„პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა“ - შოთა არველაძე
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი და ლეგენდარული ფეხბურთელი, შოთა არველაძე სოციალურ ქსელში ესპანეთთან საქართველოს ნაკრების მარცხს (1:7) ეხმაურება.
ვეტერანი შემტევი ამ წაგების დროს, გულშემატკივრების როლზე საუბრობს და ამბობს, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ქომაგებისგან გულწრფელი მხარდაჭერა მიიღეს.
რას წერს არველაძე:
მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციაც საკმარისია, ჩვენი ნაკრების მძიმე მარცხის შემდეგ, იმისთვის, რომ იმედი და თავდაჯერება არ დავკარგოთ. დინამო არენაზე მწარე და მტკივნეულ წაგებასთან ერთად, პირველად ვნახე ამ რაოდენობის გულშემატკივრის გულწრფელი მხარდაჭერა, რომელიც თავის ტაშს და სიყვარულს არ აკავშირებს წაგებასთან ან ნებისმიერ სხვა შედეგთან. რომ ვიხსენებ, ამ კუთხით რა გამოგვივლია წლების მანძილზე, როგორ მოქმედებდა არარეალური მოლოდინები და განწყობები შედეგებზე, ვფიქრობ წარმოუდგენლად წინ წავედით. ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს და ყველაზე თვალშისაცემი იყო, როცა ფეხბურთელებმა მინდორი ტაშის ფონზე დატოვეს.
განსაკუთრებით ახალი თაობის გულშემატკივარი დაეწია ახალი თაობის წარმატებულ ფეხბურთელებს და სპორტსმენებს, ამიტომ წარმოუდგენელია ამ ემოციამ და ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს. ოჯახს და საყვარელ ნაკრებს არ ვირჩევთ. კი, ორივეზე გავბრაზებულვართ, იუმორიც ჩვენი საქმეა და მწარე სიტყვაც კარგად გვეხერხება, მაგრამ ამ ყველაფერმა მთავარი მიზანი არ უნდა დაგვავიწყოს. შედეგს არც ოსლოში ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ იმ დარტყმას, რაც მივიღეთ, ვერ დავივიწყებთ, თუ ხასიათს არ გამოვავლენთ. ჩვენთვის, გულშემატკივრისთვის მხოლოდ ამის დანახვაც საკმარისი იქნება.
P.S. ისე ვიქცევით სტადიონზე, დიდებიც და პატარებიც, მხოლოდ ამიტომ უნდა მოგვცენ ის სტატუსი, რაზეც ამდენს გვალოდინებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მომდევნო შეხვედრას 12 სექტემბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდის მეტოქე ნორვეგიის ნაკრები იქნება. მატჩი საქართველოს დროით 22:45 საათზე, ოსლოში გაიმართება.