იბერია 1999, მიუნხენის ბაიერნი, დანიელ ქვარცხავა, გიორგი ნიკოლაიშვილი, მიხაელ ჰარტმანი
Aa
Aa

2 ქართველი ბაიერნში - ნიკოლაიშვილის გაფორმება ბაიერნისთვის უფრო მარტივია

CrystalSport-ის ინფორმაციით, „საბურთალოს“ 17 წლის ფეხბურთელები დანიელ ქვარცხავა და გიორგი ნიკოლაიშვილი  ერთი კვირის განმავლობაში „ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდში ვარჯიშობდნენ. ამ ეტაპზე მიუნხენურ კლუბში ფეხბურთელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არაა. სავარაუდოდ, ქვარცხავა და ნიკოლაიშვილი გერმანულ კლუბს კიდევ ორჯერ ეწვევიან. გერმანული კლუბი მათზე დაკვირვებას აგრძელებს.

„ბაიერნის“ 19-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელი მიხაელ ჰარტმანია. მას გერმანიის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია (5 მატჩი, 2003 წელი). „ჰერტასა“ და როსტოკის „ჰანზას“ რიგებში საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 167 მატჩი ჩაატარა (6 გოლი, 24 საგოლე პასი). სწორედ ჰარტმანის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ ნიკოლაიშვილი და ქვარცხავა.

დანიელ ქვარცხავა საქართველოს მოქალაქეა, „ბაიერნს“ მისი გაფორმება მხოლოდ მაშინ შეეძლება, როცა მარცხენა გარემარბი 18 წლის გახდება. მიზეზი მარტივია, საქართველო ევროკავშირში არაა და ვიდრე ფეხბურთელი სრულწლოვანი არ გახდება ევროპული კლუბი კონტრაქტს ვერ გაუფორმებს, თუმცა არსებობს ერთი ალტერნატივა, რაც ლუკა პარკაძესთან დაკავშირებით მოხდა, „ბაიერნმა“ ლუკას კონტრაქტი 18-წლამდე გაუფორმა და კონტრაქტი ძალაში მას შემდეგ შევიდა, როცა ლუკა სრულწლოვანი გახდა.

რაც შეეხება გიორგი ნიკოლაიშვილს, გერმანიაშია დაბადებული, 5 წლის ასაკამდე გერმანიაში ცხოვრობდა და ორმაგი მოქალაქეობა აქვს (საქართველოსი და გერმანიის). „ბაიერნის“ სურვილის შემთხვევაში გერმანულ კლუბს ნიკოლაიშვილის გაფორმება 18-წლამდეც შეუძლია. ასე რომ, ბიუროკრატიული თვალსაზრისით „ბაიერნისთვის“ ნიკოლაიშვილის გაფორმება მარტივია.

გიორგი ნიკოლაიშვილს საქართველოს 16, 17 და 18 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ანალოგიურად, ქვარცხავა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში რეგულარულად ხვდება.

ნიკოლაიშვილი ამპლუით ცენტრალური მცველია, ცაციაა და ზოგჯერ მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს. მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა შეკრებაზე გამოიძახა. მასთან ერთად შეკრებაზე დანიელ ქვარცხავაც იმყოფებოდა.

გასულ თვეში ქვარცხავამ და ნიკოლაიშვილმა საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში მაკედონიასთან ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშეს. ქვარცხავამ მაკედონიასთან შთამბეჭდავი რეიდი განახორციელა, სისწრაფითა და ტექნიკით შესანიშნავი გოლი შექმნა.

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის და „საბურთალოს“ პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები