მამარდას ბრწყინვალე რეაქციები - ვალენსიამ ატლეტიკო გაანადგურა
ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მეხუთე ტურში „ვალენსიამ“ სენსაცია შემოგვთავაზა, „ღამურებმა“ „მესტალიაზე“ მადრიდის „ატლეტიკო“ 3:0 გაანადგურეს.
მე-5 წუთზე უგო დურომ ანგარიში გახსნა, ობლაკს ახლო კუთხეში გაუტანა. 34-ე წუთზე „ღამურებმა“ კონტრშეტევა განავითარეს, დიეგო სიმეონეს გუნდის დაცვის ხაზი „ჩავარდა“ და უგო დურომ დუბლი შეასრულა. 54-ე წუთზე ხავი გერამ ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში სამამდე გაზარდა - 3:0.
„ვალენსიას“ სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა. მისი თამაშიდან ორი მომენტია გამოსარჩევი: ერთ ეპიზოდში ახლო მანძილიდან კორეას აუღო, მეორე ეპიზოდში კი ალვარო მორატას ბურთი თავიდან ააცალა.
მამარდაშვილის მომენტები
56-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა გიორგი მამარდაშვილს ყვითელი ბარათი უჩვენა, რადგან „ვალენსიას“ მეკარე ბურთთან ერთად საჯარიმოს მიღმა აღმოჩნდა.
მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ხუთივე ტურში სასტარტოში ითამაშა, კარი მშრალად ორ შეხვედრაში შეინახა, „ლას პალმასთან“ და მადრიდის „ატლეტიკოსთან''.
რუბენ ბარახას გაწვრთნილმა „ვალენსიამ“ ხუთ ტურში 9 ქულა დააგროვა, 5-დან 3 შეხვედრა მოიგო, 2 დათმო.