ მომწონდა, თუ როგორ ასრულებდნენ ჯარიმებს ჩემი გუნდელები.

დავუბრუნდეთ „ხიმნასტიკთან“ მატჩს. ბურთთან არავინ მიდიოდა და ამ დროს დიეგო რივასმა დაიძახა:

„კლაუდიო, შენ მიდი და დაარტყი..“

მე ვუპასუხე: „არა, არა, არა.. შენ რა ხუმრობ?“

მან დაჟინებით მოითხოვა, რომ დამერტყა. მახსოვს, როდესაც ბურთისკენ მივრბოდი ხმები გავიგონე: „ეს რა გაგიჟდა? რატომ გარბის ბურთისკენ?“

ამას მე ვარჯიშებზე ვაკეთებდი და რეალურ მატჩში უნდა გადამეტანა..

მსაჯის სასტვენი.. ბურთს დავარტყი.. ის კარში შევიდა..


ეს საოცარი და წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ახლა რეალური პრობლემა წამოვიდა. რა გავაკეთო?

ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა მოედანზე როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ვიცი როგორც უნდა მოვიქცე, როცა პენალტს მოვიგერიებ, მაგრამ გოლის გატანა? ეს რაღაც ახალი იყო.. უნდა მეცეკვა? არა..

ყველა მე მეხვეოდა.. მახსოვს, როცა ჩემს საჯარიმოში დავბრუნდი ვეღარ ვსუნთქავდი. ვლოცულობდი, რომ ბურთის მოგერიება აღარ დამჭირვებოდა..

გრიზმანი და მისი მანქანა

ჰაჰაჰა, ის რეალურად მზად არ იყო, რომ მართვის მოწმობა აეღო და მანქანა ემართა..

„სოსიედადში“ თამაშის დროს, ჩემი და გრიზმანის სახლი ახლოს იყო ერთმანეთთან. როდესაც მას პირველად შევხვდი, მხოლოდ 16 წლის იყო.. ის იყო ბავშვი, რომელსაც მხოლოდ გართობა სურდა. აქედან გამომდინარე, ხელშეწყობა სჭირდებოდა და ჩემი ოჯახის გასაცნობად დავპატიჟე. მან იყიდა მანქანა, მაგრამ მისი მართვა არ იცოდა და არც გარაჟი ჰქონდა. ასე რომ, ავტომობილი ჩემს ეზოში გააჩერა..

ის იქ თვეების განმავლობაში იდგა. ანტუანი ხანდახან მოდიოდა და მხოლოდ მუსიკას უსმენდა. სხვას არაფერს აკეთებდა თავისი მანქანით. წლების შემდეგ, ის დიდებული გახდა და დღემდე ვმეგობრობთ..

ბარსა ჩემთვის იყო შექმნილი?

ამბობენ, რომ მეკარეებს უჭირთ ბარსაში თამაში. ჩემთვის ეს უბრალოდ ბუნებრივი იყო.. თქვენ უნდა იყოთ მეკარე, ფლეიმეიკერი და მცველი. ეს სხვებისთვის ახალი იყო, მაგრამ ხულიოს მუშაობის წყალობით, კოლო-კოლოში, ბავშვობიდან ასე ვთამაშობდი..

როცა 100 000 ადამიანის წინაშე გამოდიხარ, იხსენებ შრომას, რამაც მიგიყვანა იქ. დღეები, როცა გციოდა, დღეები როცა მშიერი იყავი, თამაშები ბეტონზე, ეკონომია ჭუჭყიან მინდვრებზე, დაუსრულებელი საათები სატვირთო მანქანის უკანა სავარძელზე.. და ახლა აქ ხართ.. მწვანე ბალახი.. საოცარი თანაგუნდელები.. მე უბრალოდ ვუთხარი ჩემს თავს, რომ სიამოვნება მიმეღო!!

და რა მოხდა შემდეგ? ზედიზედ 8-ჯერ მშრალად შენახული კარი. რა ტრიალებდა ჩემს გონებაში? ის, რომ „ბარსელონა“ ჩემთვის იყო შექმნილი!! იმდენად თავდაჯერებული ვიყავი, რომ ღმერთიც კი ვერ გამიტანდა..

იცით კიდევ რა აღმოვაჩინე ბარსაში? ჩავი, მესი და ინიესტა ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გარედან ისე ჩანს, თითქოს ისინი სხვა პლანეტაზე ცხოვრობენ, მაგრამ დამიჯერეთ, საქმე უბრალო ბიჭებთან გაქვთ..

ასევე არიან სხვა ტიპის ფეხბურთელები. დანი ალვეში სულ კარგ ხასიათზეა, მაგრამ იცით, რომ მას ვარჯიშზე მოსვლას ვერავინ დაასწრებს? ის ასევე ყველაზე გვიან მიდის.. ან ნებისმიერ დროს მიდით სპორტ დარბაზში და დანი იქ დაგხვდებათ..

არანაირი პრობლემა ტერ შტეგენთან

ის თასებზე თამაშობდა, მე შიდა ჩემპიონატში. ჟურნალისტებმა ამით ისარგებლეს და თქვეს, რომ ჩვენ მტრები ვიყავით, მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა.

ამის შესახებ მწვრთნელს ვესაუბრე და მივხვდი, რომ ახალგაზრდა მეკარეში ინვესტიციის ჩადება სურდათ.. არასდროს მიკითხავს, თუ რატომ არ ვთამაშობდი უფრო მეტს.. მე უბრალოდ საუკეთესოდ მოვემზადე და გავუმკლავდი ყველაფერს. ვამაყობდი, რომ ვითამაშე და მოვიგე ლა ლიგა!!

აქილევსის გაწყვეტა კარგი რამ იყო

თავიდან თავს უმწეოდ ვგრძნობდი, რადგან ეს „სიტის“ მესამე სეზონის დასაწყისში დამემართა. მაინც დავძლიე!! როდესაც ვბრუნდებოდი თავს დადებითი ფიქრებით ვივსებდი..

თითქმის 1 წლის შემდეგ დავბრუნდი და ლიგის თასზე „ლივერპულს“ დავუპირისპირდით..

უემბლიზე 80 000 ადამიანი მოვიდა..

კარგად უნდა მეთამაშა..

თამაში პენალტების სერიამდე მივიდა და მე გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი მოვიგერიე. მეორე დღეს, ყველა კვლავ ჩემზე საუბრობდა..

შესაძლოა მწვრთნელი გავხდე

ერთ დღეს, პეპმა დამირეკა და მითხრა, რომ კარგი მწვრთნელი ვიქნებოდი. ეს იდეა ძალიან მომეწონა და როდესაც საფეხბურთო კარიერას დავასრულებ, აუცილებლად შევისწავლი სამწვრთნელო საქმეს..

განსაკუთრებული კოპა დელ რეი

ძალიან მინდოდა „ბეტისთან“ ერთად რამე მომეგო და გამომივიდა. ჩემმა შვილებმა ეს ნახეს და მუდამ ემახსოვრებათ..

როდესაც ტიტულებს „ბარსელონასთან“ ერთად ვიგებდი, ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ, თუ რას აკეთებდა მათი მამა.. ისინი მაშინ ძალიან პატარები იყვნენ. როდესაც „ბეტისთან“ ერთად კოპა დელ რეი მოვიგე, ჩემი შვილები იქ იყვნენ და ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავდნენ.. ამ გრძნობის აღწერა შეუძლებელია..

ჩემი მეუღლე კლარა და ჩემი ოთხივე შვილი, ჩემი ცხოვრების ყველაზე ემოციური ნაწილია.. სევილიაში ძალიან ბედნიერები ვართ. ეს „ბეტისში“ ჩემი მეოთხე სეზონია. თავს კარგად ვგრძნობ და ვთვლი, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია. როცა ამას ვეღარ ვიგრძნობ, აუცილებლად დავასრულებ კარიერას..

