ბრუნო გიმარაეში
Aa Aa

“39 - ეს მაგიური რიცხვია და ამას დაგიმტკიცებთ“ - მე ბრუნო გიმარაეში ვარ

„რიცხვი იმაზე ლამაზ ისტორიას გვიყვება, ვიდრე ეს სიტყვებს შეუძლია..

39..

ვიცი ხალხი ფიქრობს, რომ ფეხბურთელისთვის 39 ნომერი უცნაურია, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია!! არა, ეს უფრო მეტია.. ჯადოსნურია.. ნომერმა 39-მა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა..

ამ ნომერმა გამომკვება, ჩამაცვა, სამ საათიანი ავტობუსით მგზავრობის საფასური გადამიხადა ჩემი ოცნების ასასრულებლად.. და აქ „ნიუკასლში“ მომიყვანა..

#039 მამაჩემის ტაქსის ნომერი იყო რიო დე ჟანეიროში..

ჩემი ცხოვრება.. თავიდან ეს მარტივი იყო, რადგან მე ამ ქვეყანას რიგითი ბრაზილიელი ბავშვივით მოვევლინე.. ბურთი 5 წლიდან შემიყვარდა.. გარშემო ნორმალური სტადიონი არ არსებობდა და რა თქმა უნდა, ფეხბურთს ხან სად ვთამაშობდით, ხან სად..

ვილა იზაბელაში გავიზარდე მარაკანას ჩრდილში.. ძველი, ლამაზი მარაკანა ყვითელი და მწვანე სკამებით და ბადით, რომელსაც ჩვენ საქორწილო ფარდას ვუწოდებდით. ადრე არსებობდა წესი, რომლის მიხედვითაც მარაკანაზე 12-წლამდე ბავშვებს შესვლა უფასოდ შეეძლოთ. ამიტომ, უბანში დაახლოებით 20 ბავშვი ვგროვდებოდით და ფეხბურთის საყურებლად მივდიოდით. არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ თამაშობდა „ფლამენგო“, „ფლუმინენსე“ თუ „ბოტაფოგო“.. ჩვენთვის იქ ყოფნა უბრალოდ ჯადოსნური მომენტი იყო..

ფეხბურთელები ღმერთებივით იყვნენ. სათადარიგოთა სკამის მეკარეც კი ღმერთი იყო ჩვენთვის.. მახსოვს, ერთხელ ჩემი ფუტსალის გუნდი სან-იანუარიოში სათამაშოდ წავიდა და იქ „ვასკოს“ პროფესიონალური გუნდი დაგვხვდა.. კინაღამ გული წამივიდა..

რა თქმა უნდა, მაშინ მობილური არ მქონდა, რომ სურათი გადამეღო. ქაღალდის ნაგლეჯიც კი არ აღმომაჩნდა, რომ ავტოგრაფი გამომერთმია ვინმესთვის.. იცით რა ვქენი? გადაგდებული ბურგერის შესაფუთი პარკი ავიღე და ფეხბურთელებს ვეხვეწებოდი, რომ იმაზე მოეწერათ ხელი..

ახლა ეს სასაცილოდ ჩანს, მაგრამ მაშინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დედაჩემს ის პარკი დღემდე შენახული აქვს..

დედას არასდროს უნდოდა, რომ ფეხბურთი მეთამაშა. ამის მომხრე მხოლოდ მამაჩემი იყო, მაგრამ დედამ ცურვაზე შემიყვანა და დაახლოებით 6 თვე ვიარე. ბოლოს სახლში ატირებული მოვედი და დედას ვუთხარი:

„არ მიყვარს ცურვა, ჩემთან არანაირი კავშირი არ აქვს. მე ფეხბურთის თამაში მჭირდება.“

ჩემი კუმირი რონალდინიო იყო. თავიდან გარემარბად დავიწყე თამაში, რადგან ჯოჯოხეთურად გამხდარი ვიყავი. მახსოვს, შაბათობით ფეხბურთის დარბაზში დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე ვთამაშობდი. დედას სულ ვთხოვდი, რომ, რაც შეიძლებოდა მეტი ბურგერი ეყიდა ჩემთვის, მაგრამ უარს მეუბნებოდა. მაშინ არ ვიცოდი და არ მესმოდა.. დედას არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ დღეში ერთ ბურგერზე მეტი ეყიდა ჩემთვის..

ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვჭამდი. დედა მოტოციკლის მაღაზიაში მუშაობდა, მამა კი ტაქსის მძღოლი იყო. ბრაზილიაში, განსაკუთრებით რიოში, ცხოვრება რთულია.. ძირითადად მთელი დღე და ღამე მუშაობ..

