„რას შეცვლის საზონოვი ტორინოს დაცვაში“ - ტურინული სააგენტოს სტატია საბაზე
იტალიის სერია A-ს კლუბ „ტორინოსთან“ დაახლოებული სააგენტო Toro.it-ი ტურინული გუნდის ქართველი ახალწვეულის, საბა საზონოვის შესახებ სტატიას აქვეყნებს და საუბრობს გარემოებებზე, რომელიც შესაძლოა მისი მოსვლის შემდეგ „ტორინოს“ დაცვის ხაზში შეიცვალოს.
რა წერია სტატიაში:
საზონოვი ტიპური ცენტრალური მცველია და მისი მოსვლის შემდეგ, შუურსს თავისუფლად შეუძლია მუდმივად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გადავიდეს. იმის გათვალისწინებით, რომ საბა კლუბში რამდენიმე კვირის წინ მოვიდა და ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას საკმარისი დრო აქვს თანაგუნდელების, ტურინისა და „ტორინოს“ ფანების გასაცნობად. ახლა საზონოვი სანაკრებო პაუზაზე თავის ნაკრებთან ერთად იმყოფება და გუნდში დაბრუნების შემდეგ ის ხელს შეუწყობს მთავარ მწვრთნელს, რომ დაცვის ხაზში გარკვეული ცვლილებები მოახდინოს. მოსკოვის „დინამოს“ ყოფილ ფეხბურთელს სხვადასხვა როლის მორგება შეუძლია. ეს ყოველთვის დადებითი ასპექტია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე თანამედროვე ფეხბურთს ეხება. ის მარჯვენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველია და კარიერის უმეტესი ნაწილი ძირითადად სამკაციან დაცვაში თამაშობდა. ეს დიდი პლუსია, რადგან ჯიჯის ტრავმის შემთხვევაში, მას შეუძლია როგორც ცენტრში, ისე მარჯვნივ და მარცხნივ თამაში.
გუნდში საზონოვის ყოფნა მთავარ მწვრთნელს უფრო მეტის შესაძლებლობას აძლევს. საჭიროების შემთხვევაში, პერ შუურსი ცენტრიდან მარჯვნივ გადავა, მარცხენა ფლანგისთვის კი როდრიგესი და ბონჯორნო იბრძოლებენ.
ივან იურიჩის გუნდის დაცვაში საკმაოდ დიდი კონკურენციაა და რაც ყველაზე მთავარია, მისთვის ხელმისაწვდომ ყველა მცველს ძლიერი თვისებები აქვს. საზონოვი კი ტურინში ახალი ჩასულია და ბუნებრივია, ძალიან მშიერია. ქართველ მცველს სერია A-ში საკუთარი უნარების გამოვლენა უნდა და იურიჩის ნდობის მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. ამის გაკეთებას მოკლე დროში ეცდება, რათა რაც შეიძლება მეტი მატჩი ჩაატაროს. ამის გარდა, საზონოვს გოლის გატანაც ეხერხება და მან კარიერის განმავლობაში არაერთი გოლი გაიტანა როგორც მოსკოვის „დინამოში“, ისე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებშიც.
შეგახსენებთ, რომ 3 ტურის შემდეგ „ტორინო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 4 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. ტურინელებს მომდევნო მატჩი 18 სექტემბერს, სტუმრად „სალერნიტანასთან“ ელის.