ნოვაკ ჯოკოვიჩი, დანილ მედვედევი
Aa
Aa

24, მამბა სამუდამოდ და რეკორდები | ჯოკოვიჩმა US Open მოიგო

36 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი ისტორიის წერას განაგრძობს. სერბმა ჩოგბურთელმა US Open მოიგო და დიდი სლემის ტურნირებზე 24-ე ტიტული დაისაკუთრა. „ნოლე“ ფინალურ შეხვედრაში დანიილ მედვედევს დაუპირისპირდა და 3 სეტში იმარჯვა 6:3, 7:6 (5), 6:3.

ჯოკოვიჩმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და დიდი სლემის ტურნირებზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით, რაფაელ ნადალს ორით გაუსწრო - 24. ნოვაკმა US Open მეოთხედ მოიგო და კაცთა თანრიგში, მეექვსე ჩოგბურთელი გახდა, რომელსაც ამ ტურნირზე წარმატებისთვის მინიმუმ ოთხჯერ მიუღწევია. „ნოლე“ ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია (36 წლის), რომელმაც US Open მოიგო. აქამდე საუკეთესო შედეგი კენ როუზუოლს ეკუთვნოდა, რომელმაც რეკორდი 1970 წელს დაამყარა. ამასთან, ერთი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯოკოვიჩმა დიდი სლემის 3 ტურნირი მეოთხედ მოიგო და კაცთა შორის, პირველია, ვინც ეს შედეგი დააფიქსირა (2011, 2015, 2021).

„ნოლემ“ საკუთარი გამარჯვება 2020 წელს, ტრაგიკულად გარდაცვლილ კალათბურთელს, კობი ბრაიანტს მიუძღვნა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სერბმა ჩოგბურთელმა მაისური მოირგო, რომლის წინა მხარეს, მისი და კობის ფოტო იყო გამოსახული წარწერით: „მამბა სამუდამოდ“, უკან კი რიცხვი 24 ეწერა. კობი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში, სწორედ 24 ნომრით თამაშობდა, ჯოკოვიჩმა კი დიდი სლემის 24-ე ტურნირი მოიგო და ამ რიცხვს ორმაგი დატვირთვა ჰქონდა.

„დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავწყვიტე, რომ თუ US Open-ს მოვიგებდი, ასეთ მაისურს ჩავიცვამდი, თუმცა ამის შესახებ ბოლო დღემდე არავისთვის მითქვამს. კობი ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი იყო და მასთან საჩემპიონო ხასიათზე ბევრჯერ მისაუბრია. როცა ტრავმები მქონდა და უმაღლეს დონეზე დაბრუნებას ვცდილობდი, ბრაიანტი ერთ-ერთი იყო, ვისიც ყველაზე მეტად მეიმედებოდა. ის დასახმარებლად, რჩევის მოსაცემად და მეგობრული მხარდაჭერის გამოსაჩენად ყოველთვის მზად იყო. მისი გარდაცვალება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. კობი 24-ნომრიანი მაისურით თამაშობდა და ჩავთვალე, რომ მის მიმართ პატივისცემის გამოხატვა სიმბოლური ჟესტი იქნებოდა.

ჩოგბურთის ისტორიის წერა გამორჩეული და განსაკუთრებული შეგრძნებაა, რომლის სიტყვებით აღწერა ურთულესია. 7-8 წლის ასაკში, მინდოდა, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი გავმხდარიყავი და უიმბლდონი მომეგო, ეს ერთადერთი იყო, რაც მინდოდა. როცა უიმბლდონი მოვიგე, ახალი მიზნები დავისახე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ ვიდგებოდი და დიდი სლემის ტურნირების 24 ტიტულზე ვილაპარაკებდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს რეალობა იქნებოდა, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ვიგრძენი, რომ ისტორიაში შესვლა შემეძლო“, - განაცხადა „ნოლემ“.

აქვე გეტყვით ჯოკოვიჩის კიდევ ერთ მიღწევაზე, რომელიც მის გენიალურობას ასახავს. 30 წლის შესრულების შემდეგ, ნოვაკმა დიდი სლემის 12 ტიტული მოიგო...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს
ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრებიდან გაათავისუფლეს