სომხეთს მოვუგეთ - საქართველოს წარმატებული სტარტი ელიტ რაუნდში
ფუტსალში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის პირველ შეხვედრაში საქართველომ სომხეთს 2:1 მოუგო. აღსანიშნავია, რომ მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის ხელმძღვანელობით საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მე-100 მატჩი ჩაატარა.
ანგარიში მე-10 წუთზე ჩიმბას პასით ირაკლი თოდუამ გახსნა. კომბინაცია მეკარე კუპატაძის დიაგონალური გადაცემით განვითარდა.
პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, მეორე გოლი მეკარე ზვიად კუპატაძის ბრწყინვალე პასის შემდეგ ბრუნო გომესმა გაიტანა.
შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე სომხეთის ნაკრებმა ანგარიში შეამცირა, გოლი ჟულიო ზანოტოს ანგარიშზეა.
მატჩის მიწურულს სომხეთის ნაკრებმა მწვავე შეტევა განავითარა, თუმცა საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ ბურთი მოიგერია. საბოლოოდ, შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდის E ჯგუფში საქართველო, სომხეთი, პორტუგალია და ფინეთი არიან. აღსანიშნავია, რომ პორტუგალია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
მეორე ტურში საქართველოს ნაკრები პორტუგალიას სტუმრად დაუპირისპირდება. შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 00 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ. ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი ფლეი-ოფში გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას.
ფოტოები: სფფ-ის პრესსამსახური