პიტერ შმეიხელი, ლევ იაშინი, მანუელ ნოიერი, ჯანლუიჯი ბუფონი, იკერ კასილიასი
Aa Aa

პასუხი კითხვაზე | არის თუ არა იაშინი GOAT-ი მეკარეებში?

„იაშინმა ფეხბურთში სამეკარეო რევოლუცია პირველმა მოახდინა და თამაშობდა ისე, როგორც ამას იქამდე არავინ აკეთებდა. ყოველთვის მზად იყო, ყოფილიყო დამატებითი მცველი და დაეწყო კონტრშეტევები სწრაფი გადაგდებებით“, - France Football, 2018 წლის ივნისი.

ფეხბურთის 160-წლიან ისტორიაში ყველაზე საიმედო მეკარე! სწორედ ამ წინადადების ფაქტობრივ-სტატისტიკური არგუმენტის მოძებნა მგონია ამ სტატიის მთავარი მიგნება და ფასეულობა!.. პირველი შემტევი მეკარე; პირველი მეკარე, ვინც მცველების კარნახის პრაქტიკა შემოიღო; პირველი „დამზღვევი“ მეკარე; პირველი მეკარე, რომელმაც გამოსვლების პრაქტიკა დაამკვიდრა; პირველი მეკარე, რომელიც მეტოქეს არ ელოდებოდა და ყველა მომენტში თამაშის წაკითხვასა და შესაბამის მოქმედებას ცდილობდა; პირველი და დღემდე ერთადერთი მეკარე, ვინც „ოქროს ბურთი“ მოიგო! ამას დავუმატოთ 150-ზე მეტი მოგერიებული პენალტი და 16-წლიან სანაკრებო კარიერაში გაშვებული 70 გოლი. ლევ იაშინი, იგივე „შავი ობობა“ ან „შავი პანტერა“, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეკარეა.

ყველაფერზე შეიძლება იკამათონ, მაგრამ რასაც იაშინს ვერავინ უკარგავს, რევოლუციონერობაა!.. მან მეკარის სათამაშო სტილი შეცვალა, სიახლეები შეიტანა და მოედანზე ისეთი რაღაცების კეთება დაიწყო, რასაც იქამდე არც ერთი გოლკიპერი აკეთებდა, მაგრამ მას შემდეგ და ახლა ყველა აკეთებს ან ცდილობს, რომ გააკეთოს. მისი თანამედროვე კოლეგები უბრალოდ კარში იდგნენ და ბურთებს იგერიებდნენ, იაშინი კი დროს უსწრებდა და უკვე სხვა ლიგაში იყო. უფრო მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ: სხვები უბრალოდ მეკარეები იყვნენ, იაშინი კი პირველი ფეხბურთელია, რომელიც პოზიციით მეკარე იყო.

„ვიღაცამ ერთხელ მითხრა, რომ პელესთან ერთად გუნდი თამაშს 1:0-ით იწყებს. მე ვიტყოდი, რომ იაშინთან ერთად ანგარიში თავიდანვე 2:0-ია“, - პელე.

„ლევ იაშინი უმაღლესი კლასის სუპერ მეკარე იყო, ყველაფერს ტოპ დონეზე აკეთებდა. მისი კარიერის შემდეგ, მეკარეები 10-15 წლის განმავლობაში მაგალითს იღებდნენ, რადგან მისაბაძი მოდელი იყო. ვცდილობდი, რეალობაში გადმომეტანა რაღაცები, რასაც მხოლოდ ის აკეთებდა. იმის მიუხედავად, რომ უკვე უმაღლეს დივიზიონში ვთამაშობდი, მისგან ვსწავლობდი“, - გორდონ ბენქსი, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი.

რით იყო გამორჩეული, როგორ თამაშობდა, რას აკეთებდა მოედანზე და რატომ ჰქონდა თამაშზე სხვა მეკარეებზე უფრო მეტი გავლენა და მთავარი - რის გამო მისცეს „ოქროს ბურთი“?.. რამდენად დამსახურებული იყო ეს ჯილდო და არის თუ არა ამის გამო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი მეკარე?!.. ჯანლუიჯი ბუფონთან, პეტერ შმეიხელთან, იკერ კასილიასთან, იმავე გორდონ ბენქსთან, პეტრ ჩეხთან, მანუელ ნოერთან და სხვებთან მიმართებით ხშირადაა კამათი, რომელია ყველა დროის საუკეთესო მეკარე.

ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ასეთ კამათს ხშირად შესწრებიხართ და პერიოდულად ისიც მოგისმენიათ, რომ ამ სიიდან კი არ უნდა იყოს რომელიმე ამ სტატუსით, არამედ საუკეთესო იაშინია და მოაყოლებენ თავიანთ არგუმენტებს. არგუმენტები ნამდვილად არსებობს, თუმცა არსებობს კონტრარგუმენტებიც. ჰოდა, მოდი, მივყვეთ და გავერკვეთ: სტატისტიკით, ტიტულებით, ინდივიდუალური მიღწევებით, გამორჩეული ამბებით, ფაქტებით და სხვა გარემოებებით, იმ ეპოქის უფრო ნათლად დანახვა, კვლევა და ანალიზი ვცადოთ.

მუშათა კლასის გმირი თუ ვარსკვლავი? - ვინ არის ლევ იაშინი

ლევ იაშინი 1929 წლის 22 ოქტომბერს, მოსკოვში, მუშათა კლასის ოჯახში დაიბადა და მომავალში ამ სოციუმის გმირად და მაგალითად იქცა. „თამაშის წინ უნდა შევეხო ბურთს, როგორც დურგალი სამუშაოს დაწყებამდე დაფას ეხება. ეს მუშათა კლასის ჩვევაა“.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო, მცირე ასაკის (12 წლის იყო) მიუხედავად, სამხედრო ქარხანაში სამუშაოდ გაიწვიეს. ქარხანა მოსკოვიდან 876 კილომეტრის მოშორებით, ულიანოვსკში მდებარეობდა და პატარა ლევი მატარებლის მტვირთავად მუშაობდა. მოგვიანებით, მამის გზას გაჰყვა და ზეინკალი გახდა. იმ პერიოდში ჰოკეის მეკარე იყო, თუმცა ქარხანას ჰოკეის გუნდი არ ჰყავდა და ფეხბურთის გუნდში აიყვანეს, ოღონდ, თავდამსხმელის პოზიციაზე. მალევე მიხვდნენ, რომ მეკარეობა უკეთესად გამოუვიდოდა.

თინეიჯერობის ასაკში, როგორც 1930-იანი წლების რუსი ბიჭების უმრავლესობა, სიგარეტს ეწეოდა, გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდა და თავისუფალ დროს ბურთს გასართობად აგორებდა. სწორედ ქუჩის ფეხბურთისა და ჭადრაკის სიყვარულის დამსახურება იყო, რომ მეტოქეებზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედების უნარი გამოიმუშავა, რაც შემდეგში განსაკუთრებულად პენალტების დროს ეხმარებოდა.

პენალტებში დღემდე რეკორდსმენია და, ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება. ფიფა-ს საიტის მიხედვით, 150-ზე მეტი თერთმეტმეტრიანი აქვს მოგერიებული - უახლოეს მეკარეს თითქმის 3-ჯერ ნაკლები შედეგი აქვს: „იური გაგარინის კოსმოსში ყურების სიხარულს, მხოლოდ პენალტის მოგერიების სიხარული თუ შეედრება“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში. სხვათა შორის, ხშირად გამოხატავდა პატივისცემას და ეხუტებოდა თავდამსხმელს, რომელიც მისთვის პენალტის გატანას მოახერხებდა.

ზოგადად, იაშინი ძალიან სპორტული ადამიანი იყო და თითქმის ყველა სპორტს მიედ-მოედო, ამაზე თავადაც ხუმრობდა: „მძლეოსნობა, სიმაღლეზე ხტომა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, კრივი, ჭიდაობა, ციგურაობა და კალათბურთი ვცადე, წყალბურთი, ყინულის ჰოკეი და ფეხბურთი კი ვითამაშე. მართლა არ ვიცი, საუკეთესო რაში ვიყავი“. წყალბურთში არა, მაგრამ ჰოკეის მეკარის კარიერას ფეხბურთის პარალელურად აგრძელებდა და მაგარი მიღწევაც აქვს: ჰოკეისა და ფეხბურთში საბჭოთა კავშირის თასი აქვს მოგებული. 1953 წელს, როცა პირველ სრულფასოვან საფეხბურთო სეზონს ატარებდა, დინამოელთა ჰოკეის გუნდისთვის, შეიძლება ითქვას, უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა იყო - ძირითადი მეკარის სტატუსი ჰქონდა და ნახსენებ საბჭოთა კავშირის თასის მოგებაში თავისი წვლილი შეიტანა. 1954-ში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს და ჰოკეისტის კარიერაც მაშინ დასრულდა.

ასეთი სპორტულობის მიუხედავად, ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვობიდან აწუხებდა და მისი სხეული ყველაზე ძლიერი არ ყოფილა. სხვათა შორის, არც გონება, რადგან 18 წლის ასაკში, მენტალური მდგომარეობის გამო, ქმედუუნაროდ ცნეს და გარკვეული პერიოდით მუშაობა შეაწყვეტინეს. „იმ პერიოდში სიცარიელის გარდა არაფერს ვგრძნობდი“, - წერს ავტობიოგრაფიულ წიგნში. ეს ყველაფერი მის კარიერაზეც კომპლექსურად აისახა და მატჩებს ხშირად ტოვებდა, ამაზე ქვემოთ რიცხვებით ვილაპარაკოთ.

თამბაქოზე დამოკიდებულება და ჯანმრთელობის პრობლემები

იაშინის ეპოქაში სპორტი ბოლომდე პროფესიონალურად არ აღიქმებოდა, ყოველ შემთხვევაში, ყველა სრული სერიოზულობით არ ეკიდებოდა და სუპერ პროფესიონალის იარლიყს ვერც იაშინს მივაწებებთ. აქვე მისი კომენტარიც: „ჩემი საიდუმლო? თამაშამდე ნერვების დასამშვიდებლად სიგარეტს ვეწეოდი და სხეულის გასაძლიერებლად არაყს ვსვამდი“.  სხვადასხვა წყაროებით, ლეგენდარულმა მეკარემ მოწევა ადრეული ბავშვობიდან დაიწყო და არასდროს შეუწყვეტია, ზრდასრულობის ასაკიდან დღეში 3-4 კოლოფ თამბაქოს მოიხმარდა. ამაზე ერთი სახალისო ისტორიაც არსებობს. 1956 წელს, ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრები შეკრებას ინდოეთში გადიოდა. გუნდმა თავისუფალ დროს გასეირნება გადაწყვიტა და სპილო მოინახულეს. იაშინს სიგარეტის კოლოფი, როგორც ყოველთვის, მაშინაც ხელში ეჭირა, რაც სპილოს არ მოეწონა და ხელიდან გააგდებინა. თანაგუნდელები ლევს ამაზე დიდხანს ეხუმრებოდნენ.

მოწევამ სერიოზული პრობლემები ჯერ კიდევ 30 წლის ასაკამდე შეუქმნა და კუჭის წყლული განუვითარდა. ლეგენდის ჯანმრთელობა კარიერის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გაუარესდა და 1984 წლისთვის კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ოპერაციამ მისი სიცოცხლე 6 წლით გაახანგრძლივა...

მორცხვი ლოკალური ვარსკვლავი: ისტორია პუშკაშთან შეხვედრაზე

იაშინი ლოკალური ვარსკვლავი იყო, მას არ უყვარდა ცვლილებები და ბოჰემური ცხოვრება, საფეხბურთო კარიერაც მხოლოდ ერთ გუნდში, მოსკოვის „დინამოში“ გაატარა - 1950-1970 წ. პუშკაში, დი სტეფანო, კოჩიში, კოპა, მეთიუზი, ეუსებიო, ჩარლტონი და ევროპაში მოთამაშე სხვა ვარსკვლავები, სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვარსკვლავები იყვნენ და ეს მათ ცხოვრებასაც ეტყობოდა. იაშინის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად იყო, მას ვერასდროს წარმოედგინა რუსეთს გარეთ ცხოვრება და არც მატერიალურ კეთილდღეობაზე ჰქონდა დიდი პრეტენზია. კმაყოფილდებოდა იმით, რასაც უხდიდნენ და როგორც ცხოვრობდა.

ევროპელ და საბჭოელ ვარსკვლავებს შორის მაშინ არსებული მთელი ეს კონტრასტი ერთ ამბავში ჩანს. რუსი ჟურნალისტი, ევგენი რუბინი გვიყვება: „ერთხელ იაშინი რესტორანში ფერენც პუშკაშთან ერთად წავიდა. როცა გადახდის დრო მოვიდა, პუშკაშმა საფულე ამოიღო, რამაც იაშინი შოკში ჩააგდო და თქვა: „ამდენი ფული ერთად არასდროს მინახავს, რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე, რომ მისი გამომუშავებაა შესაძლებელი“. იაშინის მორცხვ ხასიათს მიაწერდა ამ ყველაფერს მეუღლე ვალენტინა, რომელიც ამბობდა, რომ ლევი ხელმძღვანელებს ბონუსებს არასდროს სთხოვდა და ყოველდღიურობაში ძალიან მორიდებული დამოკიდებულებები ჰქონდა.

მოკლედ, ლეგენდარული მეკარე, თუნდაც მაშინდელი საზომებით, ტიპური ვარსკვლავის იმიჯს არ ირგებდა და მისი ცხოვრება ასეთი არ ყოფილა. გასაგებია, რომ ეს სტატუსი საბჭოთა კავშირის ეპოქაში მაინც ფერმკრთალი იქნებოდა, მაგრამ თავად იაშინიც არ იყო შინაგანად ვარსკვლავური და ბოჰემური. ის ქვედა ფენიდან წამოსული ტალანტი იყო, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია, მაგრამ, დიდი ალბათობით, კიდევ გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო.

კარგი, რადგან მის პიროვნებასა და საფეხბურთო მემკვიდრეობაზე გარკვეული წარმოდგენა შევიქმენით, დავიწყოთ პროფესიონალური კარიერის კვლევა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. მნიშვნელოვანი მატჩები, ეტაპები, ტურნირები, ტიტულები, სტატისტიკა და ა.შ.

კარიერის პირველი წლები: 9-გოლიანი მატჩი „დინამო თბილისთან“

1945 წელს, იაშინი მოსკოვის „დინამოს“ ჰოკეის (ყინულის) გუნდში ჩაირიცხა და რამდენიმე წელი ჰოკეის მეკარის სტატუსი ჰქონდა, ბუნებრივია, ფეხბურთის მეკარეობის პარალელურად... მოსკოველთა საფეხბურთო გუნდმა მისი პირველ შემადგენლობაში აყვანა 1949 წელს გადაწყვიტა. სულ სულ პირველი თამაში კი კომიკური გამოუვიდა - ამხანაგურ შეხვედრაში ლევს გოლი მეტოქის მეკარემ გაუტანა და ამის შემდეგ ორი სეზონის განმავლობაში საბჭოთა ჩემპიონატის მხოლოდ ორ მატჩში ათამაშეს - ჯამში 95 წუთი. ამ ორიდან პირველი - მოსკოვურ დერბიში „სპარტაკთან“, ხოლო მეორე უკვე ძირითად შემადგენლობაში - „დინამო თბილისთან“.

1950 წლის სეზონში გამართული მოსკოვურ-თბილისური დაპირისპირება ძალიან საინტერესო და უხვგოლიანი გამოვიდა. იაშინის გარდა და სხვებთან ერთად, რუსების მხარეს ლეგენდარული კონსტანტინ ბესკოვი (1982-ის მსოფლიოზე, ნოდარ ახალკაცთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად, საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი) და სერგეი სალნიკოვი თამაშობდნენ. ჩვენების მხარეს კი ავთანდილ ღოღობერიძე პრაიმში იყო, სწორედ ამ სეზონში კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა და ჩემპიონატში 23 გოლი შეაგდო, თუმცა ბომბარდირი ნიკიტა სიმონიანი გახდა - 34 გოლით.

ქართველ ლეგენდას სსრკ-ის ჩემპიონატის მომდევნო სეზონიც მაგარი ჰქონდა: მართალია, უფრო ცოტა - 16 გოლი გაიტანა, მაგრამ ამჯერად ეს ბომბარდირობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ეს უკვე ის პერიოდია, როცა „დინამოს“ ლიდერობა და მთავარი ვარსკვლავობა „ბასამ“ გადაიბარა, ბორის პაიჭაძე კი კარიერის ფინიშისკენაა და ერთ-ერთი ბოლო სეზონი აქვს. სათამაშო სქემა იმ პერიოდისთვის გავრცელებული 3-2-5 იყო, თერთმეტეული კი ასეთი:

დინამო თბილისი (3-2-5): ვლადიმერ მარღანია - ვლადიმერ ელოშვილი, ნიკოლაი გოგლიძე, იბრაგიმ სარჯველაძე - გიორგი ღარიშვილი, ვიკტორ პანიუკოვი - გიორგი გრამატიკოპულო, ნიკოლაი თოდრია, იური ვარდიმიადი, ავთანდილ ღოღობერიძე, ბორის პაიჭაძე. მთ. მწვრთნელი: ალეკსეი სოკოლოვი.

რუსები 3:0 და 4:1 იგებდნენ, თუმცა ღოღობერიძის დუბლისა და თოდრიასა და პაიჭაძის გოლებით, 70-ე წუთისთვის ანგარიში 4:4 გახდა. თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ბესკოვმა დუბლი შეასრულა (სხვათა შორის, ვასილი ტროფიმოვმა ჰეთ-თრიქი მიითვალა) და თავის გუნდს 5:4 მოაგებინა. ესე იგი, რა გამოდის:

ლევ იაშინს ოფიციალური კარიერის პირველი 5-დან 4 გოლი ქართველებმა გაუტანეს - ღოღობერიძემ (2), თოდრიამ და პაიჭაძემ.

საბოლოოდ, 1950-ის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩვენი „დინამო“ მე-3 ადგილზე გავიდა და 3 ქულით ჩამორჩა სწორედ მოსკოვის „დინამოს“ - ჩემპიონი მოსკოვის ცსკა გახდა.

სტატიის მომზადებისას, ცხადია, გამიჩნდა ინტერესი ლეგენდარული მეკარის თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ ჩატარებული მატჩებისთვის გადამევლო თვალი: რამდენჯერ მოვუგეთ, ვინ გაუტანა ყველაზე მეტი გოლი და მსგავსი დეტალები.

იაშინმა „დინამოელთა“ წინააღმდეგ 25-ჯერ ითამაშა: მისმა გუნდმა 15 შეხვედრა მოიგო, 3-ჯერ ჩვენებმა გაიმარჯვეს და 7-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

ქართველთაგან იაშინს ყველაზე მეტი -  3-3 გოლი სამმა კაცმა გაუტანა: ავთანდილ ღოღობერიძემ (1950-ში დუბლი; 1952), ავთანდილ ჭკუასელმა (1953; 1956-ში დუბლი) და შოთა იამანიძემ (1957; 1958; 1964); 2-2 გოლით კი ნიკოლაი თოდრია (1950; 1953), ალექსანდრე კოტრიკაძე (1953; 1954), კონსტანტინ გაგნიძე (1953; 1955), ზაურ კალოევი (1955; 1959), ილია დათუნაშვილი (ორივე 1964-ში, სხვადასხვა მატჩში) და ლევან ნოდია (1969-ში დუბლი) გამოირჩნენ.

სსრკ-ის ჩემპიონატში: რატომ ჰქონდა გუნდზე დიდი გავლენა?!..

თუ არ ჩავთვლით 1950 წელს ჩატარებულ ორ მატჩს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ, იაშინმა საკლუბო დონეზე 18 სეზონი ითამაშა - 1953-დან 1970-ის ჩათვლით. მოსკოვის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სულ 11-ჯერ მოიგო, აქედან 5 ლევის ეპოქაზე მოდის. რაც შეეხება თასს, დინამოელებს ისტორიაში 7 ტიტული აქვთ - 3-ჯერ ლევთან ერთად. მოდი, თითოეული სატიტულო სეზონი, მათში იაშინის წვლილი და გუნდზე გავლენა, სტატისტიკის მეშვეობით ჩავშალოთ.

1954 - „დინამომ“ ჩემპიონატი 4-ქულიანი უპირატესობით მოიგო. იაშინმა ყველა, 24-ვე შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა და მშვენიერი სტატისტიკა ჰქონდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავად პირველი 10 ტური ჩაატარა: მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. საერთო ჯამში, სეზონი 20 გაშვებული გოლითა და 11 მშრალი კარით დაასრულა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოველთა შემტევებს ნორმალური, მაგრამ არა გასაგიჟებელი სეზონი ჰქონდათ და ილინმა - 11, ხოლო ბონდარენკომ 8 გოლი შეაგდო, ლოგიკურად გამოდის, რომ დაცვისა და მეკარის კარგ თამაშზე არც ისე ცოტა იყო დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, იაშინის „Clean Sheet“-ებს ტიტულის მოსაგებად მნიშვნელოვანი წონა ჰქონდა და გუნდის თამაშზე მისი გავლენა არც ისე მცირე უნდა ყოფილიყო. ეს იყო იაშინის პირველი ხმაურიანი სეზონი, რამაც საბჭოთა კავშირის ნაკრების პირველი მეკარის სტატუსი მოუპოვა.

1955 – 50-იანი წლების შუაში მოსკოვის „დინამოს“ შედეგიანი პერიოდი ჰქონდა: 1953-57 წლებში 4 ტიტული მოიგეს და აქედან 3 ჩემპიონობა იყო. მოქმედი ჩემპიონის სტატუსით, იაშინმა და „დინამომ“ კიდევ ერთი მაგარი სეზონი 55-ში ჩაატარეს. კარგ ფორმაში იყო „სპარტაკიც“, მაგრამ დინამოელებმა მათ 1 ქულით აჯობეს და ტიტული დაიცვეს. ისევე, როგორც 54-ის საჩემპიონო სეზონში, ამ წელსაც შედეგიანი იყო ვლადიმირ ილინი (12 გოლი), გენრიხ ფედოსოვს კი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჰქონდა - 9 გოლი.

მეტი თვალსაჩინოებისთვის რომ ვთქვათ, „დინამოს“ სტრელცოვის, სიმონიანის, ღოღობერიძისა თუ პაიჭაძის დონის შემტევი ფიგურა არც იმ სეზონში ჰყოლიათ და მათი მთავარი ვარსკვლავი იაშინი იყო.

ეს გამონაკლისი ორიდან ერთ-ერთი სეზონია (პირველი ასეთი 1954-ში იყო), როცა ლევმა ჩემპიონატის ყველა მატჩში ითამაშა: 22 თამაშიდან 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა და სულ 16 გოლი გაუშვა. საბოლოო ცხრილიდან ვხვდებით, რომ დაცვაში ასეთი ეფექტური თამაში საჩემპიონო რბოლაში ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, გადამწყვეტიც გამოდგა. „სპარტაკმა“ „დინამოზე“ 3-ით მეტი გოლი გაიტანა, მაგრამ 11-ით მეტი გაუშვა, რამაც, ცხადია, ბევრი რამ განაპირობა. ასე რომ, იაშინის როლი ამ საჩემპიონო სეზონშიც საგრძნობლად დიდი უნდა ყოფილიყო.

1957 - მოსკოველებს კიდევ ერთი დიდებული სეზონი 1957-ში ჰქონდათ, როცა ჩემპიონატი სუპერ დამაჯერებლად, 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. გუნდმა 22 მატჩიდან 16 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ორჯერ წააგო. საკმაოდ ბევრი - 49 გოლი გაიტანა, რაშიც მთავარი წვლილი ალეკსეი მამიკინსა (13) და გენრიხ ფედოსოვს (10) მიუძღვით.

იაშინს, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 12-ზე მეტ ტურში არ უთამაშია: 7 გოლი გაუშვა და 6-ჯერ კარი მშრალად შეინახა. წინა საჩემპიონო სეზონების სტატისტიკას ბევრით არაფრით ჩამორჩება, მაგრამ რაოდენობა ცოტაა და იმ ორ სატიტულო წელს ამიტომ ვერ გავუტოლებდი. თორემ, თამაშების 50%-ში გოლის არგაშვება მაგარი შედეგია და ამაში ქვემოთ მოყვანილ სტატისტიკაშიც დარწმუნდებით - ფეხბურთის ისტორიაში, ერთადერთი დიდი მეკარის გარდა, 50%-იანი მაჩვენებელიც არავის აქვს!..

1959 – 59-ის სეზონი საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოო ცხრილშიც პირველ-მეექვსე ადგილოსნებს შორის სხვაობა 7 ქულაა. დინამოელებმა საწყისი 9 ტურიდან 8 თამაში მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს, შემდეგ კი ლიდერობა შეინარჩუნეს და იაშინის ეპოქაში მეოთხედ გაჩემპიონდნენ.

ლევმა 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაუშვა და 8-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გუნდმა მის გარეშე 3 თამაში ჩაატარა და მათგან 2 წააგო, თანაც ორივე საკუთარ მოედანზე. ამ ორიდან ერთ-ერთი წაგება „დინამო თბილისთან“ იყო, როცა ვლადიმერ ბარქაიამ დუბლი შეასრულა და 2:1 მოვიგეთ. ცალკე აღვნიშნოთ, რომ იმ სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ზაურ კალოევი გახდა, რომელმაც 16 გოლი შეაგდო. კალოევი შემდეგ სეზონში უკვე 20 გოლს შეაგდებს და ბომბარდირი ზედიზედ მეორედ გახდება.

დავუბრუნდეთ იაშინსა და მის „დინამოს“, გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი - 8-8 გოლი გენრიხ ფედოსოვმა და დმიტრი შაპოვალოვმა გაიტანეს, რაც მაღალი მაჩვენებელი ნამდვილად არაა. ამ ფონზე კი ლიგაში გაშვებულ ყველაზე ცოტა - 21 გოლს (სხვებზე მინიმუმ 4-ით ნაკლები) გარკვეული ფასი ედება. თუმცა, საპირისპიროდ ისიც უნდა ითქვას, რომ „დინამომ“ მეორე ადგილზე გასულ „ლოკომოტივს“ ერთ-ერთი ურთიერთშეხვედრა 7:1 მოუგო, ამიტომაც საჩემპიონო ბედის განმსაზღვრელად მხოლოდ ცოტა გაშვებულ გოლს ვერ ავიღებთ, რადგან სხვა მატჩებში „ლოკოს“ დაცვაც ძალიან კარგად თამაშობდა.

ასეა თუ ისე, „დინამომ“ ჩემპიონატი კვლავ დიდი შემტევი ვარსკვლავის გარეშე მოიგო!

ამავდროულად, ეს იყო მიხაილ იაკუშინის 7-წლიანი (1953-60) ოქროს პერიოდის ბოლო დიდი წარმატება. მოსკოველთათვის ლეგენდარულმა მწვრთნელმა გუნდს ჩემპიონატი 4-ჯერ მოაგებინა, რასაც 1 სათასო ტიტულიც მიამატა. 

რაც შეეხება ლევის მეხუთე საჩემპიონო წელს, ის 1963-ია, რომელიც ასევე „ოქროს ბურთის“ წელია, ამიტომ მასზე ცალკე თავში ვილაპარაკოთ. იქამდე მის 18-სეზონიან სრულ სტატისტიკას გავავხედოთ, სსრკ-ის ჩემპიონატში.

სსრკ-ის თასზე: კარიერის ბოლო ტიტული თბილისის „დინამოსთან“

როგორც უკვე ვიცით, მოსკოვის „დინამომ“ საბჭოთა კავშირის თასი სულ 7-ჯერ მოიგო და აქედან 3-ჯერ იაშინის ეპოქაში. იმის თქმაც შეიძლება, რომ ლეგენდარული მეკარის ნათლობა სწორედ თასზე შედგა და მისი პირველი დიდი წარმატებული ტურნირი ესაა. იქ ნაჩვენებმა მაგარმა თამაშმა განუმტკიცა „დინამოს“ უალტერნატივო პირველი ნომრის სტატუსი და გზა გაუხსნა ნაკრებისკენაც.

1953 - ჩემპიონატში იაშინს ბევრი არ უთამაშია, მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა და მის „დინამოსაც“ წარუმატებელი სეზონი ჰქონდა, რასაც სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელის შეცვლა მოჰყვა. პოსტზე თბილისის „დინამოდან“ რამდენიმე კვირის წასული მიხაილ იაკუშინი დანიშნეს, რომელიც მოსკოველებს 1944-50 წლებშიც წვრთნიდა და ჩემპიონატი ორჯერ (1945 და 1949) მოაგებინა. იაკუშინმა გუნდი აგვისტოს დასაწყისში ჩაიბარა და რამდენიმე კვირა ჰქონდა, რომ გუნდი თასის გათამაშებისთვის კარგ ფორმაში შეეყვანა.

ტურნირი დროის მოკლე მონაკვეთზე, 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე იყო გაწერილი. პირველ ეტაპზე ყველაფერი კოშმარულად დაიწყო და ლენინგრადის „დინამოსთან“ საწყისი 3 წუთის შემდეგ 0:2 ჩამორჩნენ, მაგრამ თამაში გადაარჩინეს და 120 წუთის თავზე გაირკვა, რომ გადათამაშება უნდა დანიშნულიყო. მეორე დღეს, მოსკოველებმა გადათამაშება 3:0 მოიგეს, რასაც უკვე დამაჯერებელი მშრალი სვლა მიაყოლეს. 1/4 ფინალში თბილისის „დინამოს“ ბესკოვის გოლით მოუგეს და ასევე 1:0-ებით გაიმარჯვეს 1/2 ფინალსა და ფინალში. იაშინმა ფინალურ მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი 58-ე წუთზე დატოვა, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის ვთქვათ, რომ მას შესანიშნავი სათასო სეზონი გამოუვიდა - 5-დან 4 მატჩში გოლი არ გაუშვია. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ 23 წლისაა და კარიერის პირველი სრულფასოვანი სეზონია.

საბჭოთა ორბიტაზე ძალიან საინტერესო ტალანტიდან სრულფასოვანი მეკარეობისკენ გადადგმულ პირველი ნაბიჯი ყველამ ნახა და დარწმუნდნენ, რომ მოსკოველი სკაუტები 40-იან წლებში ქარხნის გუნდის მატჩებზე დასწრებისას დროს ტყუილად არ კარგავდნენ.

1967 - უკვე „ოქროს ბურთის“ მომგებ ლეგენდას 1966 წელი საკლუბო დონეზე ჩაუვარდა და ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში ითამაშა. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონს კარგ ფორმაში, თანაც, ახალ მწვრთნელ კონსტანტინ ბესკოვთან ერთად, შეხვდა, რაც შედეგებსაც დაეტყო. გუნდმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, თასზე კი მძიმედ დაიწყო, მაგრამ სუპერ დამაჯერებლად დაასრულა. ბევრი გუნდი ვიცით, რომელმაც ტურნირის 1/2 ფინალი - 4:0, ხოლო ფინალი 3:0 მოიგო?!

მოსკოველებს კონტრასტული გათამაშება გამოუვიდათ. პირველ ეტაპზე ვორონეჟის გუნდ „ტრუდთან“ გადათამაშება დასჭირდათ, მეორე წრეში დონეცკის „შახტართან“ 90-ე წუთზე გაუშვეს და 93-ზე გაათანაბრეს და დამატებითში მოიგეს, შემდეგ წრეში კი მოსკოვურ დერბიში „ტორპედოსთან“ 90-ე წუთზე შეაგდეს გამარჯვების გოლი. სამაგიეროდ, რაც იქამდე იწვალეს, არაფერია იმასთან, როგორ იოლადაც ბოლო ორი ეტაპი გაიარეს. ნახევარფინალში სარატოვის „სოკოლს“ გაკვეთილი ჩაუტარეს და 4 უპასუხო გოლი გაუტანეს, ფინალში კი კიდევ ერთ დედაქალაქურ დერბიში ცსკა-ს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს და საბოლოოდ 3:0 გაანადგურეს. იაშინმა ტურნირზე 6-დან 4 მატჩში კარი მშრალად შეინახა, თანაც აქედან სამი გადამწყვეტი ეტაპები იყო: მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალი.

თასის ამ გათამაშებისა და წინა სეზონების რამდენიმე მაგალითი იმაზეც მიგვანიშნებს, რომ იაშინი „Big Game Player“-იც იყო, რაც დიდი ვარსკვლავების უმრავლესობას აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც გადამწყვეტ მატჩებში არაფერი გამოსდით. ალბათ, რამდენიმე მათგანზე გონებაში უკვე გაგეფიქრათ.

1970 - იცოდით, რომ იაშინმა თავისი პროფესიონალური კარიერის ბოლო ტიტული „დინამო თბილისთან“ ფინალში მოიგო? ან ვინ გაუტანა კარიერის ბოლოსწინა გოლი?

ფეხბურთის რუს ლეგენდას ბოლო სეზონში ბევრი აღარ უთამაშია, მაგრამ „დინამო“ მის გარეშეც ძლიერი იყო და ჩემპიონატი მხოლოდ გადათამაშებაში წააგეს - ცსკა-სთან. თუმცა, იაშინის გავლენა მაინც ცალსახაა: 13 მატჩიდან, რომელიც ითამაშა, 10-ში გოლი არ გაუშვია. თუ შევადარებთ, დინამოელებმა მის გარეშე გამართული 19 მატჩიდან მხოლოდ 4-ში შეინახეს კარი მშრალად. ვფიქრობ, ზედმეტად ნათელი და თვალსაჩინო სტატისტიკაა იმის საილუსტრაციოდ, თუ რას წარმოადგენდა იმ ეპოქაში თუნდაც უკვე 40 წლის ლევ იაშინი!

გადავიდეთ თასის გათამაშებაზე. პირველი ორი რაუნდი, რომლებიც ორმატჩიანი იყო, მოსკოველებმა ლევის გარეშე გოლგაუშვებლად გაიარეს, 1/4 ფინალიდან კი საქმეში დიდი კაციც ჩაერთო. მოსკოვის „ტორპედოსთან“ გოლი არ გაუშვია, ნახევარფინალსა და ფინალში კი კიევისა და თბილისის „დინამოებმა“ თითო-თითო ბურთი გაუტანეს.

ჩვენი „დინამო“ (4-4-2): რამაზ ურუშაძე - რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ ჭელიძე, გურამ ცხოვრებოვი - კახი ასათიანი, მანუჩარ მაჩაიძე, გურამ პეტრიაშვილი, სერგო კუტივაძე - გოჩა გავაშელი, გივი ნოდია. მთ. მწვრთნელი: გივი ჩოხელი.

ფინალური მატჩის კადრები არსებობს და აქვე თავად შეგიძლიათ, გადახედოთ.

თავის დასაწყისში დასმულ მეორე კითხვაზე კი პასუხი თქვენ უმრავლესობას უკვე აქვს, მაგრამ სხვებსაც გავუმახვილოთ ყურადღება: ლევ იაშინმა კარიერის ბოლო გოლი 1970 წლის 30 აგვისტოს გაუშვა, ბოლოსწინა კი სწორედ „დინამოსთან“ ფინალში, შოთა ხინჩაგაშვილისგან. ანუ რა გამოდის:

ისტორიული ფაქტი: ლევ იაშინს პროფესიონალური კარიერის პირველი 5-დან 4 (ღოღობერიძე - 2; თოდრია; პაიჭაძე) და ბოლოსწინა (ხინჩაგაშვილი) გოლი ქართველებმა გაუტანეს.

1956 წლის ოლიმპიადაზე: პირველი საერთაშორისო ტრიუმფი

საბჭოელებმა ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპზე ისრაელი გაანადგურეს (ორ მატჩში 7:1) და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. 11-გუნდიან ტურნირში იუგოსლავია, აშშ, ავსტრალია, იაპონია, ინდოეთი, ინდონეზია, საბჭოთა კავშირი, გერმანიის გაერთიანებული გუნდი, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და ტაილანდი მონაწილეობდნენ.

ვხვდებით, რომ უმრავლესობა არც ისე ძლიერი გუნდია და ოლიმპიადაზე მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის გამო მოხვდა. კარგი გუნდები ჰყავდათ ბულგარეთს, იუგოსლავიას, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას მხოლოდ იმიტომ, რომ დიდი საფეხბურთო ქვეყანა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო. ოღონდ, გერმანელებს მწვრთნელად ორი წლის წინ მუნდიალის მომგები ზეპ ჰერბერგერი კი ჰყავდათ, მაგრამ ავსტრალიის სტადიონებზე ჩემპიონი გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი ყოფილა.

იაშინმა და კომპანიამ პირველ რაუნდში სწორედ გერმანელები დაამარცხეს. 2:0-ს იგებდნენ, ბოლოს კი ერთი ბურთი გაუშვეს, რასაც ინდონეზიის ნაკრებზე გასვლა მოჰყვა. ყველასთვის გასაკვირად, გავრილ კაჩალინის გუნდმა მეტოქეს გოლი ვერ გაუტანა და გადათამაშება დასჭირდა. ბულგარეთთან სუპერ დრამატულ 120-წუთიან ბრძოლაში 95-ე წუთზე ჩამორჩნენ, მაგრამ სტრელცოვმა და ტატუშინმა შეაგდეს და ტიტულის მოგებამდე ბარიერად მხოლოდ იუგოსლავიის ნაკრები დარჩა. ილინმა მატჩის ერთადერთი გოლი შეაგდო და საბჭოთა კავშირმა ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო.

ვერ ვიტყვით, რომ ეს იაშინის ტურნირად უნდა მოვიხსენიოთ, მაგრამ ტიტულში მისი წვლილიც რომ არის, ამას ვერ დავუკარგავთ - 4 მატჩი ჩაატარა (ინდონეზიასთან გადათამაშება არ უთამაშია), მხოლოდ 2 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა. პირველი დიდი საერთაშორისო გამარჯვება, რამაც სათავე ისტორიაში პირველ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფსაც დაუდო. ასევე, „France Football“-ის მიერ ახლადდაარსებულ, ისტორიაში პირველ, „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მოხვდა და მე-5 ადგილი დაიკავა.

დიდ სანაკრებო ტურნირებზე

ოლიმპიადისადმი პატივისცემის მიუხედავად, ლევის პირველი დიდი სანაკრებო ტურნირი საკმაოდ გვიან, 28 წლის ასაკში იყო. შვედეთში გამართულ მუნდიალზე საბჭოთა კავშირი რთულ ჯგუფში - ბრაზილიასთან, ინგლისთან და ავსტრიასთან მოხვდა. სხვადასხვა გამოცემების შეფასებით, იაშინს კარგი ჯგუფური ეტაპი ჰქონდა და მომავალ ჩემპიონ ბრაზილიასთან, 17 წლის პელესა და მშვენიერ ფორმაში მყოფ გარინჩას წინააღმდეგ, მისი მაგარი თამაში რომ არა, საბჭოელები 0:2-ზე ბევრად დიდი სხვაობით წააგებდნენ. ჯგუფური ეტაპის ინგლისთან გადათამაშებაში მოგებული 1:0-ით გავლის შემდეგ, იაშინი და კომპანია მასპინძელ შვედეთთან 0:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

1960 წელს, საბჭოელებს ისტორიაში პირველი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან უნდა ეთამაშათ და ფინალურ ტურნირზე გამსვლელი გაერკვიათ, მაგრამ ორრაუნდიანი დაპირისპირება არ შედგა. ფრანკომ თავისი ქვეყნის ნაკრების საბჭოთა კავშირში გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რის გამოც ტექნიკურ წაგებასთან ერთად, უეფა-სგან საპასუხო მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღო და საბჭოელები ფინალურ ეტაპზე უბრძოლველად მოხვდნენ.

4-გუნდიანი ტურნირის 1/2 ფინალში სსრკ-ის ნაკრებმა ჩეხოსლოვაკია 3:0 დაამარცხა, იაშინი დიდად არ შეუწუხებიათ და ფინალისთვის წყნარად მომზადება შეეძლო. აი, ფინალი კი ლევისთვის დატვირთული აღმოჩნდა და ისიც სცენაზე მთელი თავისი სიდიადით გამოვიდა.

პირველი ტაიმის ბოლოს, 41-ე წუთზე, იუგოსლავიელები დაწინაურდნენ, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში სლავა მეტრეველის გამათანაბრებელი გოლი მოჰყვა. ქართველმა გარემარბმა დამატებაზე შეაგდო. ფინალური მატჩის ვიდეოში, უეფა-ს რეპორტიორი აღნიშნავს, რომ დარჩენილ დროში იუგოსლავიელები სახიფათოდ უტევდნენ და იაშინის სეივების წყალობით, თამაში დამატებით დროში გადავიდა. იქ თავისი სიტყვა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგენდამ, მიხეილ მესხმა თქვა, რომელმაც ვიქტორ პონედელნიკს საგოლე გადაცემა 114-ე წუთზე გაუკეთა და ტიტული სსრკ-ის ნაკრებს დარჩა. აქვე ვთქვათ, რომ მეტრეველისა და მესხის გარდა, 1/2 ფინალსა და ფინალში გივი ჩოხელმა ითამაშა, სსრკ-ის ჩემპიონატის იმ პერიოდის ბოლო ორი სეზონის ბომბარდირი, ზაურ კალოევი კი თადარიგში იყო.

იაშინისთვის ეს პირველი დიდი სანაკრებო ტიტული და უმთავრეს საფეხბურთო სცენაზე გამოსვლის გამყარებული განაცხადი იყო. ეს იქიდანაც ჩანს, რომ „შავი ობობა“ „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში ისევ შეიყვანეს და შემდეგაც საკმაო რაოდენობის ხმები მიიღო - გამოკითხვაში მე-5 ადგილზე გავიდა.

საკმაოდ ძლიერ საბჭოთა კავშირის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ოთხეულში მოხვედრა არ უჭირდა. 1964-შიც 1/2 ფინალში იოლად მოიგეს და ფინალში მასპინძელ ესპანეთზე გავიდნენ. პირენეელებმა საკუთარი მოედნის ფაქტორი გამოიყენეს და 2:1 მოიგეს. გადამწყვეტი გოლი 84-ე წუთზე, მარსელინომ შეაგდო.

სხვათა შორის, ამ ევროპის ჩემპიონატზე ერთადერთი ქართველი იყო და ისიც იაშინის დუბლიორი - ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარე რამაზ ურუშაძე (რეჟისორ ზაზა ურუშაძის მამა). თავად ლევისთვის ეს ყველაზე გამორჩეული ტურნირი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალზე მილიონობით ფეხბურთელს მხოლოდ ოცნება თუ შეუძლია.

იაშინს ამ ორი ევროს მეტი აღარ უთამაშია. 68-ში საბჭოთა კავშირის ნაკრები მასპინძელ იტალიასთან 1/2 ფინალში, რაც არ უნდა გეუცნაუროთ, მონეტის აგდებით დამარცხდა. არ მოგესმათ, ფინალში გამსვლელი შემთხვევითობის პრინციპით გადაწყდა! ისე, იმ ევროზე 4 ქართველი თამაშობდა: ანზორ კავაზაშვილი, მურთაზ ხურცილავა, კახი ასათიანი და გივი ნოდია.

საერთო ჯამში, იაშინმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 4 მატჩში ითამაშა, 3 გოლი გაუშვა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მოიგო ოქროს და ვერცხლის მედლები.

ერთ-ერთი დიდი ტურნირი, რომელსაც იაშინისთვის ცალსახად უარყოფითად აფასებენ 1962 წლის ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატია. 1960 და 1961 წლებში „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში მე-5 და მე-4 ადგილზე გასვლის შემდეგ, ხალხმა ისევ გაიხსენა, რომ ლევ იაშინიც ადამიანია და შეცდომებსაც უშვებს.

პირველ ტურში იუგოსლავიასთან 2:0 მოგების შემდეგ, საბჭოელები დებიუტანტ კოლუმბიასთან 4:1-ს იგებდნენ და საქმე მოგვარებული ჩანდა. იაშინმა არადამახასიათებელი გოლები გაუშვა, მათ შორის, მარკოს კოლის მიერ პირდაპირ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი. კოლი ამბობს:

„მე გოლი მსოფლიოში იმ დროისთვის საუკეთესო მეკარეს გავუტანე. ყველა აღტაცებული იყო, რადგან ოლიმპიკო გავაკეთე და პირდაპირ კუთხური ჩავუხვიე“.

ამ თამაშის შემდეგ ფრანგული „L’Equipe“ წერდა, რომ იაშინის კარიერა დასასრულისკენ მიდიოდა და იქამდე შორი აღარ იყო.

რამდენადაც ირონიული არ უნდა იყოს, იაშინი დღემდე ერთადერთი მეკარეა, რომელსაც მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე „ოლიმპიკო“ გაუკეთეს, ანუ კუთხური ჩაუხვიეს. არც მანამდე და არც მას შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა. 2023-ში ქალთა მუნდიალზე კუთხური ქეით მაკკაბემ ჩაახვია.

თურმე, ყველაფერი ცუდი ამით არ მთავრდებოდა და უარესი წინ ელოდა. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, სსრკ-ის ნაკრები 1/4 ფინალში მასპინძელ ჩილეს შეხვდა და ის მატჩი იაშინის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდია თუ ყველაზე ცუდი არა. თანაც, მხოლოდ იმიტომ არა, რაც მოედანზე მოხდა.

ერთი ძალიან მაგარი სეივი შეასრულა, მაგრამ მისი დონის მეკარისთვის შეუფერებელი ორი გოლი გაუშვა, რის გამოც ნაკრები მუნდიალს დაემშვიდობა და მედლებისთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.

მისი ქვრივი, ვალენტინა ტიმოფეევნა იხსენებდა, რომ იაშინი ხალხისთვის საყვარელიდან საძულველ ფიგურად გადაიქცა. ზოგი ამბობდა, რომ მას გამოვარდნა სურდა და ასე ამიტომ ითამაშა. ათას რამეს აბრალებდნენ, ყველაფრის ბოლო წერტილი კი მანქანის ვანდალურად დაზიანება იყო.

რაც შეეხება ვალენტინა ტიმოფეევნას, იგი არა მხოლოდ იაშინის მეუღლე იყო, მოსკოვის „დინამოსთანაც“ დეკადების განმავლობაში მეგობრობდა და როდესაც ტრიბუნაზე ჩნდებოდა, მუდმივად პატივისცემას, დაფასებასა და მხურვალე აპლოდისმენტებს იღებდა. იგი 2022 წელს გარდაიცვალა.

ჰო, 1962 წლის მუნდიალის შემდეგ, 33 წლის იაშინს დიდი შრომა და თავდადება დასჭირდა, რათა შელახული რეპუტაცია აღედგინა და ძველი დიდება დაებრუნებინა.

გადავიდეთ ლევის ბოლო დიდ სანაკრებო ტურნირზე, 1966 წლის ინგლისის მუნდიალზე. უკვე 37 წლის ხდებოდა და ძველებურ ფიზიკურ ფორმაში ვეღარ იყო, მაგრამ გასახდელში მისი ავტორიტეტი და ვარსკვლავური სტატუსი გუნდს ძალიან სჭირდებოდა. თანაც, თამაშითაც ბევრ სხვა მეკარეს მაშინაც ჯობდა.

ჯგუფური ეტაპის 3-დან ორ მატჩში დაასვენეს და კარში ანზორ კავაზაშვილი (მის გარდა, ტურნირში მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა და სლავა მეტრეველი მონაწილეობდნენ) დააყენეს - ჩრდილოეთ კორეასთან და ჩილესთან. ჯაჩინტო ფაკეტის, ჯიჯი მერონისა და სანდრო მაცოლას იტალიასთან კი ძირითადში იაშინი იყო და ჩვეული მშრალი მატჩიც ჩაატარა - 1:0. საბჭოელები პლეი-ოფში ქულათა მაქსიმუმით გავიდნენ. 1/4 ფინალში უნგრეთის ნაკრებს 2:1 მოუგეს და 1/2 ფინალში შნელინგერ-ბეკენბაუერ-ზეელერის გერმანიაზე გავიდნენ. ჰელმუტ ჰალერისა და ბეკენბაუერის გოლებით, გერმანელები 2:0 დაწინაურდნენ და საბოლოოდ 2:1 მოიგეს.

მე-3 ადგილისთვის მატჩში საბჭოელები ეუსებიოს პორტუგალიასთანაც 1:2 დამარცხდნენ და მედლის გარეშე დარჩნენ. თუმცა, ერთი რამ აღსანიშნავია:

არც მანამდე და არც მას შემდეგ სსრკ-ის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის აღებასთან ასე ახლოს არ ყოფილა.

ფეხბურთის 100 წლის იუბილე: მსოფლიო ნაკრებში და სუპერ პერფორმანსი „უემბლიზე“

ლევ იაშინის კარიერული პორტრეტი 1963 წლის 23 ოქტომბერს გამართული მატჩის გარეშე ბოლომდე სრულყოფილი არაა. ფეხბურთის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ თავიანთი ნაკრებისა და მსოფლიო ნაკრების უემბლიზე შებმა გადაწყვიტა. რა ორგანიზება, რა პერფორმანსები, რა ატმოსფერო! 87 ათასი მაყურებელი ამით ტრიბუნებიდან დატკბა, ჩვენთვის კი, საბედნიეროდ, მშვენიერი ხარისხის ვიდეო არსებობს. დააკვირდით, რას თამაშობს იაშინი და საერთოდ, დააკვირდით და ისიამოვნეთ, რა ხალხი თამაშობს და რა სანახაობაა. მოდი, უცებ შემადგენლობებს გეტყვით, დანარჩენი ვიდეოშია და სიტყვებს არ საჭიროებს.

ინგლისი: გორდონ ბენქსი, ჯიმი არმფილდი (კაპ.), რეი უილსონი, გორდონ მილნი, მორის ნორმანი, ბობი მური, ტერი პეინი, ჯიმი გრივზი, ბობი სმიტი, ჯორჯ ისტჰემი, ბობი ჩარლტონი. სათადარიგოები: ტონი უეიტერსი, კენ შელიტო, რონ ფლაუერსი, ტონი კეი, ჯო ბეიკერი. მთ. მწვრთნელი: ალფ რემზი.

მსოფლიო ნაკრები: ლევ იაშინი, ჯალმა სანტოსი, კარლ-ჰაინც შნელინგერი, შვატოპლუკ პლუშკალი, იან პოპლუარი, იოზეფ მასოპუსტი, რაიმონდ კოპა, დენის ლოუ, ალფრედო დი სტეფანო (კაპ.), ეუსებიო, ფრანსისკო ხენტო. სათადარიგოები: მილუტინ შოშკიჩი, ლუის ეისაგირე, ჯიმ ბაქსტერი, უვე ზეელერი, ფერენც პუშკაში. მთ. მწვრთნელი: ფერნანდო რიერა.

ალბათ, გგონიათ, რომ იაშინზე გავაზვიადე და შეცდომები ვერ დავინახე... პირველი ტაიმის სეივები, დარწმუნებული ვარ, მოგეწონებოდათ და ერთ ორ მომენტში Wow-საც წამოიძახებდით, მაგრამ მეორე ტაიმში გოლებისას იტყოდით, რომ ასეთი შეცდომების დამშვები ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე როგორააო და მართალიც იქნებოდით. ვინც მიხვდით, გილოცავთ!.. მეორე ტაიმში იაშინი გავიდა და კარში შოშკიჩი იდგა.

ასე რომ, ის ჟურნალისტები თუ გულშემატკივრები, რომლებიც იაშინის მიერ ნათამაშებ 45 წუთს ფეხბურთის ისტორიაში მეკარის მიერ ნათამაშებ ერთ-ერთ საუკეთესო ტაიმად თვლიან, ვფიქრობ, სიმართლისგან ძალიან შორს არ უნდა იყვნენ. კი ბატონო, მესმის, რომ ახლა თითოეულ თქვენგანს ბუფონის, ნოიერის, კანის, კასილიასის და, შეიძლება, მათზე ნაკლები რეპუტაციის მეკარეების მაგარი ტაიმები გაგხსენებოდათ, მაგრამ ეს პერფორმანსიც ხომ ფეხბურთის მუზეუმში ყველა ვარიანტში შესანახია?!.. მე ვფიქრობ, რომ უკვე არის და ეს „უკვე“ 60 წელია გრძელდება და გაგრძელდება, სანამ მისი უდიდებულესობა, ფეხბურთი იარსებებს!..

რით და როგორ დაიმსახურა „ოქროს ბურთი“ და ეკუთვნოდა თუ არა საერთოდ?!..

ყბადაღებული ფრაზაა: იაშინი ერთადერთი მეკარეა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიგო და ამის გამო ის ყველა დროის საუკეთესო მეკარე არ არის? ალბათ, ბევრჯერ მოგისმენიათ. ვიღაცა უპირობოდ ეთანხმება, ვიღაცა უპირობოდ არ ეთანხმება. არც ერთია სწორი და არც მეორე! ასეთ დიდ თემაზე საქმე ასე მექანიკურად და რადიკალურად რომ ვერ იქნება, იოლი მისახვედრია.

მთელი ზემოთ დაწერილი 4000-ზე მეტი სიტყვა ამ კითხვაზე პატარ-პატარა პასუხებით და მინიშნებებითაა სავსე, მაგრამ მოდი, უფრო კონკრეტულად და დეტალურად გავარჩიოთ ყველაფერი და ამ ნებისმიერ ეპოქაში აქტუალურ კითხვებზე არა უპირობო „კი“ ან „არა“, არამედ დამაჯერებელი და ფაქტებით გამყარებული პასუხები გვქონდეს.

„France Football“-ი „ოქროს ბურთის“ გამოკითხვას 1956 წლიდან ატარებს. იაშინი ნომინანტებში პირველსავე წელს, ოლიმპიადის მოგების შემდეგ, მოხვდა და მე-5 ადგილი დაიკავა.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ დაარსებიდან 1966 წლის ჩათვლით, მხოლოდ 1962 წელი იყო გამონაკლისი, როცა იაშინი „ოქროს ბურთის“ ნომინანტებში არ შეიყვანეს. ხსენებული 62 წლის სეზონის გარდა, 1956-1966 წლების „ოქროს ბურთის“ ყველა სიაში იგი მე-15 ადგილს ქვემოთ არ ჩასულა.

მაგალითად, 1956 და 1960 წლებში საერთოდ მე-5 ადგილზე გავიდა, 1961-ში - მე-4-ზე, 1966-ში - მე-7-ზე, ხოლო 1964-ში - მე-8-ზე. ასე სტაბილურად, 10-დან 9 სეზონის ნომინანტებში მოხვედრა უდიდესი შედეგია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ:

დროის იმავე მონაკვეთში, 1956-1966 წლებში, „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის სულ 13 მეკარე მოხვდა და მათგან ერთადერთია უნგრელი გულა გროშიჩი, რომელიც ორ სხვადასხვა წელს იყო ნომინირებული - 1957 და 1959. ყველაზე მაღალი ადგილი კი, 1958 წელს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა, ჰარი გრეგმა დაიკავა - მე-8.

ამ სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რამდენად დომინანტი მეკარე იყო იმ ეპოქაში იაშინი და რამდენად გამოკვეთილი ვარსკვლავი, რომელსაც შემტევების გვინდა-არგვინდა უპირატესობები ბევრით ვერაფრით ჩრდილავდა. დიდი წარმატება რომ უცებ იშვიათად მოდის, ეს ცნობილი ჭეშმარიტებაა, მისკენ ნაბიჯები და მის სიახლოვეს ტრიალი გჭირდება, იაშინის ეს სტაბილურად ნომინანტებში ყოფნის წლები 1963 წლის ტრიუმფის ბილიკებად უნდა ჩავთვალოთ.

"მეკარეს მეტის გაკეთება არ შეუძლია: მოვიგე ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა. ბუნებრივია, ტოპ 10-ში ყოფნა ძალიან მაგარია, მაგრამ როცა ხმის მიცემის დრო მოდის, მეკარეებს უყურადღებოდ გვტოვებენ და უპირატესობას შემტევებს ანიჭებენ. ჩვენს პოზიციას სათანადოდ არ აფასებენ. არადა, არის მატჩები, რომლებშიც ჩვენც იმავე დოზით ვართ ჩართულნი, როგორც გამთამაშებლები", - ტიბო კურტუა 2022 წლის ფიფა-ს იაშინის ყოველწლიური ჯილდოს მოგების შემდეგ.

რაც შეეხება კონკრეტულად 1963 წელს, ჩაგდებული 1962 წლის მუნდიალისა და მთლიანად სეზონის შემდეგ, „შავი ობობა“ უფრო ძლიერი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დაუვიწყარი, აღმაფრთოვანებელი სეზონი ჩაატარა და „დინამოს“ მორიგი ჩემპიონობისკენ გაუძღვა!

წარმოიდგინეთ, ჩემპიონატის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ჯამში 6 გოლი გაუშვა და 22-ჯერ (!!!) კარი მშრალად შეინახა. შედარებისთვის: გუნდმა მის გარეშე 11 ტურში ითამაშა, 8 გოლი გაუშვა და 6 „Clean Sheet“-ი ჰქონდა.

გასაგებია, რომ ასეთ სეზონს უყურადღებოდ ვერავინ დატოვებდა და იაშინი წლის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უნდა ყოფილიყო. შესადარებლად, გადავავლოთ თვალი ევროპის ტოპ ჩემპიონატებსა და ევროთასებს და ვნახოთ, როგორი სეზონი ჰქონდათ მთავარ ევროპელ ვარსკვლავებს.

იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი იმ პერიოდში, შეიძლება, ტოპ დონის ლიგად არა, მაგრამ საკმაოდ ძლიერ ტურნირად ითვლებოდა, ლოგიკურია, იაშინის ამ უმაგრეს სტატისტიკასთან ევროპული ტიტულის მომგები მოთამაშის განსაკუთრებული მაჩვენებლები დავაპირისპიროთ. „ბაზრობათა თასი“ პრესტიჟულობით მაშინ მე-3 იყო, ამიტომ მასზე დროის დახარჯვა არ ღირს.

ევროპის რანგით მე-2 ტურნირი, „თასების მფლობელთა თასი“ იმ წელს „ტოტენჰემმა“ მოიგო, რომლის გამოკვეთილი ლიდერი ჯიმი გრივზი გახლდათ. „დეზების“ ლეგენდამ იმ სეზონში საოცარი შედეგები აჩვენა - პრემიერ ლიგის 41 მატჩში 37 გოლი შეაგდო, რასაც „თასების მფლობელთა თასის“ 6 მატჩში გატანილი 6 გოლი და ნაკრების მაისურით კიდევ 2 ბურთი დაამატა. ანუ, ჯამში სეზონი 45 გოლით დაასრულა. წარმოიდგინეთ, ფორვარდმა შეიძლება ამდენი გოლი გაიტანოს და ამავე რეალობაში იაშინი ახერხებს, რომ 27 თამაშში მხოლოდ 6 გოლი გაუშვას. გასაგებია ისიც, რომ სსრკ-ის ჩემპიონატში „ტოტენჰემისა“ და მისი კალიბრის გუნდები ბევრი არ იყო, მაგრამ რამდენიმე ხომ იყო და ეგეც რომ არა, ნებისმიერი მოცემულობით საოცარი, გიჟური შედეგია.

გამოკითხვაში იაშინმა ინგლისელ ბომბდამშენს, რომლის გუნდი შიდა ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა, 23 ქულით აჯობა, გრივზზე 5-ით მეტი ქულა კი „მილანის“ 20 წლის ვარსკვლავმა, ჯანი რივერამ დააგროვა. რივერას გრივზზე წინ დაყენება ორი მიზეზით შეგვიძლია, ავხსნათ: 1) იტალიელმა უფრო პრესტიჟული ევროპული ტურნირი, ჩემპიონთა თასი მოიგო; 2) ინგლისური კლუბები მთავარ ევროტურნირზე ჯერჯერობით დასამახსოვრებელს ვერაფერს აკეთებდნენ, იტალიურებიდან კი 1957 და 1958 წლებში „ფიორენტინა“ და „მილანი“ ფინალში გავიდნენ, 63-ში „როსონერიმ“ უკვე ტიტულიც მოიგო, რომ აღარაფერი ვთქვათ მომდევნო ორ სეზონში „ინტერის“ ზედიზედ ჩემპიონობებზე. შესაბამისად, იტალიის სერია A ინგლისის უმაღლეს დივიზიონზე საგრძნობლად ძლიერი იყო, ანუ რივერა გაცილებით უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა.

ნამდვილად არ ვიცი, რა იქნებოდა და ვინ მოიგებდა „ოქროს ბურთს“ იმ შემთხვევაში, თუკი მისი გაცემა არაევროპელებზეც იქნებოდა დაშვებული. საქმე ისაა, რომ იმ სეზონში „მილანის“ კიდევ ერთმა ლიდერმა და, ობიექტურად, რივერაზე უფრო დიდმა ძალამ, ჟოზე ალტაფინიმ ფანტასტიკური ჩემპიონთა ლიგის სეზონი დადო. მოდი, უბრალოდ რივერა ალტაფინის შევადაროთ: ახალგაზრდა იტალიელმა სერია A-ში 9 გოლი შეაგდო, რაც შემტევი ნახევარმცველისთვის მშვენიერი შედეგია, მაგრამ ბრაზილიელმა ფორვარდმა 11 გაიტანა. აი, ჩემპიონთა თასის ამბავი კი გაცილებით მკვეთრადაა გამოხატული. რივერამ ტურნირზე ერთადერთი გოლი პირველ წრეში „უნიონ ლუქსემბურგთან“ გაიტანა. გუნდთან, რომელსაც „შავ-წითლებმა“ ორი მატჩის ჯამში 14:0 მოუგეს და 8 გოლი კონკრეტულად ალტაფინიმ მიითვალა. რივერას ამის მეტი ხომ აღარ გაუტანია, ალტაფინიმ მეოთხედფინალურ მატჩებში კიდევ 4 გოლი ჩაიწერა აქტივში, რასაც ფინალში, ეუსებიოს „ბენფიკასთან“ 0:1-ზე, დუბლი მიამატა და საკუთარ გუნდს თასი 2:1-ით მოაგებინა. ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც, 14 გოლით, ის გახდა. ამიტომაც ვამბობ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მომგებ და სუპერ ჩემპიონატში მოთამაშე არაევროპელ ვარსკვლავს, მეტი შანსია, იაშინისთვის უფრო დიდი კონკურენცია გაეწია, ვიდრე რივერა-გრივზს ერთად...

ცალკე საუბრის თემაა პელე, რომელსაც 63-ში ასევე მაგარი სეზონი ჰქონდა: ყველა ტურნირის ჩათვლით, 18 მატჩში 23 გოლი და 8 ასისტი მიითვალა. მოიგო ბრაზილიის ჩემპიონატი და „ლიბერტადორესის თასი“ ერთად, რაც, სხვათა შორის, უიშვიათესი შემთხვევაა და მას შემდეგ, ბრაზილიურ კლუბთაგან, მხოლოდ ახლახანს, 2019 წელს გააკეთა „ფლამენგომ“. წლის ბოლოს კი საკონტინენტთაშორისო თასის ჩემპიონობაც იზეიმა. ასე რომ, სულაც არაა გასაკვირი,  „France Football“-ის მიერ 2020 წელს შედგენილ „ოქროს ბურთის“ ალტერნატიულ გამარჯვებულთა სიაში, პელეს სახელი რომ წერია. 

მოკლედ, როგორც არ უნდა ვატრიალოთ, დიდი შანსია, თუკი არაევროპელებიც გათვალისწინებული იქნებოდნენ, „ოქროს ბურთის“ მფლობელი პელე ან ალტაფინი ყოფილიყო. ალბათ, მაინც უფრო პელე, მისი ფანტასტიკური სეზონიდან გამომდინარე, რასაც ავტორიტეტი და გლობალური ცნობადობაც ემატებოდა. ძნელი სავარაუდოა, მისთვის იმ წელს ეს ჯილდო არ მიეცათ.

პელეს თუ ალტაფინის - რომელს მისცემდნენ ცალკე თემაა, ჩვენ კი უფრო გვაინტერესებს ფაქტი, რომ არაევროპელების გათვალისწინების შემთხვევაში, იაშინი „ოქროს ბურთს“, უდიდესი ალბათობით, ვერ მიიღებდა.

ასე და ამგვარად, 1963 წელს ჩატარებული ფანტასტიკური სეზონის მიხედვით, იაშინს „ოქროს ბურთი“ ალალად ეკუთვნოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ევროპულ ლიგებს ვერ შეედრებოდა, დავეთანხმები, მაგრამ ნაწილობრივ, რადგან კარგ არგუმენტად საბჭოთა კავშირის ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მაქვს. საწყის ორ ევროზე საბჭოელმა ფეხბურთელებმა ოქროს და ვერცხლის მედლები ზუსტადაც ამა თუ იმ წამყვანი ევროპული ლიგების ვარსკვლავებთან ჭიდილში აიღეს. ასე რომ, მსოფლიო დონის ფეხბურთელები იმ პერიოდის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატშიც არც ისე ცოტა იყვნენ, ისევე როგორც შემდეგ თაობებში ხურცილავას, ბლოხინის, ყიფიანის, ჩივაძის, გუცაევის, ბელანოვისა თუ ზავაროვის სახით.

არის თუ არა იაშინი ყველა დროის საუკეთესო მეკარე?

ცალსახა პასუხის გაცემა ამ კითხვაზეც არაკვალიფიციურობის ნიშანია. არის ასპექტები, რომლებითაც „კი“ და არის ასპექტები, რომლებითაც „არა“. რატომ „კი“ და რატომ „არა“, ვის ჯობს და რაში, ვინ ჯობნის და რაში: ამ კითხვების უპასუხოდ ეს სტატია სრულფასოვანი ვერ იქნებოდა. ეს ინტერესიც დავიკმაყოფილოთ, რადგან ზუსტად ამ და ზემოთ პასუხგაცემულმა ბევრმა კითხვამ, დაძინების მორალური უფლება წამართვა და დილის 04:39-ზე ბოლო თავს ვწერ, რის შემდეგაც ვეცდები, დავიძინო (მინდა, რომ ეს აქ იყოს, მემორისთვის).

კარგი. ბუფონს, კასილიასს, ნოიერს, ვან დერ სარს, ჩეხს, შმეიხელს და სხვებს ლეგიტიმური უფლება აქვთ მეკარეობის GOAT-ობაზე ჰქონდეთ პრეტენზია. სათამაშო სტილზე, გუნდზე გავლენაზე, ფეხბურთის სხვა დონეზე გადაყვანის მასშტაბსა და მსგავს აბსტრაქტულ საკითხებზე ბევრი საუბარი და დაუსრულებელი დისკუსია შეიძლება. ასეთ დროს ყველაზე მეტად რიცხვები და ფაქტები გვეხმარება, რომ ერთი მეორეს შევაჯიბროთ და შედარებით რეალური სურათი მივიღოთ.

ერთი, რაშიც იაშინი ჩამოთვლილ და ბევრ სხვა მეკარეს ვერასდროს დაუდგება, ჩატარებული მატჩების რაოდენობაა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს და მათგან ორი მთავარი: 1) ფეხბურთში თამაშების რაოდენობა ლევის ეპოქაში გაცილებით ნაკლები იყო; 2) იაშინის ჯანმრთელობის პრობლემებზე უკვე ვისაუბრეთ და ამ ფაქტორმა მას ბევრი თამაში გამოატოვებინა. გასაგებია ისიც, რომ ეს თავად ლევის გარდა, არავის პრობლემაა.

რადგან ასეა, მოდით, ვიმსჯელოთ იმით, რაც გვაქვს. აბზაცს ქვემოთ კონკრეტულად გადავავლოთ თვალი ფეხბურთის ისტორიაში 10 დიდი მეკარის სტატისტიკას, რაც ჩატარებულ მატჩებს, მათში მშრალად შენახულ კარს და ამ ორი მონაცემის ფარდობათა პროცენტულ მაჩვენებელს მოიცავს. სტატისტიკაში გათვალისწინებულია ამ მეკარეთა ოფიციალურ დონეზე ჩატარებული ყველა საკლუბო და სანაკრებო მატჩი. ჩავხედოთ და ქვემოთ გავარჩიოთ.

როგორც ხვდებით, ესაა იმ 10 მეკარის (+იაშინი) სტატისტიკა, რომელსაც ამ მომენტისთვის (2023 წლის 15 სექტემბერი) ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი მშრალი მატჩი აქვს ჩატარებული. მათგან თითქმის ყველამ 20 ან მეტი სეზონი ითამაშა, რამდენიმე ახლაც მოქმედია (ნოიერი, რეინა, აკინფეევი, ლორისი). იაშინმა დიდ ფეხბურთში 18 სრულფასოვანი სეზონი გაატარა, რაც გვაძლევს ასეთ სურათს:

რუსს ყველა ჩამოთვლილ გოლკიპერზე დაახლოებით 2-ჯერ ან მეტჯერ ნაკლებ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ ნებისმიერ მათგანს მინიმუმ 11%-იანი მაჩვენებლით ჯობია მშრალი კარის Ratio-ს მხრივ. აქედან დასკვნა: იაშინი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საიმედო მეკარეა.

„შავ ობობას“ მატჩების 57%-ში არ გაუშვია გოლი, რაც არანორმალურად მაღალი მაჩვენებელია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომელ ეპოქაში მოუწია თამაში. დავეთანხმები ყველას, რომ 436 მატჩი, თანაც მეკარისთვის, ძალიან ცოტაა, მაგრამ რაც გვაქვს, იმის მიხედვით, იგი ხელშეუხებლად გამორჩეულია.

რა მოხდებოდა მეტი რომ ეთამაშა, სხვა ლიგაში გადასვლა რომ შეძლებოდა და ძალები სხვა დონეზე გამოეცადა, საინტერესო თემაა, თუმცა ამ სტატიის შინაარსიც ამ კითხვის სწორედაც გაღვივებისკენ უფრო იყო მიმართული. ვიკამათოთ, ვინ არის GOAT-ი, მოვიყვანოთ არგუმენტები და გვიყვარდეს ფეხბურთი. მე უბრალოდ მინდოდა, ამ ერთ-ერთი საინტერესო და მუდამ პოპულარულ-აქტუალური საფეხბურთო კამათისთვის, მეტი ინფორმაციით მომემარაგებინეთ.

გაზიარება: