„კვარა სათანადოდ უნდა დავაფასოთ, რა მოხდება, თუ ლივერპული მოვა?“
ლუკა მარკეტი, რომელიც Sky Sports-ის სატრანსფერო ექსპერტია, ხვიჩა კვარაცხელიას ჯერაც განუახლებელ ხელშეკრულებაზე საუბარობს და ამბობს, რომ კლუბმა ქართველი მეტად უნდა დააფასოს.
„მიუხედავად კვარაცხელიას გარემოცვის კეთილი პრესრელიზებისა და განცხადებებისა, ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საკითხი კვლავ ღია რჩება. ზიელინსკისა და ოსიმენის შემთხვევაშიც მსგავსი ვითარებაა.
კლუბმა მეტი უსაფრთხოებისთვის ეს მოლაპარაკებები დროულად უნდა დახუროს.
რაც შეეხება კვარაცხელიას, როდესაც ასეთი მოთამაშე სხვა ტოპ ევროპელ ფეხბურთელებთან შედარებით დაბალ ანაზღაურებას იღებს, ამ დროს სატრანსფერო ბაზარზე მასზე მოთხოვნა უფრო იზრდება. რატომ? იმიტომ, რომ შენ სხვები გაორმაგებულ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც გაოთხმაგებულსაც შემოგთავაზებენ და ეს მხოლოდ საუდის არაბეთს არ ეხება.
ნაპოლის შემთხვევაში სწორი ნაბიჯი იქნება, თუ კლუბი ხვიჩასთან მოლაპარაკებებზე წავა და კონტრაქტს განაახლებს, რადგან სამომავლოდ სატრანსფერო შემოთავაზებებისას კლუბს მეტი ძალა ექნება.
კვარას მოქმედი კონტრაქტი აქვს, თუმცა იმის შემდეგ, რაც მან გასულ სეზონში აჩვენა, ამჟამინდელი ანაზღაურება მის რეალურ ღირებულებას არ წარმოადგენს.
შეუძლია, თუ არა ნაპოლის, რომ მას სუფთად 2.5 მილიონი გადაუხადოს? ეს ის რიცხვია, რომლითაც საუბრის დაწყება შეიძლება. როდესაც შენთან ლივერპული მოვა... რა თქმა უნდა, იქ თუნდაც სალაჰი 3 მილიონს არ გამოიმუშავებს (ასე ცოტას). ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ კვარას, მის მიმართ სათანადო მადლიერება და დაფასება უნდა გამოვხატოთ“.
- ამბობს ლუკა მარკეტი Sky Sports-ის სატრანსფერო ექსპერტი.
იტალიური და ბრიტანული პრესა აქტიურად წერს, რომ ხვიჩას მიმართ ინტერესი „ლივერპულსა" და „მანჩესტერ იუნაიტედს" აქვთ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა ხვიჩას მამასთან ერთად იტალიურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ყველანაირი ჭორი უარყო და განაცხადა, რომ ისინი „ნაპოლისგან“ არაფერს ითხოვენ, არანაირი ახალ კონტრაქტზე საუბარი არ ყოფილა და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ პრეზიდენტ დე ლაურენტისს ამის სურვილი ექნება.
სხვა საქმეა ის, რომ ამ ინტერვიუს შინაარსის იტალიურ პრესაში ძალიან ცოტას სჯერა.