ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელები: „საქართველო კარგი გუნდია, ფრთხილად უნდა ვიყო“
ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელებმა, ფრედრიკ აურსნესმა და სტეფან სტრანბერგმა საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრეს. მათ თანაგუნდელებს მოუწოდეს, „ჯვაროსნების“ წინააღმდეგ სიფრთხილე გამოიჩინონ და მეტოქე სათანადოდ დააფასონ.
„უმეტეს წილად, კარგი არაა, როცა ხვდები გუნდებს, რომლებმაც ბოლო შეხვედრაში დიდი მარცხი იწვნიეს. მათი სიამაყე შელახულია და მაქსიმალურად ეცდებიან, ვითარება გამოასწორონ, მაგრამ ჩვენი მიზანია, მოედანზე გავიდეთ, მატჩი გავაკონტროლოთ და მინდორზე საუკეთესოები ვიყოთ.
ესპანეთთან შეხვედრაში, საქართველომ ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა, რაც ამ დონეზე, თანაც ერთ მატჩში, იშვიათად ხდება. მათი შემადგენლობა შედარებით შემტევი იყო და 4 მცველით იასპარეზეს, ჩვენ წინააღმდეგ კი 5 უკანახაზელი ჰყავდათ. ესპანეთმა საკუთარი შანსები კარგად გამოიყენა და მატჩი ქართველებისთვის საშინელი შედეგით დასრულდა, მაგრამ საქართველო ისეთი ცუდი გუნდი არაა, როგორიც ფურია როხასთან გამოჩნდა. საქართველო კარგი ნაკრებია, რომელსაც რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. მათ შორისაა ოქროს ბურთის ჯილდოს კანდიდატი, ხვიჩა კვარაცხელია და აიაქსის თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე“, - განაცხადა სტრანბერგმა.
„ჯგუფი ისე დავიწყეთ, ყველაფერი გავირთულეთ, მაგრამ საქართველოსთან მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება. საქართველოში გამართული შეხვედრა რთული იყო, მაგრამ ვფიქრობ, უნდა მოგვეგო. 3 ქულა ვერ ავიღეთ და ახლა უნდა გავიმარჯვოთ“, - დასძინა აურსნესმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ნორვეგიის ნაკრებების დაპირისპირება ოსლოში 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.