მიქაუტაძის ტრანსფერი ბრობერისთვის გამაღიზიანებელია - აიაქსის ყოფილი ფორვარდი
ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილმა ფორვარდმა კენეტ პერესმა, რომელიც „ალკმაარში“ შოთა არველაძის თანაგუნდელი იყო და ამჟამად ESPN-ისთვის მუშაობს, ამსტერდამული კლუბის ტრანსფერებზე ისაუბრა. პერესის თქმით, 21 წლის ბრაიან ბრობერისთვის აკპომისა და მიქაუტაძის დამატება გამაღიზიანებელია, რადგან მას ახლა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს.
„აიაქსმა“ „მიდლსბროდან“ ჩუბა აკპომი, „მეციდან“ კი გიორგი მიქაუტაძე გადაიბირა. ჩემი წარმოდგენით მათი გადაბირება ბრაიან ბრობერისთვის გამაღიზიანებელია, მას ახლა ორი სერიოზული კონკურენტი ჰყავს აკპომისა და მიქაუტაძის სახით''.
21 წლის ბრაიან ბრობერმა ყველა ტურნირის ჩათვლით „აიაქსში“ 81 მატჩი ჩაატარა, 29 გოლი შეაგდო და 7 საგოლე პასი შეასრულა.
მიქაუტაძის დებიუტი „აიაქსში“ ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ ტურში სიტარდის „ფორუნასთან“ შედგა, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. ამ მატჩიდან გამომდინარე 22 წლის ქართველი ფორვარდის შესახებ Algemeen Dagblad-ის ჟურნალისტმა იოჰან ინანმაც ისაუბრა. მან მიქაუტაძის თამაში უარყოფითად შეაფასა.
„მიქაუტაძის ტრანსფერი ხმაურიანი იყო, მასში დიდი თანხა გადაიხადეს, თუმცა მე მისმა თამაშმა იმედი გამიცრუა. ახლა როგორ მოიქცევა მთავარი მწვრთნელი მორის სტეინი? მიქაუტაძეს სასტარტოში დატოვებს თუ სხვას აირჩევს? ჩემი აზრით, შესაძლოა, აქცენტი აკპომზე გააკეთოს''.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ „აიაქსთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. „აიაქსი“ „მეცს“ 16 მილიონ ევროს გადაუხდის, თუმცა შესაძლოა, ბონუსების ჩათვლით თანხა 19 მილიონამდე გაიზარდოს.