„მან ისაუბროს, მე კი სახეში დარტყმით გავაჩუმებ“ - ვოლკიმ თოფურიასთან ბრძოლა დააანონსა
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ ამერიკულ მედიასთან თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ილია თოფურიასთან ბრძოლა იქნება.
ავსტრალიელმა მებრძოლმა ბრძოლის გამართვის სავარაუდო თარიღიც დაასახელა და აღნიშნა, რომ ჩხუბი შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში ჩაინიშნოს.
რა თქვა ვოლკანოვსკიმ:
მომდევნო მეტოქედ ილია თოფურია მინდა. მახაჩევთან რემატჩის შესაძლებლობა ყოველვთის მექნება და მინდა, ამ ბრძოლაში აქტიური ვიყო. მანამდე, ისლამი და ოლივეირა იჩხუბებენ, მე კი დაველოდები. იმედი მაქვს, თოფურიასთან მომავალი წლის დასაწყისში ვიბრძოლებ, ისლამის წინააღმდეგ კი არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ.
თოფურიასთან ბრძოლა წელს მინდოდა, მაგრამ კალენდარი მცირედით შემეცვალა. კარგი იქნებოდა, ორთაბრძოლა წლის ბოლოს გამართულიყო, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ეს შეუძლებელი იქნება.
სხვა ვარიანტებიც არსებობს და რიგში ბევრი მებრძოლი დგას, მაგრამ ახლა, ილიას გარდა კარზე არავინ აკაკუნებს. მე სწორედ ის მინდა.
აქამდე ბევრი ბიჭი ეცადა ჩემთვის ტიტულის წართმევას, მაგრამ ახლა შესაბამისი კანდიდატების ნაკლებობაა, ილია კი დაუმარცხებელია. მას როგორც ესპანეთში, ისე ევროპის მასშტაბით ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ბევრი საუბარი უყვარს... მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას... მიეცით საუბრის უფლება, გაიხაროს, მე კი სახეში მუშტს დავარტყამ და გავაჩუმებ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ბოლოს 24 ივნისს, ჯოშ ემეტს შეხვდა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ კი თავის ბოლო ბრძოლაში იაირ როდრიგესს 9 ივლისს, მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.