კოპა ამერიკა

2014 წელს, ბრაზილიასთან წაგებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა მწარე გამოცდილება მოგვცა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან დიდი გვიახლოვდებოდა. შესანიშნავი თაობა გვყავდა. ფეხბურთელები „არსენალში“, „იუვენტუსში“ და „ბარსელონაში“ თამაშობდნენ..

ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვიყავით.. განსაკუთრებით მე, როგორც კაპიტანი.. პასუხისმგებლობას ვგრძნობდით, რადგან ამ თაობას რაიმე უნდა მოეგო..

2015 წელს ჩილემ კოპა ამერიკა მოიგო!!

საბედნიეროდ, ფინალში არგენტინას მოვუგეთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ პენალტების სერიის დროს ნამდვილი ლიდერი ვხდები. იცით? მთავარი გონებრივი ნაწილია. მეტოქეს ზეწოლა უნდა აგრძნობინო, აანერვიულო და ის პენალტს გააფუჭებს. სწორედ ასე მოვიგეთ ფინალი..

ცრემლები

მეორე კოპა ამერიკაზე არ უნდა მეთამაშა. ტრავმა მქონდა და თანაც ჩემი ქალიშვილი სერიოზულ ავადმყოფობას განიცდიდა.. ჩემი პირველი ორი თამაში საშინელი იყო. უვარგისი ვიყავი!!

სხეული მოედანზე იყო, მაგრამ გონება ჩემს ოჯახთან ატარებდა დროს.. მახსოვს ერთი გოლი გავუშვი და გავიაზრე, რომ სათამაშოდ მზად არ ვიყავი..

თავს ცუდად ვგრძნობდი, რადგან სატელევიზიო გადაცემებში და მედიაში მიწასთან მასწორებდნენ.. მე ჯერ კიდევ კაპიტანი ვიყავი, მაგრამ ამბობდნენ, რომ სკამზე უნდა ვმჯდარიყავი..

რაღაც მომენტში მივხვდი, რომ მთელი გამოცდილება უნდა შემეგროვებინა და კაპიტნის პასუხისმგებლობა მეგრძნო. კიდევ ერთ ფინალში გასვლის შანსი გვქონდა..

საოცარი გუნდი გვყავდა, რომელიც უფრო მეტ გამარჯვებას იმსახურებდა. ვიცოდი, რომ თუ ჩვეულებრივად ვიმუშავებდი, სიტუაციას შევცვლიდი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ ამდენი ჩავარდნა საკმარისი იყო!!

მეოთხედფინალი და ნახევარფინალი გოლის გაშვების გარეშე მოვიგეთ. ფინალი კვლავ არგენტინასთან მოგვიწია და ისევ პენალტების სერია დაინიშნა. თითოეული დამრტყმელის პენალტებს ვუყურე. განსაკუთრებით კარგად მახსოვდა, თუ რას აკეთებდა ლუკას ბილია და როდესაც ის დასარტყმელად წამოვიდა, ვიცოდი საით უნდა გადავმხტარიყავი..

რამდენიმე წუთის შემდეგ, ისევ ჩემპიონები ვიყავით. 2 ტიტული 2 წელიწადში..

მოედანზე ზეიმის დროს ტირილი დავიწყე. როგორც მამა, ათასობით კილომეტრის დაშორებით ვიყავი ჩემი ქალიშვილისგან. მე იმ დღეს 18 მილიონი ჩილელის კაპიტანი ვიყავი. საერთო ჯამში ცუდად ვითამაშე, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწიე!!

ახლა ეს უზარმაზარი სიმძიმე მხრებიდან მოვიშორე და სულ ახლახან გავტყდი..

არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთელებიც ადამიანები არიან..

ერთი დღის შემდეგ ცოლთან და შვილებთან დავბრუნდი. ემა ახლა კარგად არის. მადლობა ღმერთს!! ჩვენ ოჯახური ვახშამი მოვაწყვეთ.. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე განსაკუთრებული ვახშამი იყო..“ - მე კლაუდიო ბრავო ვარ

გაზიარება: