ოსტიგორი კვარაზე: „ტოპ-მოთამაშეა. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია“
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში, საქართველოს ნაკრები სტუმრად ნორვეგიას დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ნორვეგიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ მცველმა, ლეო ოსტიგორმა განვლილი მატჩი შეაფასა და თანაგუნდელ ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
რა თქვა ოსტიგორმა:
საქართველო კონტრშეტევებით გვეთამაშებოდა. ვიცოდით, რომ ფლანგებზე კვარა და კიდევ ერთი შემტევი იყვნენ, ასე რომ მათთვის დიდი სივრცის მიცემა არ შეგვეძლო. 2 გოლი გავიტანეთ და ბოლოს 1 ჩვენს კარშიც გავიდა, გაგვიხარდა მოგება, მაგრამ ეს მარტივი არ ყოფილა. მე და კვარა ძალიან ახლო მეგობრები ვართ.
მატჩისას მოედანზე ვისაუბრეთ კიდეც, არ იყო ბედნიერი იმით, რომ მისი დარტყმა დავბლოკე. ხვალ ერთმანეთს აეროპორტში შევხვდებით და ნეაპოლში დავბრუნდებით, იქაც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი გვაქვს.
კვარას ნახვა და მითუმეტეს, მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის მიხარია. ის ტოპ-მოთამაშეა, წინა სეზონში სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. რა თქმა უნდა, კარიერაში ექნება პერიოდები როცა ყველა გოლს ვერ გაიტანს, მაგრამ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან კვარა იშვიათი თვისებების მქონე ფეხბურთელია.
ძალიან სასიამოვნოა, რომ ის „ნაპოლიშია“ და რაც მან გასულ სეზონში გააკეთა, წარმოუდგენელია. ვფიქრობ, რომ ის წელსაც გაგვაკვირვებს. ხვიჩა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არაა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კარში გოლები პირველ ტაიმში ერლინგ ჰოლანდმა და მარტინ ოდეგორმა გაიტანეს, ჩვენი გუნდიდან კი ერთი ბურთი 91-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაქვითა.
5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 4 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მხოლოდ ბოლოადგილოსან კვიპროსს უსწრებს, რომელსაც 0 ქულა აქვს. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო შეხვედრას 12 ოქტომბერს, ტაილანდის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც ამხანაგური ხასიათის იქნება, 15 ოქტომბერს კი საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლებს.