ნაპოლი, ჯენოა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლი სენსაციურ მარცხს გადაურჩა - ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო

იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში „ჯენოა“ შინ მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლის“ 2:0-ს ამარცხებდა, თუმცა მეორე ტაიმში „ნაპოლიმ“ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

ანგარიში მე-40 წუთზე მატია ბანიმ გახსნა. 56-ე წუთზე მატეო რეტეგიმ ანგარიში ორამდე გაზარდა. 76-ე წუთზე ჯაკომო რასპადორის ეფექტური გოლით „ნაპოლიმ“ სხვაობა შეამცირა. 84-ე წუთზე მატეო პოლიტანომ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კვარაცხელია სასტარტოში ათამაშა, პირველ ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დე ვინტერმა და რეტეგიმ დაარღვიეს, ორივე შემთხვევისას მთავარმა მსაჯმა „ჯენოას“ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი უჩვენა.

„ნაპოლიში“ ხვიჩა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მისი 33 პასიდან 30 ზუსტი იყო, დრიბლინგის 3 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ 1 იყო. Sofascore-მა ხვიჩას 7,4 დაუწერა, მასზე მაღალი შეფასება სტუმართაგან მხოლოდ პიოტრ ზელინსკიმ (7,8) და მატეო პოლიტანომ (7,6) მიიღეს.

ხვიჩა კვარაცხელია 89-ე წუთზე შეცვალეს.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი ჯენოასთან

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს სამ მატჩში ითამაშა (ორჯერ სასტარტოში), მის აქტივში 1 საგოლე პასია „სასუოლოსთან“.

სერია ა-ს გასულ ორ ტურში „ნაპოლიმ“ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, „ჯენოასთან“ შეხვედრამდე „დიეგო მარადონაზე“ „ლაციოსთან“ 1:2 დამარცხდა. ოთხი მატჩის შემდეგ რუდი გარსიას გუნდის აქტივში 7 ქულაა, „ნაპოლიმ“ 8 გოლი გაიტანა და 5 გაუშვა.

მეხუთე ტურში „ნაპოლი“ „ბოლონიას“ ესტუმრება, შეხვედრა 24 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები