„მამარდაშვილს მონსტრი ეწვევა“ | AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე და ერლინგ ჰოლანდზე
ესპანურმა გამოცემამ, AS-მა „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, გიორგი მამარდაშვილზე დაწერა. AS-ი დღევანდელ შეხვედრას გამოეხმაურა, რომელსაც „ჯვაროსნები“ ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ და აღნიშნა, რომ „მამარდას“ „მონსტრი“ ეწვევა.
„გასულ პარასკევს, მამარდაშვილს საფეხბურთო კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დღე ჰქონდა. მას ცუდად არ უთამაშია და მისი სეივების წყალობით, საქართველო ესპანეთთან, რომელმაც 7 გოლი გაიტანა, უფრო დიდი ანგარიშით არ დამარცხდა. ვალენსიას მეკარე ვერც ერთი გოლის ეპიზოდში ვერაფერს იზამდა, მაგრამ მარტივი არასდროსაა, როცა მატჩს ამდენი მიღებული ბურთით ასრულებ.
მამარდაშვილის მდგომარეობა შესაძლოა, უფრო გართულდეს, რადგან დღეს, საქართველო ნორვეგიას დაუპირისპირდება, რომელსაც ერლინგ ჰოლანდის სახით, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეგოლე ჰყავს. „კიბორგს“ მიმდინარე სეზონში 500 წუთიც არ უთამაშია და უკვე 6 გოლი გაიტანა. ის მტაცებელია ძალიან მაგარი ყნოსვით, რომელიც ვალენსიას მეკარეს გამოცდის. ალბათ, ესპანეთთან დიდი ანგარიშით განადგურების შემდეგ, საუკეთესო ვარიანტი შედარებით სუსტი გუნდის ან იმ მეტოქის წინააღმდეგ თამაში იქნებოდა, ვის რიგებშიც ჰოლანდი არ გამოდის და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნორვეგიელი ფორვარდი მამარდაშვილს ყველაფერს ძალიან გაურთულებს.
გიორგი კლუბს ხვალ დაუბრუნდება და მის გუნდს მომდევნო შეხვედრა ატლეტიკოს წინააღმდეგ ელის. თუ დღეს საღამოს, მამარდაშვილმა კარგი გამოსვლა აჩვენა, ვალენსიაში უფრო მოტივირებული ჩავა და დაივიწყებს საშინელ მატჩს, რომელიც მისმა ნაკრებმა ესპანეთთან გამართა“, - წერს AS.
შეგახსენებთ, რომ ნორვეგიასა და საქართვეlოს ნაკრებებს 4-4 ქულა აქვთ. მატჩი დღეს, თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.