მაგრამ ყვითელმა ტაქსმა ჩემი ოცნება გააცოცხლა.. მამა იშვიათად ახერხებდა ჩემს საყურებლად მოსვლას, მაგრამ ერთ დღეს მაინც მოვიდა და ძალიან ვინერვიულე. არ მინდოდა მისთვის იმედები გამეცრუებინა. სიმართლე გითხრათ, მამა ჩემი გმირი არის!! ის ჩემს მიმართ თავიდანვე საკმაოდ მკაცრი იყო.. ხანდახან ის მეუბნებოდა:

„დავიღალე შენი ამდენი წაგებით. შენ დამატებით ბურგერს მაშინ მიიღებ, როცა მოიგებ..“

ერთ დღეს, როდესაც 11 წლის ვიყავი, იმ სპორტ დარბაზში მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი. არ მეგონა, თუ ვინმე მიყურებდა, მაგრამ ჩემი მწვრთნელი გისოსებს მიღმა იდგა და მაკვირდებოდა. თამაშის დასრულების შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მკითხა, თუ რატომ არ ვთამაშობდი ასეთ დონეზე რეალურ მატჩებში?..

მე ვუთხარი: „არ ვიცი მწვრთნელო.. თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ..“

მან მიპასუხა: „არ ინერვიულო ამ ყველაფერზე. როდესაც ოფიციალური მატჩი გვექნება, უბრალოდ იმ მოტივით ითამაშე, რომ ერთობი და ნახავ როგორ გაგიადვილდება ყველაფერი..“

ამის შემდეგ, მამაჩემს ვესაუბრე და ვთხოვე, რომ ჩემს მიმართ ზეწოლა შეეწყვიტა. როცა გმირი გიბიძგებს, ხანდახან ეს ზედმეტია.. მადლობა ღმერთს, მამაჩემმა ყველაფერი სწორად გაიგო და იმ დღიდან უამრავი რამ შეიცვალა..

როცა ვთამაშობდი, ჩემს თავს ვეუბნებოდი: „გაერთე, იყავი მშვიდი, ითამაშე ისე, როგორც შენ იცი..“

განვითარება დავიწყე, მაგრამ ჩემი მოგზაურობა მაინც არ ჰგავდა სუპერვარსკვლავის მოგზაურობას.. 12 წლის ასაკში საცდელ ვარჯიშებზე „ბოტაფოგოში“ და „ფლუმინენსეში“ დამიბარეს, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე და სახლში გამომიშვეს.

ამის გამო ხშირად მინდოდა ფეხბურთისთვის თავის დანებება, მაგრამ მადლობა ღმერთს, ასეთ დროს დედა სულ კაფუს ამბავს მახსენებდა და მიყვებოდა, რომ ისიც არცერთ კლუბს არ უნდოდა. შემდეგ კი მან ყველაფერი მოიგო..

გახსოვთ? მას უნდოდა, რომ ცურვაზე მევლო, მაგრამ დროთა განმავლობაში დედა ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი გახდა..

13 წლის ასაკში საყრდენ ნახევარმცველად დავიწყე თამაში. ეს ჩემი მწვრთნელის მარიო ხორხეს დამსახურებაა, რომელმაც „აუდაქს რიოში“ ყველანაირი საცდელი ვარჯიშების გარეშე მიმიყვანა.(ხანდახან ცხოვრებაში ანგელოზები შემოდიან და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო).

15 წლის ასაკში საშუალება მომეცა „აუდაქს სან პაულუში“ გადავსულიყავი. ეს უზარმაზარი შესაძლებლობა იყო, მაგრამ უარყოფითი მხარეც ჰქონდა. ოჯახის დატოვება მომიწია.. მარტოს უნდა მეცხოვრა.. ეს არასდროს დამავიწყდება.. მამაჩემის ტაქსით სან პაულუში 5 საათი მივდიოდით. მათ ერთადერთი შვილი უცხო ქალაქში დატოვეს სხვა ბავშვებთან ერთად. იქ არავის ვიცნობდი. ოთახში 18 ორ სართულიანი საწოლი იდგა..

პირველ ღამეს ვიტირე.. შემდეგ ყოველ ღამე ვტიროდი..

ბევრი ვტიროდით.. ღამე, როდესაც შუქს აქრობდნენ, შეგეძლოთ გაგეგოთ პატარა ბავშვების ტირილის ხმა, რომლებიც სახით კედლისკენ იყვნენ მიტრიალებული.. ასეთ ასაკში გენატრება, სახლი, ძაღლი, ოჯახის წევრები.. თანაც იმის ფონზე, რომ იქ კარგი საცხოვრებელი პირობები არ იყო..

სიკვდილამდე არ დამავიწყდება ერთი ისტორია.. სან პაულუში წასვლისას ჩემმა მშობლებმა იაფფასიანი მობილური მაჩუქეს, რომელსაც ბალიშის ქვეშ ვინახავდი. ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ, სულ ვამოწმებდი ვინმეს, თუ ჰქონდა დარეკილი. ერთ-ერთი ასეთი მომენტი იყო..

ბალიშის ქვეშ ხელი შევყავი, მაგრამ ტელეფონის ნაცვლად რაღაც სხვა დამხვდა.. ბეწვიანი.. ჯანდაბა, შემდეგ კუდი ვიგრძენი..

ვერ წარმოიდგენთ რამხელაზე ვიყვირე..

ის მსუქანი ვირთხა ისე მიყურებდა, თითქოს მე ვიწექი მის საწოლში..

იცით რამხელა იყო? გეგონებოდა ცილოვან კოქტეილებს სვამდა..

ლოგინიდან ისე სწრაფად წამოვხტი, რომ თავი ფიცარს მივარტყი. ვირთხამ ოთახში დაიწყო სირბილი. რამდენიმე ბავშვი სკამზე შეხტა, ხოლო მამაცები მის დაჭერას ცდილობდნენ..

ვირთხა კარადაში შეძვრა. გამორიცხული იყო, იქ ვერ დავიძინებდი..

ყველა გაჩუმდა. სრული სიჩუმე იყო და ამ დროს ფეხის ხმა გავიგეთ.. ვინ შემოდის ოთახში?..

კიდევ ორი ვირთხა!!

ყველამ იყვირა..

ისინი ისე დადიოდნენ, თითქოს მათი სახლი ყოფილიყოს.. არც კი ეშინოდათ..

მახსოვს იმ ღამეს მეგონა, რომ ჯოჯოხეთში ვიყავი.. ერთი კვირა ბალიშზე თავს წესიერად ვერ ვდებდი..

ბევრი რამ მიჭირდა. არ მოგატყუებთ და გეტყვით, რომ რამდენჯერმე ბარგიც კი ჩავალაგე და დედას ავტობუსის ფულის ჩარიცხვა ვთხოვე..

ის კი მპასუხობდა: „დარჩი სადაც ხარ, მალე სულ ერთად ვიქნებით. ეს შენი ოცნებაა, ეს არის ის, რაც შენ გინდა..

ჩემი მშობლები შაბათ-კვირას ძლივს ჩამოდიოდნენ ჩემს სანახავად. მამას ძალიან უჭირდა თავისუფალი დღის პოვნა. აკადემიაში 3 წელი ვიბრძოდი. 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ არ მქონდა პროფესიონალური კონტრაქტი.. სიგიჟეა ამაზე ფიქრი..

ვინისიუსი და ენდრიკი.. ისინი 16-17 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავები იყვნენ.. მე კი სარეზერვო გეგმას ვაწყობდი, რომ მამაჩემივით ტაქსის მძღოლი გავმხდარიყავი. მშობლებისთვის იმედის გაცრუება არ მინდოდა და მოვატყუე, რომ მალე კონტრაქტს გამიფორმებდნენ.. არადა უკვე ტაქსის მძღოლობაზე ვფიქრობდი..

მერე.... ჰო, ვერც ავხსნი რა მოხდა შემდეგ.. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი თითქმის ღამით მოხდა..

ჩემს ცხოვრებაში დიდებული ფერნანდო დინიცი შემოვიდა. ის იმ დროს გამოჩნდა, როდესაც წინასასეზონო მომზადებას გავდიოდით და მითხრა: „ბრუნო, რაც არ უნდა აირჩიო ცხოვრებაში, გახსოვდეს, რომ საუკეთესო ხარ. გადაწყვეტილი გაქვს ბევრი რამ და კონცენტრირებული ხარ..“

ხო ვინც არ იცით.. ფერნანდო დინიცი „აუდაქსის“ მენეჯერი იყო..

იმ დროს კონტრაქტიც კი არ მქონდა და ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. რაც არ უნდა ავირჩიო? ფეხბურთს გულისხმობს? იქნებ საუკეთესო ტაქსის მძღოლი ვიყო..?

შემდეგ მან თქვა: „შენ დიდი მოთამაშის სული გაქვს“..

სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ხუმრობდა და ამ ყველაფერს სერიოზულად არ ამბობდა..

შემდეგ სეზონში დავამტკიცე, რომ მართალი ვიყავი. დინიცმა პირველ გუნდთან ერთად არ წამიყვანა. იმ მომენტში დინიცი შემზიზღდა. ჩავთვალე, რომ ყველაფერი მომატყუა..

საბოლოოდ, როცა 19 წლის გავხდი, დინიცმა ჩემი ოცნება მაჩუქა. დამირეკა და პაულისტას ჩემპიონატში თამაში შემომთავაზა. უკან აღარასდროს მომიხედავს.. ეს გიჟური ატრაქციონის დასაწყისი იყო.. უკვე ტაქსის ლიცენზიის აღებას ვაპირებდი და „ატლეტიკო პარანაენსეში“ იჯარის წესით გადავედი. შემდეგ გამომისყიდეს და სუდამერიკანა მოვიგე..

შემდეგ იყო „ლიონი“, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი.. შემდეგ ჩემი ცხოვრების მთავარი ოცნება ასრულდა და პრემიერ ლიგაში დავიწყე თამაში. მე „ნიუკასლში“ გადავედი..

მე არ შემიძლია ამის ახსნა, გარდა იმისა, რომ ვთქვა: "39"..

ამ რიცხვში ნამდვილად არის მაგია და ამას აუცილებლად დაგიმტკიცებთ..

როცა „ატლეტიკო პარანაენსეში“ გამანათხოვრეს, მამას ვესაუბრებოდი და განვიხილავდით რა ნომრით უნდა მეთამაშა. მე 97 მსურდა, რადგან 1997 წელს დავიბადე..

და მან თქვა: „რას ფიქრობ 39-ზე? ეს რიცხვზე მეტია!! 039-მა ყველაფერი მოგვცა, რაც გვაქვს ბრუნო. ჩვენი სახლი, ჩვენი საკვები, ჩვენი ავეჯი, შენი ფეხბურთის ბუცები. ეს ყველაფერი ჩვენი ტაქსის საშუალებით მოხდა..“

დავეთანხმე და დავპირდი, რომ 39-ს ავიღებდი..

როდესაც გასახდელში შევედი, ჩემი ეკიპირება უკვე სკამზე იდო. ვისაც მაისურების მოტანა ეხებოდა იმას ვკითხე, შეიძლებოდა, თუ არა, რომ სპეციალური ნომერი შემეკვეთა.

მან მიპასუხა: „იცი, მათ უკვე მოგცეს შენ მაისური ნომრით..“

ჩანთა გავხსენი და მაისური ამოვიღე..

გეფიცებით მაისურზე 39 ნომერი ეწერა..

იმ კაცმა მითხრა, რომ თუ არ მომწონდა შეცვლა შემეძლო..

არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი თავისით მოხდა და ვკითხე: „ჩემს აგენტს ესაუბრე“?

მან მიპასუხა: „არა, არავისთან მისაუბრია. ეს უფასო ნომერია, მაგრამ თუ გსურს შემიძლია შევცვალო..“

მე: „არა, არა ეს საუკეთესოა!“

მაშინვე მამას დავურეკე და ვკითხე: „კლუბში ვინმეს ესაუბრე? ვინმეს უთხარი, რომ 39 ნომერი მინდოდა?“

მამა: „არა, რაზე საუბრობ არ მესმის?..“

მოვუყევი რაშიც იყო საქმე..

მან უცებ ტირილი დაიწყო.. მეც ავტირდი..

მე ვუთხარი: „ეს არის ნიშანი, რომ აუცილებლად გავიბრწყინებ!!“

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი პერიოდის დასაწყისი. პერიოდი, რომელიც დღემდე გრძელდება.. როცა ვირთხებთან ერთად ვიძინებდი, საკუთარი თავის ნამდვილად არ მჯეროდა.. ამას არც ველოდი. არ მეგონა, რომ „ატლეტიკოს“ გულშემატკივრები ჩემს სახელს იმღერებდნენ, როგორც ერთ-ერთი ლეგენდის. არ მეგონა, რომ დამირეკავდა დიდებული ჟუნინიო და „ლიონში“ გადასვლას მთხოვდა. არ მეგონა, რომ მუნდიალზე ყვითელ მაისურს ჩავიცვამდი..

