„შენს რიგს დაელოდე“ | მერაბ დვალიშვილმა ჩიტო ვერას უპასუხა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა მარლონ „ჩიტო“ ვერას უპასუხა. „მანქანამ“ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და ეკვადორელ მებრძოლს მოუწოდა, თავის რიგს დაელოდოს.
UFC 293-ის მიმდინარეობისას, სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა შონ ომალის რემატჩი უცნაური გზით შესთავაზა. როცა „ალჯო“ კამერების ყურადღების ცენტრში მოექცა, საკუთარი მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლის ეკრანზეც ეწერა: „რემატჩი შუგა?“
ომალიმ სტერლინგს მისსავე სტილში უპასუხა. „შუგას“ ხელში საკუთარი ტელეფონი უჭირავს, რომლის ეკრანზეც წერია: „არა“. სტერლინგისა და ომალის შემდეგ, მსგავსი ფოტო „ჩიტო“ ვერამ გაავრცელა: „შემდეგი მე ვარ“, მერაბმა კი მას ასე უპასუხა: „შენს რიგს დაელოდე #6“.
— Merab “The Machine” Dvalishvili (@MerabDvalishvil) September 11, 2023
შეგახსენებთ, რომ ომალის კარიერაში ერთი მარცხი აქვს და 2020 წლის 16 აგვისტოს მარლონ ვერასთან დამარცხდა. ბრძოლის მიმდინარეობისას ომალიმ ფეხი იტკინა და ოქტაგონზე აღმოჩნდა, რითაც ვერამ კარგად ისარგებლა. ამასთან, ქომაგთა ნაწილს მიაჩნია, რომ მსაჯმა ჩხუბი ნაადრევად გააჩერა და „შუგა“ სწორედ ამიტომ თვლის, რომ რემატჩი საინტერესო იქნება.