უელსის მორაგბეთა ნაკრები, რაგბის მსოფლიო თასი, ფიჯის მორაგბეთა ნაკრები
Aa
Aa

დიდი ბრძოლა საქართველოს ჯგუფში - უელსმა ფიჯის 6 ქულით მოუგო

საფრანგეთში მიმდინარე მორაგბეთა მსოფლიო თასზე C ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც თამაშობს, ერთმანეთს უელსისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

იმის მიუხედავად, რომ შეხვედრაში ფავორიტებად ბრიტანელები მოიაზრებოდნენ, ფიჯელმა მორაგბეებმა მეტოქეს საკმაოდ დიდი და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა ბოლო წუთზე მცირე უიღბლობა, დიდი შანსი იყო, რომ შეხვედრა გამარჯვებითაც დაესრულებინათ.

მატჩი უელსის ნაკრების უპირატესობით დაიწყო და მე-2 წუთზე საჯარიმო დარტყმით ანგარიშიც გახსნეს, რასაც ზუსტად 5 წუთში ფიჯის ნახევარზე გატანილი ლელოც მოჰყვა. მძიმე სტარტის მიუხედავად, ფიჯელებმა სწრაფად შეძლეს ძალების მობილიზება და უკვე მე-18 წუთზე დაწინაურებაც შეძლეს. მე-14 და მე-18 წუთებზე ფიჯიმ მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თავი კი ვაისეა ნაიაკალევუმ და ლეკიმა ტაგიტაგივალუმ გამოიჩინეს, რასაც ორივე შემთხვევაში ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა.

ერთი შეხედვით, ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვების მიუხედავად, ფიჯელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. 25-ე წუთზე ბიგარმა ჯერ ჯარიმა შეასრულა, შემდეგ კი ნორსმა ფიჯის ნახევარზე მეორე ლელო დადო და უელსი შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა - 18:14.

მეორე ნახევარი პირველი ტაიმის მსგავსად უელსელთა კარნახით დაიწყო და მალევე, უპირატესობა ქულებში გადაიზარდა. 49-ე წუთზე რის-ზამიტმა ფიჯის ნახევარზე მესამე ლელო დადო, რასაც დიგარის მიერ ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა, რამდენიმე წუთში კი ელიოტ დიმ თავისი გუნდის სასარგებლოდ მე-4 ლელო გაიტანა და ფაქტობრივად, მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

თითქოს და გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილმა ფიჯიმ მატჩში დაბრუნება მაინც შეძლო. კუნძულელებმა თამაშის დასრულებამდე ათიოდე წუთით ადრე ორი ლელოს დადება შეძლეს. თავი ჯერ ჯოშუა ტუისოვამ, შემდეგ კი მესაკე დოგემ გამოიჩინა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა - 32:26.

საგულისხმოა, რომ შეხვედრის მიწურულს ფიჯის ლელოს დადების კარგი შანსი ჰქონდა და თამაშის მოგებაც შეეძლო, თუმცა, გადამწყვეტი შეტევის დროს, მარცხენა ფლანგზე მარტო დარჩენილმა რადრადამ ბურთის შემაგრება ბოლო მომენტში ვერ შეძლო და წინ გადაუვარდა, რის გამოც საბოლოოდ ფიჯის ნაკრები 6 ქულის სხვაობით დამარცხდა. შედეგად, უელსმა ბონუს ქულით მოიგო, ფიჯიმ კი 4 ლელოს დადებისა და 6 ქულით მარცხის გამო 2 ქულა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არავინ დანებდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასე თამაშებს ვერ მოვიგებთ“ - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან მატჩზე
„არავინ დანებდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ასე თამაშებს ვერ მოვიგებთ“ - ბორჯღალოსნები ავსტრალიასთან მატჩზე