სასაცილოა, მაგრამ როცა „ნიუკასლში: გადასვლის შესაძლებლობა მომეცა, მახსოვს, ბევრი ადამიანი მეუბნებოდა: „გიჟი ხარ. ეს შეიძლება შენთვის კატასტროფა იყოს. შეიძლება „ნიუკასლი“ პრემიერ ლიგიდან გავარდეს და შენ ვერასდროს მოხვდები მსოფლიო ჩემპიონატზე.“

იმ დროისთვის, „ნიუკასლი“ ცხრილში ბოლოდან მესამე ადგილზე იყო და ყველამ კარგად იცოდა, თუ როგორ უჭირდათ, მაგრამ ბავშვობიდან ჩემი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაში იყო..

ამიტომ, აქ გადმოსვლა ვარჩიე. გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ ამ გამოცდილებას არასდროს ველოდი..

როდესაც აქ გადმოვედი მოგება დავიწყეთ. ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებდით, მაგრამ თითქოს მე-18 ადგილს მივეწებეთ..

შემდეგ დადგა მატჩი, რომელშიც „ნიუკასლი“ ყველაზე მეტად შემიყვარდა. სახლში „ლესტერს“ ვხვდებოდით და მე ორი გოლი გავიტანე. არასდროს მიგრძვნია ის მომენტი, რომ გულშემატკივრებს შეიძლება ცეცხლი წაეკიდოთ. იმ დღეს, სწორედ ეს ვიგრძენი!!

მაისური გავიხადე და გულშემატკივრების ღრიალს ვუსმენდი. მაშინ გავიაზრე, რომ ნამდვილად პრემიერ ლიგაში ვთამაშობდი..

ეს იყო ატმოსფერო, რომელიც აქამდე არასდროს მინახავს, თუნდაც ბრაზილიაში.. მახსოვს, მსაჯის სასტვენის შემდეგ მოედანზე ლოცვა დავიწყე და ღმერთს მადლობას ვუხდიდი, რომ აქ მომიყვანა..

იმ თამაშის შემდეგ, ყველამ ვიცოდით, რომ პრემიერ ლიგიდან აღარ გავვარდებოდით. ის სეზონი მე-11 ადგილზე დავასრულეთ..

იმედი მაქვს, რომ აქ ლეგენდა გავხდები.. „ნიუკასლი“ ევროპულ ფეხბურთს დაუბრუნდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ეს კიდევ ერთი ახდენილი ოცნებაა..

ამ მომენტამდე ნამდვილად "შორი გზა" გავიარე, მაგრამ ვფიქრობ, რომ შესაძლოა ამას უფრო ყველა წარუმატებლობის გამო ვაფასებ. როცა ვხედავ ამ პატარა ბიჭებსა და გოგოებს „ნიუკასლის“ ირგვლივ თავიანთი 39-ნომრიანი მაისურით, ჩემსავით თეთრად შეღებილი თმებით, უბრალოდ ძალიან მიყვარს. ეს მაგონებს იმ მომენტს, როცა ბურგერის პარკით ვასკოს მოთამაშეებს ავტოგრაფს ვთხოვდი..

ამ ბოლო დროს ბევრ სახალისო სიტუაციაში მოვყევი. ქუჩაში დედები მაჩერებენ და თმის ფერის შეცვლას მთხოვენ, რადგან მათ შვილებს ჩემთვის მობაძვა სურთ..

ეს ყველაფერი 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მაგონებს, როცა დედაჩემს ვთხოვდი თმები რონალდოსავით შემეჭრა..

ახლა როცა გავიზარდე, ვიაზრებ, რომ ფეხბურთელები ღმერთები არ არიან. ჩვენც უბრალო ადამიანები ვართ და ყველა სხვა ადამიანივით ვნერვიულობთ, გვიხარია და გვწყინს..

მაგრამ ჩემთვის ფეხბურთი მაინც ჯადოსნური თამაშია.. დედაჩემი მოტოციკლის მაღაზიაში მუშაობდა და რამდენს წვალობდა, რომ ჩემს თამაშებს დასწრებოდა.. ახლა კი ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია..

მამაჩემი მთელი დღე და ღამე ყვითელ ტაქსის ატარებდა, რომ მე ლორიანი სენდვიჩი მეჭამა. ახლა კი ის, როცა „ნიუკასლის“ ქუჩებში გადაადგილდება, ხალხი მას აჩერებს და სურათების გადაღებას სთხოვს..

აქ ის ცნობილია, როგორც ლეგენდარული 039!

ნამდვილი 39“ - მე ბრუნო გიმარაეში ვარ

გაზიარება: