კლუბის პოზიცია იგივეა | ვალენსია მამარდაშვილის გაყიდვას იანვარში შეეცდება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, „ვალენსიას“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მამარდაშვილს რამდენიმე ევროპულ კლუბს უკავშირებდნენ. მისით „რეალი“, „ბაიერნი“ და პრემიერ ლიგის წარმომადგენლები ინტერესდებოდნენ, მაგრამ „ღამურების“ მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არავინ ისურვა.
„მამარდას“ საკითხთან დაკავშირებით, Todofichajes-ი ახალ ცნობებს გვაწვდი და წერს, რომ „ჩეს“ მფლობელებს პოზიცია არ შეუცვლიათ. „ვალენსიას“ მესვეურებს უნდათ, კლუბი მოგებაზე გავიდეს, ამისთვის კი რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა საჭირო. მათი მიზანი მამარდაშვილის ზაფხულში გასხვისება გახლდათ და წარუმატებლობის შემდეგ, შეეცდებიან, გიო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ.
Todofichajes-ის მიხედვით, „ვალენსია“ ვარაუდობს, რომ ქართველი მეკარის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ჯერჯერობით უცნობია, მისი შემცვლელი ვინ იქნება ან რაიმე იგეგმება თუ არა, მაგრამ ესპანური გამოცემა გვარწმუნებს, რომ „მამარდა“ „მესტალიას“ მალე დატოვებს.
ცნობისთვის, ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში, მამარდაშვილმა მონაწილეობა 4 შეხვედრაში მიიღო. მან 4 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი ერთხელ შეინახა.