დევინ ბუკერი, სტეფ კარი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, დემიენ ლილარდი, კაირი ირვინგი, დიაარონ ფოქსი
Aa
Aa

შურისძიება უნდათ | აშშ-ს ნაკრები ოლიმპიადაზე სუპერ შემადგენლობით მიდის

მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, დიდი შანსია, აშშ-ს ნაკრებმა ოლიმპიადაზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზოს. 2024 წლის ზაფხულში, ოლიმპიურ თამაშებს პარიზი უმასპინძლებს და გავლენიანი ჟურნალისტის, შემს ჩარანიას ინფორმაციით, ტურნირზე მონაწილეობის მიღებას სუპერვარსკვლავები აპირებენ.

ჩარანიას მიხედვით, ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, ენტონი დევისი და ჯეისონ ტეიტუმი მზად არიან, თავიანთი ნაკრების ღირსება დაიცვან. მათ გარდა, ოლიმპიადაზე თამაშით სერიოზულად არიან დაინტერესებული დევინ ბუკერი, დემიენ ლილარდი, დიაარონ ფოქსი და კაირი ირვინგი.

აშშ-ს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლებიც ვერ აიღო და ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ამერიკელები ნახევარფინალში გერმანიასთან 2 ქულით დამარცხდნენ, 111:113, მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი კანადასთან წააგეს. აშშ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია და როგორც ჩანს, მედლების დაცვისთვის სერიოზულად ემზადებიან.

ცნობისთვის, აშშ-ს ოლიმპიადაზე ოქროს მედლები ზედიზედ 4-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს მათ წარუმატებლობა 2004 წელს იწვნიეს, როცა მანუ ჯინობილისა და ლუის სკოლას არგენტინასთან დამარცხდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები