ვილი სანიოლი, სტალე სოლბაკენი
Aa
Aa

სანიოლი: ეს სამართლიანი არ იყო, მსაჯს უფრო მეტი დრო უნდა დაემატებინა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნორვეგიამ ოსლოში საქართველოს ეროვნული ნაკრები 2:1 დაამარცხა. სტოლე სოლბაკენის გუნდმა პირველი ტაიმი ჰოლანდისა და ოდეგორის გოლებით 2:0 მოიგო. ერთადერთი საპასუხო გოლი ცვლილებაზე გამოსულმა ბუდუ ზივზივაძემ შეაგდო, „კარლსრუეს“ ფორვარდმა ბრწყინვალედ დაარტყა, ეს მისი მეხუთე გოლია ეროვნულ ნაკრებში.

მატჩის დასრულების შემდეგ ვილი სანიოლმა არბიტრებთან იკამათა, მისი აზრით მსაჯს 3 წუთზე უფრო მეტი უნდა დაემატებინა, რადგან მინდორზე 2 ქომაგი შევიდა, მათ გაყვანას დრო დასჭირდა. ასევე, ცვლილებები განხორციელდა. შეხვედრის მთავარი მსაჯი მონტენეგროელი ნიკოლა დაბანოვიჩი იყო.

ვილი სანიოლი:„მეორე ტაიმს სამი წუთი დაემატა? ეს რაღაც შეცდომაა. ორი პიროვნება მინდორზე რამდენიმე წუთი იყო, პლუს შეცვლები. ვფიქრობ, სამი წუთი საკმარისი არ იყო, მსაჯს უფრო მეტი დრო უნდა დაემატებინა. ეს არ იყო სამართლიანი. ეს მსაჯის სინდისზე იყოს, პატივისცემას ვიმსახურებთ.

შესაძლოა, მარცხი თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ შეხვედრა სხვა ანგარიშით, 3:1 დასრულებულიყო’’.

ამ თემაზე დანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმაც ისაუბრა. სოლბაკენი ფრანგ სპეციალისტს ეთანხმება: „სანიოლს ვეთანხმები, 3 წუთი მცირე დროა. ალბათ, მსაჯს უფრო მეტი დრო უნდა დაემატებინა’’.

სანიოლმა ნორვეგიასთან მატჩი ასე შეაფასა: „ნორვეგია ბურთს აკონტროლებდა, რაც განსაკუთრებით პირველ ტაიმზე ითქმის. საერთო ჯამში მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით. ესპანეთთან კატასტროფული მატჩის შემდეგ ბევრი რამ გამოსასწორებელი იყო, რაც დღეს ვაჩვენეთ ძალიან დადებითია მომავალთან დაკავშირებით.

პირველ ტაიმში ჩვენი მარჯვენა ფლანგი მაღალ დონეზე ვერ თამაშობდა, თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ცვლილება განვახორციელე, ვითარება გაუმჯობესდა''.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 5 ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ 4 ქულა დააგროვა, შინ ნორვეგიასთან ფრედ ითამაშა, კვიპროსთან სტუმრად მოიგო, თუმცა შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან გასვლით შეხვედრებში დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდი ყველაზე დიდი ანგარიშით, გასულ კვირაში, ესპანეთთან შინ დამარცხდა - 1:7. გასული ორი მატჩიდან გამომდინარე, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 9 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა, ვილი სანიოლის მოხსნის არგუმენტები სრულიად სამართლიანია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები