„უდიდესი წარმატება 4 წელიწადში“ | Daily Mail-ის სტატია ნიკა ამაშუკელზე
ცნობილმა ინგლისურმა გამოცემამ, Daily Mail-მა რაგბის ქართველ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს სტატია მიუძღვნა. ქართველი რეფერი ინგლისისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირებას გაუძღვება და Daily Mail-ის ყურადღების ცენტრში სწორედ ამიტომ მოექცა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრების მომდევნო მატჩს ახალგაზრდა ქართველი სენსაცია იმსაჯებს, რომელსაც ოდესღაც, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. 28 წლის ნიკა ამაშუკელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა მსაჯია და საყოველთაო ყურადღების ცენტრში კარიერის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ მოექცა.
ამაშუკელმა პირველად 2015 წელს იმსაჯა, როცა მონტენეგრო ესტონეთს დაუპირისპირდა, 2019 წელს კი რაგბის 20-წლამდე ჩემპიონატის მატჩებზე მუშაობის უფლება მიიღო და საერთაშორისო ასპარეზზე შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. 2021 წელს, მან უელსისა და კანადის შეხვედრა იმსაჯა, მომდევნო წელს კი შემოდგომის 4 ტესტ-მატჩს გაუძღვა. ამაშუკელმა აღზევება განაგრძო და პირველი ქართველი არბიტრი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე იმუშავა. მას 2022 წლის რაგბი ჩემპიონშიპისა და 2023 წლის ექვსი ერის მატჩებიც მიანდვეს.
მიუხედავად ამისა, ამაშუკელის კარიერას ბრწყინვალე სტარტი ნამდვილად არ ჰქონია. 2016 წელს, საქართველოს ჩემპიონატის, დიდი 10-ის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ, მას ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს. იმ შეხვედრაში მონაწილეობას არმია და ბათუმი იღებდნენ და ბათუმის კაპიტანსა და ამაშუკელს შორის წარმოქმნილმა უთანხმოებამ მატჩის საბოლოო შედეგი განსაზღვრა, რამას გულშემატკივრები განარისხა.
„როცა მოედანს ვტოვებდი, ჩემი მისამართით ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა ისმოდა და რამდენიმე გულშემატკივარი გამომყვა კიდეც. დიდი არეულობა იყო და ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი. ვიღაცას დანა ჰქონდა და უეცრად, ფეხში რაღაც ვიგრძენი. დავიხედე და ვნახე, რომ სისხლი მომდიოდა. დამჭრეს...“, - იხსენებს ამაშუკელი Telegraph-თან საუბრისას.
ამ ინციდენტის შემდეგ, ნიკა რაგბის დატოვებაზე ფიქრობდა, მაგრამ დარჩენა გადაწყვიტა და ბოლომდე გამოჯანმრთელდა. მსოფლიო ჩემპიონატზე, მან ირლანდიისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება განსაჯა და ორ მატჩზე უკვე დანიშნეს: ინგლისი vs იაპონია, ავსტრალია vs პორტუგალია. იმის გათვალისწინებით, მომდევნო ეტაპზე რომელი გუნდი გავა, მან შეიძლება, მეოთხედფინალური შეხვედრებიც განსაჯოს“, - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ამაშუკელზე Telegraph-მაც დაწერა და შეგიძლიათ, სტატია ამ ბმულზე იხილოთ.