GAUMARJOS! | EJU ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას გამოეხმაურა
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ნიდერლანდებში გამართული ტურნირის შერეულ ჩათვლაში ოქროს მედალი დაისაკუთრა. ევროპის ძიუდოს კავშირს, EJU-ს ქართველთა წარმატება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათ ტრიუმფს სტატია მიუძღვნა.
GAUMARJOS! ისტორიული გამარჯვება ახალგაზრდა ქართველებისთვის
„დიდი მომენტი. ფინალური ბლოკების ფინალური ბლოკი. ევროპის ძიუდოს ჩემპიონატის შერეული ჩათვლა. გადამწყვეტ შეხვედრაში, მასპინძელი ნიდერლანდები საქართველოს დაუპირისპირდა. ქართველები ფინალში პირველად იყვნენ და მასპინძლების მსგავსად, ოქროს მედლის მოპოვება მათაც ძალიან უნდოდათ.
ფინალი შალვა გურეშიძისა და სილვან ბულტუისის დაპირისპირებით გაიხსნა. 2022 და 2023 წლების ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატების ტრიუმფატორი გურეშიძე მაგიურ მომენტს დაელოდა, რათა საფირმო ურა ნაგე განეხორციელებინა და იპონით მოეგო. ჯული ბეურსკენსმა -57 კილოგრამი წონითი კატეგორიის ინდივიდუალურ ჩათვლაში კარგად ვერ იასპარეზა, მაგრამ გუნდურ ჩათვლაში შესანიშნავი იყო და ანგარიში გაათანაბრა.
გიორგი ტერაშვილი -73 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფავორიტი გახლდათ და წარმატებული გამოსვლა გუნდურ ჩათვლაშიც განაგრძო. მან მეტოქე იპონით დაამარცხა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა. ეთერ ასკილაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში შესანიშნავი გამოსვლა აჩვენა და ბრინჯაოს მედლის დასაკუთრებაში დიდი წვლილი შეიტანა. მისი მეტოქე ნადია სვინკელსი იყო და ქართველი ვაზარით მალევე დაწინაურდა, 30 წუთის შემდეგ კი ნიდერლანდელს მოუწია, ოუჩი გარისა და მარცხს შეგუებოდა.
საქართველოს ერთი მოგებაღა სჭირდებოდა და თამაზ კობერიძე ლარს ვან ოსტრუმს დაუპირისპირდა, რომელიც -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოქმედი ჩემპიონი გახლავთ. კობერიძემ „ხაბარელის“ ფინიშით იმარჯვა და საქართველოს ისტორიული გამარჯვება მოუტანა“, - წერს EJU.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები თენგო ზირაქაშვილი, გიორგი ტერაშვილი და შალვა გურეშიძე გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ლუკა ბაბუცაძე დასჯერდა. ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირი პირველ ადგილზე დაასრულა.