ზლატანი, ბუფონი, ზეედორფი - კობიაშვილმა ლეგენდებთან ითამაშა
სლოვენიაში, აგვისტოში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს. ღონისძიების ინიციატორი UEFA-ს სლოვენიელი პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი იყო, ამ მატჩის დახმარებით 3,5 მილიონ ევროზე მეტი შეგროვდა, ეს თანხა აგვისტოში სლოვენიაში მომხდარი წყალდიდობისას დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „შალკეს“ ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა მიიღო, რომელიც 10-ნომრიანი მაისურით თამაშობდა. პირველ ტაიმში 10 ნომრით ზეედორფმა ითამაშა, შემდეგ კი მოედანზე 10 ნომრით კობიაშვილი გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სფფ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პენალტების სერიაში დარტყმა ზუსტად შეასრულა, დევიდ ჯეიმსს გაუტანა.
ლურჯმაისურიანებს პაოლო მალდინი კაპიტნობდა, წითელმაისურიანებს - ლუიშ ფიგუ.
კობიაშვილმა ლურჯმაისურიანებში ითამაშა, მისი თანაგუნდელები ჯანლუიჯი ბუფონი, პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, კლარენს ზეედორფი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დიმიტარ ბერბატოვი, დავორ შუკერი და მიროსლავ კლოზე იყვნენ.
წითელმაისურიანებში, რომელთაც ფაბიო კაპელო წვრთნიდა, არაერთი ცნობილი სახე თამაშობდა. მათ შორის იყვნენ დევიდ ჯეიმსი, დარიო სრნა, ოლივერ ბირჰოფი, რობერ პირესი და ანდრეი შევჩენკო.
პენალტების სერია „ლურჯებმა“ 4:3 მოიგეს.
View this post on Instagram