ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

დაბრუნება რამდენჯერმე სცადა - კაკაბაძე კვლავ ტრავმირებულია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე კვლავ ტრავმირებულია. CrystalSport-ის ცნობით, ფეხბურთელმა ვარჯიშის დაწყება რამდენჯერმე სცადა, თუმცა ყველა ცდაზე აქილევსის ქუსლმა შეაწუხა.

ამ ეტაპზე ოთარ კაკაბაძის დაბრუნების სავარაუდო დრო უცნობია. შესაძლოა, ორ კვირაში ან ერთ თვეში დაბრუნდეს, თუმცა შესაძლოა ეს პერიოდი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს. ექიმები მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღს ვერ ასახელებენ.

მიმდინარე სეზონში „კრაკოვიამ“ ექსტრაკლასაში 6 მატჩი ჩაატარა. კაკაბაძემ მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მინდორზე 36 წუთი გაატარა. 28 წლის მარჯვენა მცველს 11 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია.

შეგახსენებთ, ვილი სანიოლმა ოთარ კაკაბაძე სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის არ გამოიძახა. მიზეზი ფეხბურთელის ტრავმაა.

ასევე გეტყვით, რომ „კრაკოვია“ მიმდინარე სეზონში არ დამარცხებულა, 6-დან 2 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, პოლონეთის ჩემპიონატში „რაკუვთან“ და „რადომიაკ რადომთან“ ერთად მე-5 ადგილს იყოფს.

მსგავსი სიახლეები